Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილის ვინაობა ცნობილია


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის მერობის კანდიდატი, „ქართული ოცნების“ გარდა, ოფიციალურად ჯერჯერობით არც ერთ სხვა საარჩევნო სუბიექტს არ დაუსახელებია.მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილი შოთა მურღულია, რომელიც ქუთაისის მერის მოვალეoბას ასრულებდა, 5 მაისიდან შვებულებით სარგებლობს და ამჟამად მერის მოვალეობას ნოდარ მიქიაშვილი ასრულებს. შოთა მურღულიას განცხადებით, კანონი არ ავალდებულებს შვებულებით ისარგებლოს, თუმცა ეს აუცილებელია არჩევნების მაღალი დემოკრატიული ხარისხით ჩატარებისთვის.
მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად 8 მაისს დაასახელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად პარლამენტის წევრი, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე სახელდება. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი უკლება ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“, მერობის კანდიდატის გარდა, ქუთაისის 10 უბანში ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ცნობილია „ახალი მემარჯვენეებისა“ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ შექმნილი ბლოკის - „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ - მაჟორიტარი დეპუტატობის მხოლოდ 4 კანდიდატი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია განმარტავს, ბლოკი ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, ქუთაისელებს კანდიდატთა უახლოეს მომავალში წარდგენას ჰპირდება საკრებულოს ყოფილი უმრავლესობა – „პატრიოტთა ალიანსი“. ალიანსის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი გოგელაშვილის განმარტებით, მათ ეყოლებათ მერობისა და 10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის საკრებულოს წევრობის კანდიდატი თორმეტმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე წარადგინა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აქედან კომისიამ მხოლოდ ცხრა განცხადება დაარეგისტრირა. დარჩენილ სამ საინიციატივო ჯგუფს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა 6 მაისს ეწურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში წინა არჩევნებზე 4- ით ნაკლები, 123 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ უბნების რაოდენობის შემცირება საარჩევნო სიებიდან უმისამართო პირების ამოღებამ, ორი უბნის შეერთებამ და კოპიტნარის დევნილთა დასახლების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გადაცემამ განაპირობა.
XS
SM
MD
LG