Accessibility links

logo-print

დავით ჯალაღანია: ოდესაში მოხდა 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი რამ


"ოდესაში მოხდა 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი რამ, როცა მშვიდობიან პერიოდში, ქვეყნის შიგნით, გარედან ინსპირირებული დაპირისპირების გამო ადამიანები დაიღუპნენ და ასობით დაშავდა“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისი ინფორმაციით, უკრაინაში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო კიევში და საკონსულოები დონეცკსა და ოდესაში სრული დატვირთვით მუშაობენ და მუდმივი კონტაქტი აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და უკრაინელ პარტნიორებთან მუდმივი კავშირი აქვს“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს ქვეყნის მთლიანობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითა და ცივილიზებული სამყაროს პრინციპული პოზიციის შედეგად უკრაინის კრიზისი საერთაშორისო სამართლის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების შესაბამისად დაიძლევა“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
XS
SM
MD
LG