Accessibility links

logo-print

ოდესაში მილიციამ გაათავისუფლა 2 მაისის არეულობისას დაკავებული 67 პირი


4 მაისს ოდესაში პოლიციამ რამდენიმე ათეული პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტი გაათავისუფლა დაახლოებით 2000 ფედერალიზაციის მხარდამჭერი განრისხებული ადამიანის მიერ მილიციის შენობის ალყაში მოქცევის შემდეგ. უკრაინის შსს-ს ცნობით, გათავისუფლებულია 2 მაისის მოვლენების დროს დაკავებული 67 პირი. კვირას პრო-რუსულად განწყობილმა ასობით აქტივისტმა მოახდინა ოდესის მილიციის განყოფილების ბლოკირება. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ - „ოდესა რუსული ქალაქია!“, „ძირს ხუნტა!“. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სეპარატისტებმა შენობის ზოგიერთი ნაწილი დაიკავეს კიდეც. სააგენტო „უნიანის“ თანახმად, მილიციის შენობის შტურმის დროს დაიჭრა ჟურნალისტი. კვირას ოდესაში ჩასულმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გენერალურ პროკურატურას დაავალა 2 მაისის არეულობისას მსხვერპლის მიზეზების გამოძიება. ოდესის საზოგადოებასთან შეხვედრისას იაცენიუკმა განაცხადა, რომ 2 მაისის აქცია პროვოცირებული და კარგად მომზადებული იყო. მანამდე „ბი-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში იაცენიუკმა განაცხადა, რომ ოდესის უშიშროებამ არაფერი გააკეთა ათეულობით ადამიანის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად და რომ პასუხისმგებლობა უკრაინის უშიშროების ძალებს ეკისრება.
XS
SM
MD
LG