Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის სამიტი 2014“ - სამი ქვეყნის მეგობრობის დემონსტრაცია


ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი და აბდულა გიული
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი და აბდულა გიული
„თბილისის სამიტი 2014“ 6 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გახსნა. სამიტზე სამ ქვეყანას შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებული ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.
"თბილისის სამიტი 2014" თურქეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ვიზიტებისას დაიგეგმა და 6 მაისს თბილისში შეხვედრით და სამ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ საერთო პროექტებზე საუბრით გაგრძელდა. საქარველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები თანხმდებიან აზრზე, რომ ამ სამიტით მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სამი ქვეყნის მეგობრობას და სამომავლო გეგმები დასახეს. ეს ისტორიული თანამშრომლობა, განაცხადა 6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, გავლენას ახდენს ამ სამი ქვეყნის ეკონომიკაზე, მისი მოსახლეობის კეთილდღეობასა და რეგიონის სტაბილურობაზეც. გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სამიტი 2014-ის“ შედეგები პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა:

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია და ხორციელდება და რომლებიც აერთებს კასპიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს ერთმანეთთან. ამ პროექტების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ პროექტებში რეალურად უზრუნველყოფს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“.
ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ როგორც ორხმრივი, ისე სამმხრივი ურთიერთობები ემსახუროს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს...
ილჰამ ალიევი

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის განმავლობაში მათ ისაუბრეს საერთაშორისო საკითხებზეც, უკრაინის მოვლენებზე, რადგანაც, მისი თქმით, სამივე ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აბდულა გიულის განცხადებით, სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამი ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებსაც გვაქვს საერთო ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით. განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ ეწვიონ თურქეთს. ასევე განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან. ეს გეოგრაფიული კავშირები საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის მიზიდულობის ცენტრს ინვესტიციებისათვის. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, განსაკუთრებით, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი ერზრუმის გაზსადენი თუ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები. მთელი მსოფლიო აკვირდება მათ განხორციელებას. მომავალშიც ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

„მივესალმები საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს ჩვენთვის მართლაც მეგობრული ქვეყნის მიწაზე. დარწმუნებული ვარ, ამ სამიტსაც ექნება ბრწყინვალე შედეგები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისათვის. ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ როგორც ორხმრივი, ისე სამმხრივი ურთიერთობები ემსახუროს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს. ჩვენი ერთობლივი პროექტები უკვე გასცდა რეგიონალურ საზღვრებს და გახდა უფრო გლობალური“, - ეს სიტყვები კი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ეკუთვნის.
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი და აბდულა გიული
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი და აბდულა გიული
„ამ სამიტის ძირითადი შედეგები გახლავთ ის, რომ დღეს აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ ერთხელ ახდენენ მეგობრული ურთიერთობის დემონსტრირებას. ვფიქრობ, ის გამოცდილება, რაც ჩვენ წლების განმავლობაში მივიღეთ ამ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, მაგალითია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ეს სამიტები რეგულარული უნდა გახდეს და თუ წინააღდმეგი არ იქნებით, გთავაზობთ, შემდეგი შეხვედრა ჩატარდეს აზერბაიჯანში“.

თბილისის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმაც. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, სამიტის ერთ-ერთი წამყვანი თემა ენერგეტიკული პროექტები იყო, რადგან ეს სამივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დარგია.

6 მაისს, სამიტის ფარგლებში, ბიზნესფორუმიც გაიმართა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის, გიორგი პერტაიას თქმით, საინტერესო შემოთავაზებები არსებობს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტი 6 მაისს დაასრულა, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული კი საქართველოს მთავრობის წარმომადგებლებთან შეხვედრებს 7 მაისსაც გააგრძელებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG