Accessibility links

მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა სამთავრობო აპარატში


ავტორი: გიორგი ბენაშვილი

ქართული პოლიტიკური სისტემისთვის მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა ბიოროკრატიულ აპარატში, უკვე გარდაუვალ და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ერთი შეხედვით, სულაც არ არის გასაკვირი, თუ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ საჯარო მოსამსახურეთა რიგები საკუთარი წევრებით დააკომპლექტა, მეტიც ძალიან საჯარო სამსახური, რამდენიმე წლიანი გარანტიებით, სავსებით სწორი “გასამრჯელოა” პარტიულ კამპანიაში ჩართული აქტივისტებისთვის. თუმცა პერსპექტივაში ეს ტენდენცია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს უქადის.
ბიუროკრატიული აპარატის ხელში ჩაგდება პირველი ნაბიჯია პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა. მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე აისახება პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე. პირველ რიგში ის ხელს უშლის პარტიათა შორის ჯანსაღ კონკურენციას, სპობს პარტიულ პოლიტიკას და ქვეყანას მიაქანებს ტოტალიტარიზმისკენ.
პარტიას რომელსაც ასეთი სახის ქმედებები ახასიათებს პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარები კარტელის პარტიას უწოდებენ. ე.წ. სახელმწიფო-პარტია კარტელის შესახებ წერდნენ: კირხჰაიმერი, დიდი ხნის წინ _ ლემბრუხი , ლეიპჰარტი. ამ ტიპის პარტია, ძირითადად, ხასიათდება საჯარო სამსახურში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის გაერთიანებით. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კარტელს ქმნის.
პარტიის აქტივისტების სახელისუფლებო რგოლებში გადაბარგება ქართული პოლიტიკური რეალობისთვის უცხო ხილი სულაც არ არის. დაწყებული საბჭოთა კომუნისტური პარტიის ეპოქიდან, დამთავრებული დღემდე, საჯარო სამსახური სამართლიანად ითვლება მმართველი პარტიის ერთერთ უმთავრეს დასაყრდენად.
ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, საბჭოთა პერიოდის დროს, პარტიის მანდატის გარეშე არათუ რაიმე სერიოზულ წარმატებას ფიქრი, არამედ უბრალო სამსახურის შოვნაც კი ოცნებად შეგეძლოთ გქონოდათ, თუნდაც სადმე, ყველაზე უბრალო დაწესებულებაში, ქვედა რგოლის ბიუროკრაიაში, მილიციაში ან ფოსტაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. ქვეყნის მართვა პარტია “მოქალაქეთა კავშირმა” გადაიბარა და უმალვე ერთპიროვნულ სახელისუფლებო პარტიად გადაიქცა.
უფრო ვრცლად საუბარია შესაძლებელი “მოქალაქეთა კავშირის” სამართალმემკვიდრე პოლიტიკურ ძალაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, ისინი სრულებითაც არ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო კამპანიების მოწყობის პერიოდში, უამრავალი კვლევა და მაშინდელი ოპოზიციური პარტიების წევრების შეფასებები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
“გასული წლებში, არჩევნების ჩატარებისას ძირითადი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება იყო. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სახელმწიფო მოხელეებზე, როგორიცაა პოლიციელი, მასწავლებელი და საჯარო მოხელე, ზეწოლას რათა თავი შეიკავონ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისგან და ხმა არჩევნებში მმართველ პარტიას მისცენ. ასევე, გადასახადების გადამხდელთა ფულის გამოყენება საარჩევნო კამპანიისათვის; საჯარო მოხელეების გამოყენება მმართველი კამპანიის მხარდასაჭერად” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო” 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების დროს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, არასამთავრობო სექტორმა სპეციალური მემორანდუმიც კი მიიღო, რომელიც წინასაარჩევნი პერიოდში ადმინისტრაციული რესურსისა გამოყენებას და საჯარო მოსამსახურეების კამპანიის პროცესში ჩართვას უარყოფდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
