Accessibility links

logo-print

”რუსთავი 2” და ფარული ჩანაწერების ახალი ხმაური


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

მთავარი პროკურატურის განცხადებით, უწყებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე. საუბარია „რუსთავი 2“-ის მიერ 6 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ხორციელდებოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირების უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების გაკეთების პრაქტიკა 6 მაისს დაგმო ყველამ, თუმცა ეს თემა მაინც გახდა პოლიტიკური დაპირისპირების საბაბი ძველი და ახალი ხელისუფლების წამომადგენლებს შორის.

სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ”კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება, ტექნიკური საშუალების გამოყენებით”, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმეწლიან პატიმრობასაც ითვალისწინებს. ასევე ისჯება ”კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება”.

სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და დახმარებისთვის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-საც მიმართა. 6 მაისს საგანგებო განცხადება პროკურორმა კოკა კაციტაძემ წაიკითხა:

”პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
ამავდროულად, მივმართავთ „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“.

მთავარი პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე საათში მოჰყვა ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი პირების მიერ ასევე საგანგებო ბრიფინგის ფორმატში გაკეთებულ განცხადებას. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სააშკარაოზე გამოტანილი უკანონო ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წიაღიდან ინკოგნიტო ”ინფორმატორმა მიაწოდა”, სავარაუდოდ, 2013 წლის ივნისშია გაკეთებული:

”ჩვენ მოგვაწოდეს ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს და კარგად ისმის, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი და ჩემი პირველი მოადგილის და, იმავდროულად, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ქალბატონი ნინო შუბლაძის, ფარული აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს 2 ფაილს, ჩემს შემთხვევაში - ქრონომეტრაჟით 15 წუთი, ხოლო ნინოს შემთხვევაში - ქრონომეტრაჟით 1 საათი”.
ის, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ თავისთავად ამ ჩაწერას, მაღალი ალბათობით, ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო...

პირმა, რომელსაც ნიკა გვარამია ”ინფორმატორს” უწოდებს, ფაილებთან ერთად, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაციაც, რომ კიდევ არსებობს ”რამდენიმე ათეული ფაილი” და ეს მასალა ასახავს ტელეკომპანიის თანამშრომლების ”საქმიანი და პირადი ხასიათის საუბრებისა და შეხვედრების ჩანაწერებს”.

თავად ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ყოფილი ხელისუფლების რიგებში მოღვაწეობისას, მან თავად მიიღო მონაწილეობა ”ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში” და რომ პირადი ინფორმაციის გავრცელებით ბევრმა ადამიანმა მიიღო ”მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი”. რაც შეეხება 6 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ამ ყველაფრის უკან ახალი ხელისუფლება დგას.

თითს ასევე მმართველი პოლიტიკური გუნდისკენ იშვერენ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე მთელ პასუხისმგებლობას ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს აკისრებს:

”ის, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ თავისთავად ამ ჩაწერას, მაღალი ალბათობით, ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ მაშინ შს მინისტრი იყო დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი აზრით, სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ჩაწერა უკანონოდ ხორციელდებოდა ”რუსთავი 2”-ში, არის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის. გვაქვს თუ არა იმედი, რომ საქმეს გამოიძიებენ? არა, ასეთი იმედი არ გვაქვს, რადგანაც უკანასკნელ წელიწად-ნახევარში დაგროვდა ათეულობით გამოუძიებელი საქმე”.
ეს მასალები, ”რუსთავი 2”-ის განცხადებით, მათ მიიღეს შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება კანონიერად ან უკანონოდ განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პირის პირადი სივრცის ხელშეუხებლობა და ეს საქმე უნდა გამოიძიონ, - ეუბნება ჟურნალისტებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. თუმცა მას არ ესმის, რამ გამოიწვია ასეთი წინასწარი აჟიოტაჟი:

”განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც არაფერს ამბობდა, როდესაც ათასობით ადამიანს უსმენდა სწორედ ის შსს და არანაირი განსაკუთრებული წუხილები, სამწუხაროდ, სწორედ ამ ტელევიზიის მიერ არ გამოთქმულა. ის, ფაქტიურად, ტირაჟირებდა პროპაგანდას, რომელსაც ხელისუფლება მას თავის დროზე უკვეთავდა. სამწუხაროა, მაგრამ ასე იყო”.

გამოძიება უნდა ჩატარდეს და თუკი მართლაც დამტკიცდება, რომ ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროა გარეული, ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ”ისევ გვისმენენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელიც კიდევ ერთ შესაძლო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

”ეს მასალები, ”რუსთავი 2”-ის განცხადებით, მათ მიიღეს შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება კანონიერად ან უკანონოდ განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შესაძლებელია გამოვიდეს გარეთ და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენი თავი ვნახოთ გადაღებული და ეს ვიდეო შეიძლება ატვირთულ იქნეს სოციალურ ქსელებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გლობალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე”.

6 მაისს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას და დანაშაულს. ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება. სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველიც. როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი უკანონო მიყურადება უკანონოა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც მედიასაშუალების საქმიანობაზეა ლაპარაკი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG