Accessibility links

logo-print

ამომრჩევლების მოთხოვნები და კანდიდატების დაპირებები გორში


გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდამჭერთა სიების წარდგენა 6 მაისს სრულდება. მთლიანად გორის მუნიციპალიტეტში 58 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან 16 ჯგუფი ქალაქ გორზე მოდის. მხარდამჭერთა სიების წარდგენის შემდეგ, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისია გადაამოწმებს, უკვე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება და 16 მაისამდე დასრულდება. სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური პრობლემების მოგვარება - ძირითადად ამ მოთხოვნებს უყენებენ ამომრჩევლები მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს, ასევე მომავალ საკრებულოში არჩეულ წევრებს.

მერობისა და გამგებლობის კანდიდატთა რეგისტრაციას არ ჩქარობენ პოლიტიკური პარტიები, თუმცა გორში ძირითადი პოლიტიკური ძალების ფავორიტები უკვე ცნობილია. “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პრიორიტეტების შესახებ საარჩევნო შტაბიდან ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კახა ტოლიაშვილი, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მიიჩნევს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის გორის ციხის მიმდებარე უბნები უნდა აღდგეს.

სხვა კანდიდატებიც მსგავს პროექტებზე საუბრობენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, კახა ერგემლიძემ, ლიდერის მიერ გაცემული დაპირებები არ შეცვალა და საარჩევნო პრიორიტეტად, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პედაგოგებისა და პენსიონერებისთვის სახელფასო დანამატის გაცემის პირობა დადო. სოციალური თემატიკა ჭარბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზურაბ ჯირკველიშვილის, დაპირებებში. მისი აზრით, ქალაქში სოციალური პრობლემა მრავლადაა და, გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

პარტია „საქართველოს გზის“ ადგილობრივი ლიდერის, იაგო წიკლაურის, მთავარი დაპირება ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალურ ფონდში მოზიდული თანხებით მცირე საწარმოების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

პროგრამაზე მუშაობას ასრულებენ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობაში“. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კოდოშვილი აცხადებს, რომ პროგრამის ძირითადი საკითხები დაბეჭდილი ბუკლეტების სახით გამოიცემა და თითოეული გორელის ოჯახში შევა.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს 10 დღე რჩებათ, ამის შემდეგ კი აქტიური წინასაარჩევნო ფაზა დაიწყება და კანდიდატები დაპირებებით, „კარდაკარის“ პრინციპით, ქალაქისა და რაიონის ყველა დასახლებულ პუნქტს შემოივლიან.
XS
SM
MD
LG