მემორანდუმი ასევე ადგენს, რომ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად ჩაითვლება, თუ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის ორგანიზაციები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 50% ან მეტს, რომელიმე პარტიას/ბლოკს მისცემენ საარჩევნო აგიტაციის გაწევის მიზნით კუთვნილი შენობების; საკომუნიკაციო საშუალებების; საინფორმაციო მომსახურების; სხვადასხვა ტექნიკის; სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენების ნებას, ხოლო სხვა საარჩევნო სუბიექტებს უარს ეტყვიან, მათ შორის თავიანთი უმოქმედობით, ანალოგიურ მომსახურებაზე.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ: ცესკო, “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, წერია, რომ მიმდინარე საპარლამენტო კამპანიის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად აქვს ადგილი, ძირითადად დედაქალაქში, თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების ხაზგასმულ მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალურ ღონისძიებებში, მათ შორის ახალი საავტობუსო მარშრუტების გახსნის, დასუფთავების მანქანების პრეზენტაციების და სხვა აქტივობებში, რომლებიც სამუშაო საათებში ხდება.
არასამთავრობო სექტორის მსგავსად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებიც.
2010 წლიდან უახლოეს წარსულში თუ გადმოვინაცვლებთ, ჩვენ შევხვდებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის მიერ, სკანდალური “ფიქტიური დასაქმების” საქმეს. რომელიც გულისხმობს, დედაქალაქის მერიაში არარსებულ შტატებზე გაფორმებულ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. რომლებიც პარტიული საქმიანობის, კერძოდ კი სააგიტაციო დავალებების შესრულების სანაცვლოდ თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასს იღებდნენ.
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სამსახურის საქმიანობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირების გზით ხორციელდება, თუმცა კონკრეტული მექანიზმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. დასავლური გამოცდილებით, საჯარო მოხელეებს, როგორც წესი, ეკრძალებათ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. რამდენად შესაძლებელია ეს პრაქტიკა საქართველოში გამოვიყენოთ და რამდენად შეუძლია ნებისმიერ მმართველ პარტიას უარი თქვას ბიუროკრატიული აპარატის ჩართვაზე, საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, ეს ცალკე საკითხია. პოლიტიკურ პარტიებს კი ევალებათ დაფინანსების წყაროების სრულად ან ნაწილობრივ დეკლარირება. აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში დაუშვებლად ითვლება შემოწირულობების მიღება კორპორაციებისგან. სხვაგან კი მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებსა და მთავრობასთან კონტრაქტის მქონე ბიზნესებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხს ბევრად ნაკლები კითხვის ნიშანი ესმოდა, ვიდრე წინა არჩევნებს, მაინც არსებობს გარკვეული საკითხები, რამაც კითხვის ნიშნები უკვე გამოიწვია. მინისტრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, მმართველი ძალის კანდიდატის სასარგებლო პროპაგანდის გაწევა და მისი ლობირება საჯარო მოხელეთა შორის, ვფიქრობ კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მმართველი პარტიის სასარგებლოდვე შეიძლება ითქვას, ისიც რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი საკადრო წმენდა არ ყოფილა, თუმცა ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ კიდევ არსებულ ხელისუფლებას
ჩემი აზრით, ამ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე განხოციელებული ცვლილებებით უნდა მოხდეს. რომელიც მკაცრად შეზღუდავს, საჯარო მოხელეების პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვას. ამავე დროს საჭიროა პოლიტიკური კულტურის ცვლილებაც, რათა პარტიული საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად არ იყოს დაკავშირებული საჯარო სექტორში სამსახურის დაწყებასთან. პარტიებმა უნდა ეცადნონ, რომ საკუთარი აქტივისტების შესანარჩუნებლად და ახლების მოსაზიდად სხვა მეთოდები მოიფიქრონ, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარო სექტორის, პარტიულ სამჭედლოდ გადაქცევის პრეცედენტი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG