Accessibility links

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეზობლად მდებარე კორპუსების მცხოვრებლები მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 24 ოჯახი ადგილობრივი მთავრობისგან წლების წინ გაცემული დაპირების შესრულებას, კორპუსების გადახურვას ითხოვს. შენობების სახურავი სიძველის გამო დაზიანებულია და ოთახებში წვიმის წყალი ჩადის.

გამსახურდიას გამზირზე განლაგებული შენობები ზუგდიდში ერთ-ერთი უძველესია. მისი მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსები 1977 წელს არის აშენებული და მას შემდეგ რესტავრაცია არავის გაუკეთებია.

პენსიონერი ლორიტა ჩხაიძე ამ კორპუსის ერთ-ერთი ძველი მცხოვრებია. მისი ბინა კორპუსის ბოლო, მეოთხე სართულზეა და, შესაბამისად, წვიმამ სხვებზე მეტად დააზარალა:

„ჩემთან სახლში ყველაფერი ჩამონგრეულია ამ წვიმის გამო. მეზობლების მრცხვენია, არ მინდა შევაწუხო, მაგრამ ამოდიან და მეხმარებიან, რომ წყალი ქვევით არ ჩავიდეს. წყალი მაინც ჩავიდა და მეზობლებიც შევაწუხე. ქუხნა, ლოჯი... ყველგან ჩამონგრეულია ჭერი“.

ანალოგიურ მდგომარეობაშია ბოლო სართულების სხვა მცხოვრებთა ოთახებიც. პრობლემები ექმნება მთლიანად კორპუსსაც, რადგან ნესტის გამო ზიანდება კედლები და შენობის ყველა ოთახში სპეციფიკური სუნია.
ადრე არგუმენტი იყო ის, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსები ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში უნდა გადახურულიყო ერთნაირად. არ ვიცი, ის პიარი იყო თუ რა იყო...

ლორიტა ჩხაიძე კორპუსის მცხოვრებთა სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, ეზოში გამგეობის თანამშრომლებს დღის საათებში ავტოსადგომი აქვთ მოწყობილი:

„ყველგან მანქანებია დაყენებული, ბავშვების სათამაშო ადგილი არ არის. ჩვენც რომ ჩავიდეთ და ჩამოვსხდეთ, ამის საშუალება არ გვაქვს“.

კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, ელგუჯა ქობალია, ამბობს, რომ პრობლემების მოგვარების თხოვნით გამგეობას განცხადებით მიმართეს როგორც ყოფილი, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში.

„ადრე არგუმენტი იყო ის, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსები ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში უნდა გადახურულიყო ერთნაირად. არ ვიცი, ის პიარი იყო თუ რა იყო, მაგრამ რეკონსტრუქციის შესახებ გადაღებული ვიდეო იდო საიტზეც. მაგრამ, როგორც ეტყობა, ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა და დარჩა შეუსრულებელი. ჩვენ ახალ მთავრობასაც მივმართეთ. მშვენივრად მიგვიღეს, თუმცა ეს არც ადრე არ იყო პრობლემა. გვითხრეს, რომ უარის მთქმელი არავინაა, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ დაგვეხმარებიან“, - ამბობს ელგუჯა ქობალია.
ივნისის ბოლოსთვის ჩამოირიცხება თანხები და დაიწყება ყველა პრობლემური სახურავის შეკეთება...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ, რომ მოქალაქეები აღნიშნული პრობლემების მოგვარების თხოვნით იმყოფებოდნენ უწყებაში. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, ქალაქში არსებული პრობლემური სახურავები შეისწავლა გამგეობის სპეციალურმა სამსახურმა და შესაბამისი პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინა.

„ივნისის ბოლოსთვის ჩამოირიცხება თანხები და დაიწყება ყველა პრობლემური სახურავის შეკეთება - ისეთების, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“, - უთხრა მაია ღურწკაიამ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება კორპუსის ეზოში მოწყობილ ავტოსადგომს, მაია ღურწკაიამ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედების გამო გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ გამგეობის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილა, რომ ისარგებლონ მხოლოდ უწყებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომებით და არ შევიდნენ ეზოში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ეზო ავტოსადგომად შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამგეობას სტუმრები ჰყავს და ავტოპარკინგისთვის შენობის წინ მოწყობილი ადგილები საკმარისი არ არის.
XS
SM
MD
LG