Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


“ვაშინგტონ პოსტი” რუსეთის მეზობელი ქვეყნების საჭიროებაზე წერს: „მოლდავეთსა და საქართველოს, უკრაინის მსგავსად, დაუყოვნებლივ სჭირდებათ ევროკავშირის დახმარება. ორივე ქვეყანა მზარდ ზეწოლას განიცდის მოსკოვიდან, სადაც რუსეთის მთავრობა ცდილობს ევროკავშირთან შეთანხმებები ჩაშალოს და ეს ქვეყნები აიძულოს, კრემლის მეთაურობით ევრაზიულ კავშირში შევიდნენ. საქართველოში რუსულმა ძალებმა, რომლებსაც იქ შეჭრის შემდეგ დაკავებული აქვთ ამ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, საფორტიფიკაციო ნაგებობები დადგეს. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, შეუძლია თავისი ჯარი დნესტრისპირეთშიც, უკრაინის საზღვრებთან გაგზავნოს. ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს დასავლეთს, ამ ქვეყნებს დაეხმაროს. რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები პუტინს შემდგომი აგრესიისგან თავს შეაკავებინებდა, ვარაუდობს „ვაშინგტონ პოსტი“. უკრაინის კრიზისში რუსეთს თვით სამხედრო ესკალაციისა არ ეშინია, ამტკიცებს შვეიცარიის გაზეთი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“, რომელიც წერს: „ამის გაკეთების უნარი არც უკრაინას და მოლდავეთს აქვთ და არც ევროკავშირს. აშშ, ობამას ხელმძღვანელობით, ასევე ვერ გაბედავს ასეთ დაპირისპირებას. მეტს ამ გზაზე კრემლი თავისთვის, ალბათ, ვერ მიაღწევს. ამ მხრივ ყველაზე რეალური იარაღი რუსეთის გაზისა და სანავთობო კონცერნებზე ევროპის აშკარა დამოკიდებულებაა. მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული, ეს კარგი ამბავი არაა. ევროპას კიდევ ერთხელ მოუწევს პასუხი მოძებნოს შეკითხვაზე: რა არის რუსეთის მსგავსი ქვეყნების მიმართ მოთმინება და დაყვავება - სტრატეგია თუ უფრო ძალის პოლიტიკის გატარების უნარის ნაკლებობა?“ განსხვავებული ტონი აქვს პორტუგალიის „დიარიო დე ნოტისიას“, რომელიც ერთ, ანეკდოტის მსგავს, ამბავს აზრს ანიჭებს: „ერთი-ორი დღის წინ პუტინს ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, თუ გადაარჩენდა მას ობამა, წყალში რომ იხრჩობოდეს. პუტინმა უპასუხა, კიო. გუშინ ობამას სეულში იგივე შეკითხვა დაუსვეს, წერს გაზეთი, და აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, ყოველი ადამიანის დახრჩობისგან გადარჩენას შევეცდებოდიო. ორი პრეზიდენტის ეს განცხადებები დადებითი სიგნალია ამ კრიზისის დროს, რომელიც სულ უფრო მეტ ჩრდილს აყენებს და საერთაშორისო ეკონომიკას ემუქრება. პრობლემები უკრაინაში მოგვარებული არ არის, მაგრამ ამ ეპიზოდმა დაგვანახვა, რომ დიპლომატიის გზა არ არის ჯერ კიდევ გადაკეტილი“, ოპტიმისტურადაა განწყობილი ლისაბონში გამომავალი გაზეთი. დასავლეთის პრესაში კრიტიკა მოჰყვა გერმანიის ყოფილი კანცლერის, სოციალ-დემოკრატ გერჰარდ შრიოდერის შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან პეტერბურგში ახლა, ამ ეტაპზე, უკრაინის კრიზისის პერიოდში. „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერდა, „უკრაინის კრიზისის დროს პუტინთან გულითადი გადახვევით შრიოდერმა გაავრცელა მიუღებელი სიგნალი, რომ ზოგიერთი ცნობილი ევროპელი მზად არის უგულებელყოს რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედება“. ამავე თემაზე წერდა ნიდერლანდის გაზეთი „დე ფოლკსკრანტი“: „თავისი აღმოსავლეთგერმანული წარმოშობით და რეალობის ძლიერი შეგრძნებით, გერმანიის კანცლერს, მერკელს, საბედნიეროდ, არა აქვს ისეთივე ჰალუცინაციები, როგორიც მის წინამორბედს, თუმცა ის დღემდე მაინც ვერ ახერხებს თავისი კოალიციური პარტნიორები და გერმანიის საზოგადოებრიობის ფართო წრეები იმაში დაარწმუნოს, რომ საჭიროა შექმნას რუსეთის ახალი ხატი. არა მხოლოდ გერმანელებს, ევროპის სხვა ბევრ ერს უჭირს იმის მიხვედრა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ არ არის გამონაკლისი ან შეცდომა - ის არის ისეთი მმართველობის გამოხატულება, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული და სახიფათო ხდება“.

