Accessibility links

logo-print
ამ დღეებში ლარის კურსმა კვლავ 1,77 მაჩვენებელს მიაღწია. დღეის მდგომარეობით, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ლარი 6.7 პროცენტით არის გაუფასურებული. ეროვნული ვალუტის კურსმა შემცირება 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო, წლის ბოლოსთვის 1,78 ნიშნულს მიაღწია და შემდგომ კვლავ გამყარდა.

ლარის კურსის ცვლილებაზე არაერთმა ეკონომიკურმა ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისება ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ხარჯვის ძირითადი წილი ბოლო კვარტალებზე გადანაწილდა. კერძოდ, პირველ კვარტალში დაიხარჯა მთლიანი თანხის 11%, მეორე კვარტალში - 13,2%, მესამე კვარტალში - 24%, ხოლო მეოთხე კვარტალში - დარჩენილი 52,1%.

ლარის კურსზე, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა საბანკო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებლებმაც, რომლებიც ოქტომბერ-დეკემბერში მასშტაბური ზრდით ხასიათდებოდა. კერძოდ, თუ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის დაკრედიტების დონე 793 მლნ ლარით გაიზარდა, მარტო 2013 წლის მეოთხე კვარტალში ხსენებულმა ოდენობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, გაიზარდა ფულის მასა, ანუ მიმოქცევაში არსებული ლარის რაოდენობა.

2013 წლის მეოთხე კვარტალის ეფექტი ჯერ კიდევ თვალსაჩინოა 2014 წლის პირველ კვარტალში, თუმცა კურსი 1,72 -ზე თითქოს დასტაბილურდა და მისი უეცარი რამდენიმეპუნქტიანი ვარდნა აპრილის ბოლოს კვლავ შესამჩნევი და აღსანიშნავი აღმოჩნდა.

ზემოთ დასახელებული მიზეზები, დღეს არსებული ინფორმაციით, უკვე აღმოფხვრილია. მეტიც, პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს აღწევს, ექპორტ-იმპორტის ბალანსი კი გაუმჯობესებულია. ამიტომ, ეკონომიკური თეორიების თანახმად, ლარის კურსი შეიძლება გამყარებისკენ უფრო წავიდეს, ვიდრე პირიქით. ლარის დროებითი გაუფასურების ერთ-ერთი ახალი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ბაზარზე სახელფასო ანაზღაურების ზრდის მეშვეობით დამატებითი ფულის გამოჩენა - 2014 წლის პირველ კვარტალში საბიუჯეტო სახელფასო ფონდი 137 მილიონით, ანუ 11,6 პროცენტით, გაიზარდა. თუმცა ლარის კურსის შემდგომი ვარდნის ეკონომიკური წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ ჩანს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არც განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი არსებობს.

მაგრამ კვლავ ძალაში რჩება კვარტალური დისბალანსის საფრთხე - 2014 წლის პირველი კვარტალის საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, ისევე როგორც 2013 წლის, საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე დაიგეგმა. ამიტომ, შარშანდელის მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვის ტემპი, შესაძლებლობის ფარგლებში, კვარტალების მიხედვით მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს მთელი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG