Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 6 მაისი


გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შესახებ წერს. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რუსულ გამოცემას უთხრა, რომ არ შეეძლო ხელიდან გაეშვა შესაძლებლობა და არ მიეცა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. „ნურავის უკვირს, რომ ჩემი ანგარიში მაქვს სააკაშვილთან. ის ჩემი მოწინააღმდეგე და მოწინააღმდეგეზე მეტიც კია“. ირაკლი ოქრუაშვილის თქმითვე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ იყო დაბარებული პროკურატურაში, სადაც მოწმის სტატუსით არაერთ საქმეზე მოუწია ჩვენების მიცემა. ლაპარაკია საქმებზე, რომლებშიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის გვარი ფიგურირებს.

„თუ სასამართლოში გამომიძახებენ, ყველაფერს მოვყვები“, უთქვამს ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის თქმითაც, ის რომ ერთადერთი ადამიანი იყოს საქართველოში, ვისაც სააკაშვილის წინააღმდეგ რამე აქვს სათქმელი, მაშინ ბევრი მის ჩვენებას სუბიექტურად მიიჩნევდა, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ იმდენი საქმე და იმდენი კონკრეტული ეპიზოდია, რომ თავისუფლად შეიძლება მან მოწმის სტატუსის სანაცვლოდ მიიღოს სულ სხვა სტატუსი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს. ირაკლი ოქრუაშვილის ამ მოსაზრებას გაზეთ „კომერსანტში“ წაიკითხავთ.

„ვედომოსტი“ კი რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ წერს. სტატიის სათაურში გამოტანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქართული ღვინის ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთზე მოდის. 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ საზღვარგარეთ გაიტანა 18,9 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, დაახლოებით, 3-ჯერ მეტია, 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, 13,3 მილიონი ბოთლი ქართველ მეღვინეებს რუსეთში გაუტანიათ. ექსპორტის სიდიდით რუსეთს მოჰყვება უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, ლატვია და ჩინეთი, ხოლო ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 62 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, „ვედომოსტის“ მონაცემებით, საქართველომ ღვინოსთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანა 4,4 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 84 პროცენტით მეტია, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ყველაზე მეტი ქართული ბრენდი - 2,5 მილიონი ბოთლი - ექსპორტირებული იქნა უკრაინაში, რუსეთში კი - 1,6 მილიონი ბოთლი.

„ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყირიმიდან ანაკლიაში გადაინაცვლებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას „არგუმენტი ი ფაქტი“, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებას ეყრდნობა.

„მიმდინარე წელს საქართველოში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდება, კერძოდ, „ყირიმფესტი“ და „ყაზანტიპი“. უკრაინულ საპრომოუტერო კომპანიებთან თანხმობას მივაღწიეთ, რომ ელექტრონული მუსიკის პოპულარული ფესტივალი, „ყაზანტიპი“, ანაკლიაში, ხოლო „ყირიმფესტი“ ბათუმში ჩატარდეს“. თუმცა მოგვიანებით იმავე „არგუმენტი ი ფაქტიმ“ გამოაქვეყნა ფესტივალ „ყაზანტიპის“ ავტორისა და ორგანიზატორის, ნიკიტა მარშუნოკის, ირონიანარევი განცხადება იმის თაობაზე, რომ აპირებს ფესტივალის წარმომადგენლობის გახსნას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და რომ მსოფლიოზე ბატონობა მისი დიდი ხნის ოცნებაა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ყაზანტიპი“, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, ყოველწლიურად 100 ათასზე მეტ მელომანს მასპინძლობს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG