Accessibility links


"მღვდლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, იმას კიდევ თვალი გეებისკენ გაურბოდაო."
თანამედროვე ქართული ანდაზა


ქართველების ქუჩაში გამოყვანა თუ გინდა, ან გეი უნდა უხსენო, ან გვამი. საზოგადოება გულგრილია სოციალური თემების მიმართ. ადამიანის ექსპლუატაცია, სოციალური უსამართლობა, ეკონომიკური გაჭირვება, უმუშევრობა, შრომის დამამცირებლად დაბალი ანაზღაურება, ბუნების განადგურება, მოწამლული ჰაერი, დამახინჯებული თბილისი, მათხოვრები, უსახლკაროები, ადამიანებზე ძალადობა, მათი წამება, აბსურდული და დრაკონული კანონები და კიდევ ბევრი მწვავე სასიცოცხლო პრობლემა არ იწვევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პროტესტის გრძნობას. არც მთავრობის წევრთა უსასრულო ფულადი პრემიები, რაც, ფაქტობრივად, ლეგალური კორუფციაა, არც მოქალაქეთა ხარჯზე გამდიდრებული და ფუფუნებაში მცხოვრები სამღვდელოება, არც მატყუარა - ხშირად დეზინფორმატორი - მედია არაა აღშფოთების საგანი.

გეი, როგორც მტრის, გამრყვნელ-გადამაგვარებლისა და ანტიეროვნულის განსახიერება და გვამი, როგორც სურვილების შემსრულებელი და სასწაულმოქმედი, თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ორი მთავარი სიმბოლოა. ამ იდენტობას გეის სიძულვილი და გვამ(ებ)ის სიყვარული განსაზღვრავს. ჰომოფობია და ნეკროფილია კოლექტიური აფექტების, ანუ ემოციური აღგზნების ორი ძირითადი მოდუსის - სიძულვილისა და სიყვარულის გამოვლინებაა. ისინი, როგორც აბსოლუტური, ყოვლისმომცველი სიმბოლოები, საკუთარ თავში მოიცავს კოლექტიური სიძულვილისა და სიყვარულის ყველა სხვა ფორმას: ჰომოფობიაში გაერთიანებულია რასიზმიც, რელიგიური შეუწყნარებლობაც, სოციალური და კლასობრივი ზიზღიც, ანტისემიტიზმიც, არმენოფობიაც და ა.შ. შესაბამისად, ნეკროფილურია სამშობლოს სიყვარული, რომელიც „წინაპართა“ განსასვენებელია და, ფაქტობრივად, მთლიანად პანთეონებთან და სასაფლაოებთანაა გაიგივებული, და ეროვნული სიამაყის ერთადერთი ობიექტიც მხოლოდ ისტორიაა, რომელიც სახელოვანი მკვდრების თაყვანისმცემლობამდეა დაყვანილი, წარსული, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ წარსული დროის ფორმა ისეთივე დაუჯერებელია, როგორც მკვდარი სხეულის ხრწნის ბუნებრივი პროცესი. რამდენადაც „ფილიის“, ანუ ლტოლვისა და სიყვარულის ობიექტი ცოცხალ ორგანიზმთა სამყაროში არაა მოცემული და ის მთლიანად „საიქიოშია“ გადატანილი, სააქაოში კოლექტიური ერთობა მხოლოდ სიძულვილითღა გამოიხატება. თანამედროვე ქართველი იმდენადაა ქართველი, რამდენადაც მას ვინმე სძულს და ამ სიძულვილს ის საჯაროდ გამოხატავს. სიძულვილის ობიექტები კი, უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანები ან ჯგუფები არიან, რომლებიც იდენტობის ამ საყოველთაო ფორმაში არ თავსდებიან.

ეროვნული იდენტობის ეს ფსიქოპათიური გამოვლინება, რომელიც დღეს კოლექტიური იდენტობის ყველაზე ფართომასშტაბიანი და, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალურად მოქმედი ფორმაა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა. თუ დავუჯერებთ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც ეკლესია უმაღლესი ავტორიტეტია, გამოდის, რომ ჰომოფობიასა და ნეკროფილიაზე აგებული „იდენტობა“ ყველაზე წარმატებული ეროვნული პროექტია.

საქმე ეხება ეკლესიაში მოქმედ არა ცალკეულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, არამედ მთლიანად ეკლესიას, მისი ძალაუფლების უმაღლეს ორგანოს - საპატრიარქოს, რომელიც არათუ არასდროს გამიჯვნია ექსტრემისტების ძალადობრივ ქმედებებს, არამედ სისტემატურად ახალისებს და ჯილდოებით ამკობს სიძულვილისა და ძალმომრეობის მქადაგებლებსა და აღმსრულებლებს. საქართველოში არსებული და მოქმედი ყველა ფაშისტოიდური საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც უცხოსა თუ განსხვავებულის სიძულვილსა და შეუწყნარებლობაზე აგებს საკუთარ იდეოლოგიას, ან ეკლესიის წიაღში იშვა, ან გარკვეული ფორმით ეკლესიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზეც არანაირი კანონი აღარ ვრცელდება, ფაქტობრივად საბჭოთა ხანის ქურდულ ავტორიტეტად, „კანონიერ ქურდად“ იქცა, რომელიც საქმეებსაც ქურდულად, ქურდულ ენაზე არჩევს და ქურდივით ყველა საქმიანი და ფულიანი გარიგების მეწილეობას ცდილობს, ოღონდ ახლა ამ მეწილეობას შემოწირულობები ეწოდება.

