Accessibility links

logo-print

სლავიანსკის იერიშის დროს ორი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა


სლავიანსკში დაკავებული სეპარატისტები

სლავიანსკში დაკავებული სეპარატისტები

კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკიდან, სადაც უკრაინის სამხედრო ძალები ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებენ სეპარატისტული დაჯგუფებებისაგან ადმინისტრაციული შენობების გასაწმენდად და ეუთოს დაპატიმრებული სამხედრო დამკვირვებლების გასათავისუფლებლად.

სლავიანსკში მოქმედი სეპარატისტები იუწყებიან, რომ მათ შეძლეს უკრაინის სამხედრო ძალების თავდაპირველი შტურმის მოგერიება და სამი შვეულმფრენი გაანადგურეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი მხოლოდ ორი შვეულმფრენისა და ორი მფრინავის დაკარგვას ადასტურებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ეროვნულმა გვარდიამ წარმატებით განდევნა სეპარატისტები ქალაქ სლავიანსკის შესასვლელთან აღმართული ბლოკსაგუშაგოებიდან და აღადგინა კონტროლი ტელევიზიაზე. ავაკოვისავე ცნობით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სლავიანსკში მოქმედმა სეპარატისტულმა ძალებმა სერიოზული ზარალი განიცადეს. დანაკარგის შესახებ ინფორმაცია სლავიანსკის თვითგამოცხადებული მერის პრესმდივანმა სტელ ახოროშევამაც დაადასტურა:

„ყოველ წუთში იზრდება ჩვენი მხრიდან დაჭრილებისა და დახოცილების რაოდენობა. არის ცნობები, რომ ერთ-ერთი დაჭრილი თავად მოწინააღმდეგემ მიატოვა და ჩვენ ვეხმარებით მას. ირგვლივ ისმის კანონადის ხმა, დაფრინავდნენ და დაფრინავენ შვეულმფრენები და სროლის ხმა ისმის ჩვენი რაიონის მახლობლად“.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სეპარატისტები სლოვიანსკში მძიმე არტილერიას და ყუმბარმტყორცნებსაც იყენებენ უკრაინის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლებმაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ქალაქი ალყაში მოაქციეს და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ლიკვიდაციისათვის ემზადებიან. ქალაქში არ მუშაობს ტრანსპორტი, კვებისა და სავაჭრო ცენტრები. სეპარატისტების მხრიდან შურისძიების მოლოდინში, ქალაქ სლავიანსკს ტოვებს უკრაინელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსახლეობა.

„პატრიოტი უკრაინელები გავიდნენ ქალაქ სლავიანსკიდან და სლავიანსკის რაიონიდან, რადგან ოჯახების გამო შიშობენ“,- განუცხადა ჩვენს რადიოს სლავიანსკის ერთ-ერთმა მოქალაქემ, ანონიმურობის დაცვით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისს „სადამსჯელო“ უწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას და მას „კატასტროფით“ დასრულება უწინასწარმეტყველა. რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ „უკრაინაში დესტრუქციული პოლიტიკის გამო“ ევროკავშირი დაადანაშაულა, ევროკავშირმა კი რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა ჟენევის მოლაპარაკების დროს ნაკისრი ვალდებულება:

„ჩვენ, პირველ ყოვლისა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ მიუღებელია ის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. მოვითხოვთ სიმშვიდეს და დაძაბულობის შენელებას და მოველით, რომ ამის მიღწევაში ჩვენი რუსი კოლეგებიც რაც შეიძლება მალე დაგვეხმარებიან“, განაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, ბერნში, სადაც უკრაინის კრიზისზე გერმანიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

გერმანია განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა მან ხელი შეუწყოს ეუთოს სამხედრო ექსპერტების განთავისუფლებას, რომლებიც პრომოსკოვურად განწყობილ მეამბოხეებს ჰყავთ შეპყრობილი. სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი შვიდიდან ოთხი დამკვირვებელი გერმანიის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG