Accessibility links

logo-print

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფიციალურად დაიწყო. გორის თეატრში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა მხარდამჭერებმა პარტიის ლიდერებისგან ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა შეიტყვეს. დასახელდა გორის მერობის კანდიდატი და მუნიციპალიტეტებში პროპორციული სიების პირველი ნომრები. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერმა, გიგი უგულავამ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გორში გამარჯვებას გეგმავს, რის საფუძველსაც მას „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აძლევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სავსე დარბაზის წინაშე საკუთარ და დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრეს. მათი თქმით, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთელი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა. „მოძრაობის“ ლიდერები, გამარჯვების შემთხვევაში, გაჩერებული საქართველოს ამუშავების პირობას დებენ. გიორგი ბარამიძის აზრით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მარცხმა პარტიისთვის, შიდა ლუსტრაციის სახით, პოზიტიური შედეგებიც მოიტანა, განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ კი გამარჯვებისთვის ემზადება.

გორის მერობის კანდიდატი არჩილ საბიაშვილია. იგი ამჟამინდელი საკრებულოს წევრია, რამდენიმე წლის წინ კი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. საბიაშვილი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად უმუშევრობას მიიჩნევს. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, კომბინატის ტერიტორიაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას დააარსებენ, სადაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად კახა ტოლიაშვილი დასახელდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ჯერ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელი იყო. ტოლიაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის პირობას დებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების შეხვედრამ გორის თეატრში ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თეატრის სკვერში პოლიციელებიც იყვნენ მობილიზებული, თუმცა ისინი დარბაზში არ შესულან. „მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები ახლა საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის აუცილებელ პროცედურებს გაივლიან.
XS
SM
MD
LG