პორტუგალიის გაზეთი „პუბლიკო“ რუსეთში მშრომელთა დღის - პირველი მაისის - აღნიშვნაზე წერს და ირწმუნება, 1991 წლის შემდეგ წითელი მოედანი ასეთი მასშტაბის საპირველმაისო გამოსვლების გამართვის უფლებას თავს აღარ აძლევდაო: ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა მოედანზე და გაჰყვიროდა პატრიოტულ ლოზუნგებს, წერს გაზეთი, და მაშინ, როცა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მილიარდიანი კრედიტების გაცემა დაიწყო, წითელ მოედანზე ათასობით ორდენი დაარიგეს. ერთი დღით საბჭოთა კავშირი დაბრუნდა, რაც აშკარა მუქარის ჟესტებია. უკრაინის კრიზისის ფონზე პირველი მაისის აღნიშვნასა და საბჭოთა წარსულში დაბრუნებაზე წერს ავსტრიული პრესაც: „ მხოლოდ გუშინდელი მაისის აღლუმის 23 წლის შემდეგ კლავ აღორძინებით კი არ მიუძღვება რუსეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანას საბჭოთა წარსულში, მისი თანამემამულეების დიდი უმრავლესობა სიხარულით მიაბიჯებს, კოლონად დაწყობილი, წითელი წარსულისაკენ. საბჭოთა კავშირი გადარჩა ყირიმშიც და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაშიც. საბოლოო ჯამში, ესაა, რაც უკრაინის განხეთქილებას გამოსახავს: საზოგადოების ნაწილს არ სურს დაუბრუნდეს სისტემას, სადაც ყველაფრისთვის სახელმწიფო ზრუნავს, მეორე ნაწილი კი ცდილობს სახელმწიფოს მარწუხებს თავი დააღწიოს“.

პრესა უცხოეთში გამოეხმაურა გერმანიის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს ანკარაში სიტყვით გამოსვლას. იოახიმ გაუკის გამოსვლის თაობაზე ბერლინის „ტაგესშპიგელი“ წერდა: „გაუკმა თავს ნება მისცა პირდაპირ და თანაგრძნობით ელაპარაკა მმართველთა ვალდებულებაზე მართულთა მიმართ, ძალაუფლების განაწილებაზე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე, პრესისა და სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ღირსებასა და მის ხელშეუხებლობაზე“. ამას, ვარაუდობდა გერმანიაში გამომავალი „ვეზერ-კურიერი“, „პრემიერ-მინისტრი ერდოანი და მისი მომხრეები მას არ აპატიებენ. შესაძლებელია, ბერლინისა და ანკარის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დადგეს. ერდოანის მთავრობამ ადრეც მკაცრად შეუტია გერმანიის მთავრობას. ახლა, მით უმეტეს, არ აქვს მას საფუძველი, ფაქიზი იყოს გერმანელების მიმართ. ამასთან, გაუკს არა სიტყვამოსწრებული პასუხი სურდა, არამედ ღია დიალოგი, წერს ვეზერის გაზეთი, რომლისგან განსხვავებით, კრიტიკულია გაუკის მიმართ „ტიურინგიშე ლანდესცაიტუნგი:„გაუკმა გადამწყვეტ საკითხში ანკარას სრულიად ყალბი სიგნალი გაუგზავნა:

მან თურქეთს იმედი მისცა, რომ ერთ დროს ევროკავშირის წევრობას შეიძლება გამოჰკრას ხელი. ალბათ, იმიტომ გააკეთა ეს, რომ ქვეყანა დემოკრატიული რეფორმებისკენ წაექეზებინა და ერდოანი დაეყოლიებინა, შეწყვიტოს ისლამიზაცია და დემოკრატიის დაშლა. ეს მიამიტობაა“, ფიქრობს გაზეთი.

უცხოეთის პრესაში მთავარ თემად უკრაინა რჩებოდა კვირის განმავლობაში, მაგრამ პირველ მაისს ზოგიერთმა გაზეთმა დაწერა აშშ-ში, ოკლაჰომაში, მკვლელის ტანჯვით სიკვდილით დასჯის შესახებ. ბრიტანეთის „ინდიპენდენტი“ წერდა: „ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებული წამებით მოკლეს და რეაქცია ამ დასჯაზე იქნებოდა ის, რომ სიკვდილით დასჯის მომხრეთა რიცხვი შემცირდეს. ბოლო ათწლეულებში მომხრეთა რიცხვი 55 პროცენტით შემცირდა. საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა უარს ეუბნება მართლმსაჯულების ამ ფორმას, რომელიც ერთობ ძვირია და, ამასთან, რასისტულ ხასიათს ატარებს: მუქკანიანი ადამიანების მოკვლა იშვიათად ისჯება სიკვდილით. სულ უფრო ხშირად გამოდიან სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მაღალ თანამდებობას ესწრაფვიან. მხოლოდ მაშინ გახდება აშშ ცივილიზებული ქვეყანა, როცა ამ ბარბაროსულ სასჯელს გააუქმებს“ - ასეთი იყო „ინდიპენდენტის“ შეფასება.
XS
SM
MD
LG