Accessibility links

logo-print
ავტორი: ნინა

ჩემი სხეული ყოველდღე დამთრავს აქეთ-იქით.ხან სამსახურში,ხან უნივერსიტეტში,ხან ბიბლიოთეკაში,ხან სახლში...განსაკუთრებით მაშინ ხდება მსუბუქი როცა წარმოსახვით ვათავისუფლებ ჩემგან.ეს მეტროში ხდება.
მეტროში ჩავდივართ.
ვხედავ,არა ვგრძნობ მატარებლის შემოსვლას გვირაბში სანამ დავინახავ.
მესმის ყრუ გრუხუნი.
ოდნავი ჰაერის ტალღა არხევს ჩემს თმას.
მერე ვხედავ შორს, ჯერ ისევ გვირაბში,რელსებზე არეკლილ მატარებლის ფარების შუქს,ნელნელა ეს შუქი გრძელდება რელსებზე.
თანდათან ხმაური მატულობს,ჰაერი მოძრაობაც უფრო სწრაფი და უფრო მძლავრია.
მე ვხედავ მატარებელს...მის ორ მანათობელ შუქს.რელსებზე მოქრის გიჟივით.
მე ბაქანზე ვდგავარ,უფრო სწორად მის ნაპირზე,ზოლს იქეთ.თმას მიწეწავს ეს ხელოვნური ქარი.ადგილიდან არ ვიძვრი.მატარებელი უფრო და უფრო ახლოსაა,მოსრიალებს გველივით.ხმაური ყურებში სხვა ყველა ხმას ახშობს.როგორც იქნა გამოვარდა გვირაბიდან და ძალიან მალე ჩამიქროლებს ახლოს,რამდენიმე წამში...აი აქ...ახლა...ძალიან ახლოსაა.ფარები ანათებს,მემანქანეს სახეს ვხედავ და ვუღიმი.ასიგნალებს, გულისგამაწვრილებელია ეს მწივანა ხმა.
...და მე თვალებს ვხუჭავ,ხელებს განზე ვშლი და სანამ ჩამივლის.....ფეხები მიმსუბუქდება...ჩემი სხეული რელსებზე ეცემა...ქარივით მსუბუქად... სანამ ჩამივლიდეს მატარებელი...
მე ვხედავ როგორ გადაუარა მან სხეულს.ალბათ რკინის ბორბლებმა რელსებზე დაჩეხეს ათას ნაწილად,მაგრამ ვფიქრობ ალბათ ამას ვერ იგრძნობდა.წამებში წააცლიდა თავს.რა საშინელი სანახავია ალბათ მატარებელს ჩავარდნილი ქალის სხეული...დანაწილებული ხორცი ბორბლებში...
მაგრამ მატარებელმა ჩამიარა.მიქრის და მის კარებებზე ვხედავ ჩემს ანარეკლს და ხალხს ვაგონებში,ეს ძალიან სწრაფად ხდება ვერ ვასწრებ ყველაფრის დანახვას და ხანდახან მარტო ჩემს თავს ვუყრებ.მატარებელი სვლას ანელებს.ჩერდება.კარი იღება და გიჟი ხალხი გამოდის,არ აცდიან ერთმანეთს.(enter-exit-ერთდროულად ხდება)კარებთან ვდგავარ,ბოლოს შევათრევ სხეულს და კარიც იკეტება.
დაიძრა მყრალი მატარებელი.მიქრის და მე კართან ვდგავარ და ძალიან კარგად „ვეყრდნობი“ და ძირსაც ვიყურები,ბნელ კედლებს ვხედავ,ისე მიქრის და ეს რაღაც შნურები ზოლად მოგვყვებიან...მოსრიალებენ შავი დაუსრულებელი გველებივით.დროდადრო შუქი იელვებს ჩემ თვალწინ...
ეს ბევრჯერ გამიკეთებია,ამ თამაშს ვთამაშობ;მკვლელობანას თუ თვითმკვლელობანას.ხელს ვკრავ ხოლმე და ერთ-ერთი ვარდება,ან სული ან სხეული ან ორივე.
კიდევ რით ვერთობიი...“მხედველობის თამაში“ ქვია ამას.არ ვიცი როგორ აკეთებს ამას თვალი..ერთ დღეს აღმოვაჩინე.
ყველაფერი ბაცდება,საგნები, ადამიანები, გარკვეულ ფორმას კარგავენ.ციფრულით ან ტელეფონით როცა ვიღებთ სურათს მას აქვს ეს ფუნქცია;ჩვენს წინ არსებული ხედი გამოიკვეთება,ხოლო რაც შორსაა ის ფონად გადაიქცევა,ან პირიქით.ახლაც როცა ვწერ,გარკვევით მხოლოდ ფურცელს და ნაწერს ვხედავ და დანარჩენი მხოლოდ ფონია.
მე სიარულის დროს ყველაფრის ფონად გდაქცევა შემიძლია.გარკვევით არაფრის დანახვა არ შემიძლია,მერე „ვერკვევ“,მერე ისევ ფონად ვაქცევ და ასე...ღამით უფრო მაგარია როცა ქალაქი განათებულია,შუქნიშნების,მანქანების ფარების,ლამპიონების შუქი,ყველაფერი ფორმას კარგავს და ერთმანეთში გადადის.მეტროში(ისევ)ხალხი სულ ფონია,მათ ვერ ვხედავ,თან ვხედავ,ეს ზღვა ხალხი დილით სამსახურებში რომ მივდივართ...ზოგს ზურგიდან ვხედავ,ზოგს სახით ჩემკენ.
მაგ დროს მაინტერესებს ჩემი სახე.ალბათ თვალები შუშისას მიგავს.
კიდევ ბევრი რამით ვერთობი,ახლა ვერ ვიხსენებ,თუ მეზარება გახსენება.
...და აი უკვე მე სახლთან ვარ.აღმართს ავუყევი.მივდივარ,მერე გზა სწორდება,მერე ისევ აღმართი,აქამდე ხო ნორმალურად მოვდიოდი,ახლა სახით ვბრუნდები ქუჩისკენ და უკანსვლით მივდივარ აღმართზე.ვჩერდები.ჩემს წინ მთელი ქალაქია.გაბრდღვიალებული.მთელი ქალაქი ფონად ვაქციე.უფრო ახლოს კი მთაა,ძალით აშენებული სახლებით ზედ.რამდენ ნაბიჯსაც გადავდგამ უკან,ეს მთაც მიახლოვდება იმავე მანძილით.თითქოს მოიწევს ჩემკენ.
თითქმის კართან ვარ.ვუყურებ ქალაქს,ჩემს ქალაქს,ჩემს ბინძურ,მათხოვრებიან,სნობებიან,კლუბებიან-ბორდელებიან,განევროზებულქალებიან,
დღეს მერიაში რომ ვიყავი და სოც.დაუცველ სტატუსიანს რომ მინდოდა სწავლის გადასახადი დაეფინანსებინათ,და უხეშად რომ მითხრა,განცხადება რატომ არ დაწერე აქამდეო!
ბევრ და მაგარ „მანქნებიან“,ყავისფერპომადიან და გამობურცულტუჩებიანი გოგოების,დიდქამრიან-ბალთიანი ბიჭების და ასეთი გოგოების „მკერავი“ ბიჭბის ქალაქს ვუყურებ.შუა ქალაქში განათებულ სამებიან ქალაქს.რა ვქნა,ღმერთი ვერა და გრანდიოზულობის შეგრძნებას კი იწვევს ჩემში...
კიდევ იმ ქალაქს ვუყურებ,ერთ-ერთი კორპუსის ერთ ბინაში რომ ზის ბიჭი და კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების სწავლას რომ ახლის თავს,რომ მითხრა მე კიდევ მკვდრებთან ვარ მკვდარიო,იმიტომ რომ მე ვუთხარი მკვდარი ხარმეთქი.მაგას ხო ვუთხარი მიყვარხარმეთქი და ისიც ვუთხარი სისულელეამეთქი.
ამ დამპალ ქალაქს ვუყურებ,რომ არ ვიცი რა მინდა აქ,და არც ის ვიცი სად მინდა.
დამბოღმა ამ დღემ.დღის ბოლოს, განსაკუთრებით 12-ის ნახევარზე რომ ვბრუნდები,მაშინ ვიბოღმები.და ვუყურებ,ვუყურებ...მერე ერთს ვიფურთხები ქალაქის მიმართულებით,ვბრუნდები ერთსაც ჩემი სახლის კარის მიმართულებით(ესეც თუ სახლიამეთქი) და შევდივარ.
დამთავრდა გართობა!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG