Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კოჟორიძე: იყვნენ „ჩარეცხილები“, ახლა ვართ „ძირგამომთხრელები“


პრემიერ-მინისტრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიას „ისევ გვისმენენ“ ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი და საზიანო უწოდა, კახა კალაძემ კი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ აბსურდულია კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით, თითქოს ყველას უსმენდნენ. ამასთან, კალაძემ კითხვა დასვა: სად იყო „ეს შენ გეხება“ მაშინ, როცა მართლა ყველას უსმენდნენ? სად იყვნენ და რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში? - ამ კითხვას მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უპასუხეს და პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს მათი წარსულიც შეახსენეს.

სანამ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავდნენ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადების გამო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს მთავრობის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უკანონო მოსმენა-მიყურადების აკრძალვას შეეხებოდა, „კატასტროფის ტოლფასი“ და „ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტური მუშაობისთვის საფრთხის შემცველი“ უწოდა:

„მაშინ როცა იმავე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ ყველას გასაგონად თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავენ მრავალი ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას“.
ასეთი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ ასე ხელაღებით ამდენ ადამიანს, ამდენ ორგანიზაციას დააბრალო ანტისახელმწიფოებრივი, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული საქმიანობა, მართლაც, კატასტროფის ტოლფასია...
კახა კოჟორიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს კი კატასტროფის ტოლფასად „ქვეყნის ძირის გამომთხრელის“ წოდება მიაჩნია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდნენ და საკუთარი პრინციპებისთვის არ უღალატიათ:

„ადრე იყვნენ „ჩარეცხილები“, ახლა ვართ „ძირგამომთხრელები“ და ასეთი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ ასე ხელაღებით ამდენ ადამიანს, ამდენ ორგანიზაციას დააბრალო ანტისახელმწიფოებრივი, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული საქმიანობა, მართლაც, კატასტროფის ტოლფასია“.

პრემიერ-მინისტის შემდეგ უკვე ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის გამოხმაურებას: „რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა "ეს შენ გეხება", სად იყო ანალოგიური აქტივობა იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლების განმავლობაში ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიოჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასობრივი და მასშტაბური სახე ჰქონდაო“, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა უპასუხა. მან კახა კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ისიც შეახსენა, რომ მათ მიერ წარმოებული კამპანიების დაფინანსება მინისტრის ერთ ავტომობილზე ძვირი არ დამჯდარა:

„პირველი კამპანია დაიწყო რამდენიმე წლის წინ, რომელსაც ერქვა „ნუ გვისმენთ“ და ამ დროს ბატონ კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესსაც კი ახორციელებდა მათთან ერთად. შესაბამისად, მესმის კიდევაც რომ მას არ ახსოვს, რომ ასეთი აქტივობები მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორში და კამპანია „ეს შენ გეხებას“ სამი ტალღა იყო, როგორც მოგეხსენებათ, და სამი კამპანიის დაფინანსება არ დამჯდარა იმაზე მეტი, რაც იყო ახალი მინისტრის ახალი ავტომობილის ღირებულება“.
დღეს ჩვენ არ ვართ უზრუნველყოფილი ისეთი ეფექტური საშუალებებით, რომ ეფექტური კონტროლი განხორციელდეს კონკრეტულად ამ საკითზე და ამიტომ გვინდა სწორი რეგულაციების ჩამოყალიბება...
შალვა შავგულიძე

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში მოქალაქეთა ჯგუფმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და ფარული თვალთვალისა და მიყურადების ძალიან მაღალ კონტროლს დაქვემდებარებულ ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა. პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის მიერ მოწონებული და საერთაშორისო ექსპერტიზაგავლილი კანონპროექტი მოგვიანებით თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და უწყებათაშორის კომისიას, მთავრობის მითითებით, კანონპროექტის გადასინჯვა დაევალა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძეცაა. ის კანონპროექტის განხილვის შეფერხების მიზეზებს ხსნის:

„დღეს ჩვენ არ ვართ უზრუნველყოფილი ისეთი ეფექტური საშუალებებით, რომ ეფექტური კონტროლი განხორციელდეს კონკრეტულად ამ საკითზე და ამიტომ გვინდა სწორი რეგულაციების ჩამოყალიბება“.

უკანონო მოსმენა-მიყურადების კანონპროექტის განხილვის დასაჩქარებლად პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ჯგუფი შექმნაო, ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმოჯდომარე ეკა ბესელია, რომლის კომიტეტმაც თავის დროზე კანონპროექტს დადებითი შეფასება მისცა. მისი თქმით, სახეცვლილი პროექტის განხილვა მალე დაიწყება:

„სწორედ პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ძალიან სწრაფად შეიქმნას უკეთესი კანონი და ეს პარლამენტში უნდა იყოს მიღებული ორი ბალანსის დაცვით - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვით, ძალიან მაღალი სტანდარტების შესაბამისად“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ისინი, მიუხედავად მათი მისამართით გაკეთებული განცხადებებისა, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ, ვინაიდან ეს ქვეყნის დემოკრატიული პროცესისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG