Accessibility links

logo-print

ანტიდისკრიმინაციული კანონი დამტკიცებულია - საპატრიარქო მადლობას უხდის პრემიერს


115 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა უკავშირდებოდა. საუბარია საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და მის თანმდევ კანონებზე. საპატრიარქოს მიერ ასევე 2 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ის საჭიროდ თვლის ანტიდისკრიმინაციული კანონის მრავალმხრივ და ”სერიოზულ” შესწავლას. საპარტიარქოს განმარტებით, შესწავლის საჭიროება იმის გამო გაჩნდა, რომ ”მდგომარეობა შეიცვალა” და კანონის უარყოფითი მხარეები თვალსაჩინო აღარ არის. დასრულდა თუ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და რომელმა მხარემ დათმო?

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ცვლილებების შეტანის შემდეგ, ამ ეტაპზე მისთვის უკვე მისაღებია კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც მადლობას უხდის პრემიერს, რომელიც ”გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს”, საპატრიარქო ასევე აღნიშნავს, რომ მას ”ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება” არ ჰქონდა, ხოლო ასეთ სერიოზულ თემაზე ”ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის”. ამავე განცხადების თანახმად, ეკლესია სადავო აქცენტებს ზედაპირზე ვეღარ ხედავს და ამიტომ კანონპროექტის სიღრმისეულ განხილვას აპირებს:

”საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს”.
მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ ასე თუ ისე მოახერხა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ჩანაწერები, ცალკეული განცხადებები ისევ იწვევს კრიტიკას, მაგრამ, მთლიანობაში, ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ზღვარის დაცვა და შეაჩერა ეკლესიის მხრიდან შეღწევის მცდელობა...

ამ შინაარსის განცხადების გაკეთება ბევრისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ საპატრიარქო ამ ეტაპზე აღარ აპირებს აქტიური პროტესტის გამოხატვას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ხელუხლებლად დარჩა პირველი მუხლი, რასაც განსაკუთრებით აპროტესტებდნენ სასულიერო პირები 29 აპრილს პარლამენტში, ხმაურიან საკომიტეტო მოსმენაზე. საუბარია დისკრიმინაციის სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალზე, სადაც შედის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

ეკლესია მუდმივად ცდილობს, თავის, როგორც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური აქტორის, მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინოს, უთხრა რადიო თავისუფლებას ”ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ, რომლის აზრითაც, იგივე მოხდა ანტიდისტკრიმინაციულ კანონთან მიმართებითაც, მაგრამ სახელმწიფომ პოზიცია არ დათმო:

”მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ ასე თუ ისე მოახერხა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ჩანაწერები, ცალკეული განცხადებები ისევ იწვევს კრიტიკას, მაგრამ, მთლიანობაში, ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ზღვარის დაცვა და შეაჩერა ეკლესიის მხრიდან შეღწევის მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ხელისუფლებამ ეს ღიად მოახერხა. მისასალმებელი იყო პარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადება”.

განსაკუთრებით მოახლოებულ 17 მაისთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ...

თამთა მიქელაძის აზრით, პარლამენტმა ეკლესიის ზეწოლას აშკარად გაუძლო, მიუხედავად იმისა, რომ კანონის საბოლოო რედაქციაში, მაგალითად, სახალხო დამცველი არ აღიჭურვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო ბერკეტით, ხოლო პირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა” დასახელდა და ეს ჩანაწერი ბევრმა ხელისუფლების გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისად აღიქვა.

ასევე ბევრი ვარაუდობს, რომ, დამტკიცების კვალდაკვალ, ნელ-ნელა საქართველოში ჩაცხრება ვნებათაღელვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთ მთავარ ასპექტად მიჩნეული ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო. თუმცა, როგორც პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირისკენ სავალ გზაზე სერიოზული გამოწვევები სახელმწიფოს ჯერ ისევ წინა აქვს:

”განსაკუთრებით მოახლოებულ 17 მაისთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ და, ხშირ შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, ისინი რეალურად ახმოვანებენ და ფეხს უწყობენ გააქტიურებული პრორუსული ძალების პოზიციას, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა”.

კორნელი კაკაჩიას მსგავსად, სხვა არაერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მკვეთრად უნდა იყოს გამჯნული სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა.
XS
SM
MD
LG