სიძულვილის იდეოლოგია, რომლის ირგვლივაც ეკლესიამ საქართველოში არსებული ყველა ობსკურანტი და ფაშისტოიდი ძალა გააერთიანა, ერთი მიზნისკენაა მიმართული: არ დაუშვან საქართველოში სამართლებრივი, სოციალურად თანასწორი და თავისუფალი საზოგადოების შექმნა! რადგანაც მხოლოდ გაუნათლებელი, საკუთარ აზროვნებას მოკლებული, სოციალურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად დაკაბალებული და სიძულვილით დასნეულებული მასების გაბითურება და მათი საკუთარი ძალაუფლების იარაღად გამოყენებაა შესაძლებელი. ეკლესიამ და მის კალთას შეფარებულმა ფაშისტოიდებმა საკუთარ მიზნებს რომ მიაღწიონ, აუცილებელია ადამიანები მუდმივი პანიკის მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდეთ განცდა, რომ მათ გადაგვარებისა და განადგურების საფთხე ემუქრებათ და ერთადერთი ძალა, ვისაც მათი დაცვა და ხსნა შეუძლია, სწორედ ეკლესია და მისი ხელდასხმული პოლიტიკოსები არიან. საამისოდ შეიქმნა ევროპის, როგორც გარყვნილების და ზნედაცემულობის ხატი, სადაც თურმე პედოფილია და ინცესტია დაკანონებული, მშობლები შვილებს აუპატიურებენ და მერე ალბათ ბაზარზე ყიდიან. ამიტომაც, საქართველომ უარი უნდა თქვას „გარყვნილ“ ევროპაზე და თავის ერთმორწმუნე „მფარველს“ - პუტინის რუსეთს დაუბრუნდეს!

ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოსთვის აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც, თუკი აქამდე ვინმესთვის დაფარული და უხილავი იყო, საზოგადოების და სიბნელის დარაჯთა შიშველი სახე გამოამჟღავნა. ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთა, რომელიც საქართველოს ევროპასთან და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების პირობაა, ქართველ ფაშისტოიდებს მათგან განსხვავებულების, არამათიანების დაჩაგვრის წმინდათა წმინდა უფლებას ართმევს. ეს კანონი არ მისცემს საშუალებას, მაგალითად, მეწარმეს ან დამსაქმებელს, რომ მან თვითნებურად და არა პროფესიული, არამედ საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის ნიშნით, ვინმე სამსახურიდან დაითხოვოს. ანტიდისკრიმინაციის ამოსავალი პრინციპი - ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობა, განურჩევლად მათი სქესისა, სოციალური მიკუთვნებულობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციისა - ესაა ქრისტიანობის ფუნდამენტური პრინციპი, ესაა სახარებისეული ქრისტიანობა და არა ის დამახინჯებული და გადაგვარებული სიძულვილის იდეოლოგია, რომელსაც ქრისტეს სახელით ანაფორიანი ბაყბაყდევები და მათი ფაშისტოიდი მიმდევრები ქადაგებენ.

სახარებისეული ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, ქართული ფაშიზმის ფლაგმანები, - პოლიტიკური გვამები, რომლებსაც სიძულვილის ბაკქანალიაში საკუთარი თვითდამკვიდრებისა და მომხვეჭელობის შანსი ეძლევათ, - ცდილობენ ადამიანებს თავს მოახვიონ „ეროვნული იდენტობის“ პირველყოფილ სიბნელეზე, სხვათა ზიზღსა და მათ დისკრიმინაციაზე აგებული ვერსია. დისკრიმინაცია, არათავისიანისა და არა თავისი მსგავსის სიძულვილი და მისი ჩაგვრა - ესაა თანამედროვე ქართული ეროვნული ფაშიზმის სამოქმედო პროგრამა. ჰომოფობია, რომელიც ქართველ ფაშისტოიდთა საკუთარი ფსიქო-სექსუალური შინაარსის სრულიად პათოლოგიური ფანტაზიების გამოვლინებაა და ხან „ვარდისფერკოლგოტკიანი მამაკაცის“, ხან მოსწავლეების მაცდუნებელი მასწავლებლის თუ შვილისა და მშობლის ორგიების სახით ზმანებასავით იფრქვევა მათივე არაცნობიერიდან, დისკრიმინაციული იდეოლოგიის ის ხატებია, რომლებიც თავად ამ იდეოლოგიის გონებრივ შესაძლებლობებსა და „სულიერების“ იდეალებს გამოსახავს. ჰომოფობია, განსხვავებულის სიძულვილი და დისკრიმინაცია ის სნეულებებია, რომლებიც საქართველოს, ისევე, როგორც ყველა სხვა თანამედროვე ქვეყანას, სრული სულიერი, კულტურული და პოლიტიკური განადგურებითა და დეგრადაციით ემუქრება, რომლისგანაც განკურნება და გათავისუფლება თითქმის შეუძლებელი იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG