Accessibility links

logo-print
მძღოლების მასშტაბური გაფიცვის გამო, მეორე დღეა, პარალიზებულია რუსთავის სატრანსპორტო სისტემა. გაფიცვაში აქტიურად მონაწილეობენ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების მძღოლები, რომლებიც უარს აცხადებენ კონკურსში გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსთან“ თანამშრომლობაზე და მოითხოვენ კონკურსის შედეგების ხუთი წლით გადავადებას. კონფლიქტი მძღოლებს, სატრანსოპორტო კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა ხდება რუსთავის სატრანსპორტო სისტემაში და რას ითხოვენ გაფიცული მძღოლები?

დილაადრიან რუსთავის განაპირა უბანში, ქუთაისის მოედანზე, შეკრებილი მძღოლები მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით, ქალაქის მერიისკენ დაიძრნენ. რადიო თავისუფლება საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან შუბითიძეს დაუკავშირდა:

„გავაჩერეთ ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქალაქში მოძრაობდა. მოვითხოვთ, რომ რამდენიმე წლით გადაგვივადონ ხელშეკრულება და ნუ გვაძალებენ, რომ დღეს ან ხვალ გავაჩეროთ ჩვენი ავტობუსები“.
ხალხი დილიდან იდგა გაჩერებებზე და ვერ მიდიოდა ვერსად. მოძრაობდა მხოლოდ შიდასაქალაქო ტრანსპორტის ნაწილი და ახალი, ყვითელი მიკროავტობუსები თბილისის მიმართულებით...

რამდენიმე ასეული მძღოლის გაფიცვამ პრობლემა შეუქმნა ათობით ათას რუსთაველს, რომლებსაც იმის გამო, რომ თბილისში სწავლობენ და მუშაობენ, ყოველდღიურად უწევთ დედაქალაქისკენ მიმავალი ტრანსპორტით სარგებლობა. როგორც დავით მჭედლიძემ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა რუსთავში, გვითხრა, 3 მაისს რუსთავსა და თბილისს შორის მხოლოდ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ინტერტრანსის“ ეგრეთ წოდებული ყვითელი მიკროავტობუსები მოძრაობდნენ:

„ხალხი დილიდან იდგა გაჩერებებზე და ვერ მიდიოდა ვერსად. მოძრაობდა მხოლოდ შიდასაქალაქო ტრანსპორტის ნაწილი და ახალი, ყვითელი მიკროავტობუსები თბილისის მიმართულებით. ასეთი არის სულ 50 ავტობუსი, მაშინ როცა ყოველდღე გამოდიოდა 200-250 მიკროავტობუსი. ეს მძღოლები მარტო სამუშაო ადგილებს კი არა, საკუთრებას იცავენ. საქმე ის არის, რომ წლების წინ მათ ავტობუსებთან ერთად შეიძინებს სამარშრუტო ხაზები. ასე რომ, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი თავს იცავს არა როგორც მძღოლი, არამედ როგორც მესაკუთრე“.
დღევანდელმა ხელისუფლებამ, არ ვიცი კონენკრატულად ვინ, მაგრამ ფაქტია, რომელიღაც კლანმა მოინდომა მთელი ამ ბაზრისა და სიტუაციის მართვა, თან მართვა ერთი მონოპოლისტის საშუალებით...

საკუთრების პრობლემა კი მას შემდეგ შეიქმნა, რაც გამოცხადებულ კონკურსში ერთმა სატრანსპორტო კომპანიამ, „ინტერტრანსმა“, გაიმარჯვა. გაფიცული მძღოლების ინტერესების დამცველი, იურისტი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მონოპილისტის გაჩენამდე რუსთავის სატრანსპორტო ბაზარზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ბევრი ინდმეწარმე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქმიანობდა. სამარშრუტო ხაზების მფლობელთა შორის იყვნენ ასევე მძღოლები:

„...მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, არ ვიცი კონენკრატულად ვინ, მაგრამ ფაქტია, რომელიღაც კლანმა მოინდომა მთელი ამ ბაზრისა და სიტუაციის მართვა, თან მართვა ერთი მონოპოლისტის საშუალებით და მძღოლების მონურ პირობებში ჩაყენებით. ყვითელ ავტობუსებზე დასაქმებულ მძღოლებს საგრძნობლად მეტი თანხის გადახდა მოუწევთ“.

მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია

მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია

გაფიცულმა მძღოლებმა ბაზარზე მონოპოლისტის შემოსვლას დაუკავშირეს კოლეგის, 44 წლის ვეფხია გოგილაშვილის, თვითმკვლელობა, რომელიც 2 მაისს მოხდა რუსთავში.

„რატომ მოიკლა თავი და, მოლაპარაკებაზე ისეთი პირობები შესთავაზეს ამ კაცს, რომ ხელი ჩაიქნია. დათვალა ყველაფერი და თქვა, გამოდის, სახლიდან უნდა გამოვიტანო ფული და ამათ უნდა ვაჭამოო? დაიხურა ქუდი და თქვა, მე ვერ ვიმუშავებ, დავკარგე ყველაფერიო. ჩემს შვილებს, ჩემს ობოლ ძმისშვილებს რა უნდა ვაჭამოო. კაცი გაგიჟების პირას იყო“, უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ როგორც რუსთავის მერიაში, ასევე „ინტერტრანსში“. მერიის წარმომადგენლის თამუნა აქუბარდიას თქმით, თვითმკვლელობის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ტრაგედიის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. რაც შეეხება „ინტერტრასთან“ მოლაპარაკებას:
ვინც ტრანსპორტის სისტემა იცის, იმისთვის ორჯერ ორივითაა: თუ მძღოლს არ მიეცი საკმარისი შემოსავალი, მაშინ უფრო დიდი პრობლემები შეგექმნება გაფიცვების სახით. კომპანიამ, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ეს კარგად იცის...

„კომპანია „ინტერტრანსს“ ჰქონდა მასთან კარგი შეთავაზება. ყველა მძღოლის დასაქმებაზე იყო ლაპარაკი, რაც დღის წესრიგიდან არც მოხსნილა. ხომ ამბობდნენ მძღოლები, რომ ძველი მანქანები გვყავს და სესხები გვაქვს გასასტუმრებელიო და ა.შ. კომპანია მზად არის 2001 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილებიც კი ჩასვას რეისებში... ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ტრაგედიას იყენებენ საკუთარი ინტერესებისათვის და ზოგ-ზოგიერთები, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ“.

მძღოლებთან მოლაპარაკებისას მიღწეულ კომპრომისსა და წარმატებაზე ლაპარაკობენ კომპანია „ინტერტრანსში“, რომლის გენერალური დირექტორის, მამუკა მუმლაძის თქმით, კომპანია შეგნებულად წავიდა ზარალზე და დასთანხმდა იმ მძღოლებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ძველი, 10-13 წლის გამოშვებული ავტობუსები ჰყავთ. რაც შეეხება მძღოლების განცხადებას კაბალური ხელშეკრულებებისა და გადასახადის გაზრდის თაობაზე, ამის პასუხად მამუკა მუმლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ვინც ტრანსპორტის სისტემა იცის, იმისთვის ორჯერ ორივითაა: თუ მძღოლს არ მიეცი საკმარისი შემოსავალი, მაშინ უფრო დიდი პრობლემები შეგექმნება გაფიცვების სახით. კომპანიამ, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ეს კარგად იცის. ამიტომ კომპანია პირდაპირ თანხას არ სთავაზობს. ეს მათ მიერ დასახელებული თანხებია, თითქოს 200 ლარი იქნება გადასახადი, ან 170 ლარი. ჩვენ ვეუბნებით, აიღეთ ეს მანქანები და ერთად დავთვალოთ, რისი შესაძლებლობა იქნება და იმის მიხედვით დავადგინოთ გადასახადი“.

ამ შეთავაზების პასუხად, მძღოლების ნაწილი მზად არის თავისივე სატრანსპორტო საშუალებით ითანამშრომლოს „ინტერტრანსთან“, თუმცა მძღოლების ნაწილი არ აპირებს უკან დახევას და ვითარების შეცვლას მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს. შემთხვევით არ არის, რომ 3 მაისს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებმა რუსთავში მმართველი კოალიციის ოფისთან მიიტანეს გვირგვინი, შემდეგი წარწერით: „ნაციონალურ ოცნებას“.
XS
SM
MD
LG