Accessibility links

logo-print

"აუდიტ-ეკონომიქსი" ლაგოდეხის გამგეობას უჩივის


ლაგოდეხის გამგეობა

ლაგოდეხის გამგეობა

ლაგოდეხის გამგეობას შპს "აუდიტ-ეკონომიქსი" უჩივის. აუდიტორული კომპანია შემსყიდველს სატენდერო პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და აუდიტორული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვს. რომელი აუდიტორული კომპანია დადებს დასკვნებს ლაგოდეხის გამგებლის ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

შპს "აუდიტ-ეკონომიქსი" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სატენდერო პირობების დარღვევასა და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2014 წლის 10 მარტს გამოცხადებულ აუდიტორული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერს, სადაც, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად კომპანია“ იბერ აუდიტ კონსალტინგი“ გამოცხადდა. როგორც მომჩივანმა, შპს "აუდიტ-ეკონომიქსის" გენერელურმა დირექტორმა, ალექსანდრე ალავერდაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტი კომპანია სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, კომისიამ გამარჯვებულად მაინც ის დაასახელა. ალავერდაშვილის თქმით, დავა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განიხილა, კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიის ოქმები ბათილად ცნო.
„ეს საკითხი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ არის განხილული და მიღებულია გადაწყვეტილება. ვინც არ ეთანხმება, აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სასამართლო დონის გადაწყვეტილება. ამოიღეთ ეს დოკუმენტები და ნახეთ, იქ ყველაფერი წერია. ეს არის მუნიციპალიტეტსა და ტენდერში მონაწილე პირებს შორის დავა, რომელსაც წყვეტს შესყიდვების სააგენტო“, – განაცხადა მომჩივანმა ალექსანდრე ალავერდაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მირ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულია აუდიტორული კომპანია “იბერ აუდიტ კონსალტინგი“. მისი დირექტორი, თამაზ ბუკია, მომჩივანი კომპანიის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მან ტენდერში მონაწილეობისთვის სრული დოკუმენტაცია წარადგინა:

„3-დან მე გავედი 1-ელ ადგილზე. ფაქტობრივად, ჩემთან უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, მაგრამ ვინც ჩემ მერე გავიდა, მან იჩივლა კონკურენციის სააგენტოში, თოთქოს მე არ მქონდა სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი. „აუდიტ ეკონომიქსი“ მედავება, რომ აიპი ორგანიზაციები არ არსებობდა 2009-2012 წლებში, რა დროსაც მე მაქვს მათი აუდიტორული შემოწმება ჩატარებული“.

ლაგოდეხის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის და სატენდერო კომისიის წევრის, გიორგი მანგოშვილის თქმით, საჩივრიდან გამომდინარე, მიმდინარეობს გამარჯვებული კომპანია “იბერ აუდიტ კონსალტინგის“ დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გაასაჩივრებს თუ არა ლაგოდეხის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„ტენდერის შედეგები გაგვისაჩივრეს, რის გამოც შესყიდვების სააგენტომ შეგვიჩერა ოქმების ნამდვილობა. ახლა ველოდებით გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც დაადასტურებს, რომ სინამდვილეს შეესაბამება მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ამის შემდეგ გადაწყდება, გაასაჩივრებს თუ არა, თავის მხრივ, გამგეობა შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი მანგოშვილმა.

აუდიტორული კომპანია “იბერ აუდიტ კონსალტინგს“ ლაგოდეხის გამგებლის ბოლო ერთი წლის საქმიანობის აუდიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამ დრომდე გამგეობასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გამგებლის ანგარიშის მოსმენა დასკვნის გარეშე მოუწევს. ამასთან, არც საზოგადოებას ექნება დროული ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯა მის მიერ გადახდილი თანხები და როგორ იმუშავა ხალხის მიერ დაქირავებულმა გამგებელმა.
XS
SM
MD
LG