Accessibility links

ნიკა გვარამიამ ხელისუფლებას მოუწოდა უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში ფარულად ჩაწერილი მასალები მიიღო ინფორმატორისგან, რომელიც შსს-ს წარმომადგენელია. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცნობით, მის სამუშაო ოთახში ჩაწერილი მასალა 15 წუთის ხანგრძლივობისაა, ნინო შუბლაძის შემთხვევაში კი - ერთსაათიანი და ორივე ფაილი 2013 წლის ივნისისაა. „წყაროს ინფორმაციით, ეს ვიდეოკამერა დამონტაჟებულია საკმაოდ დიდი ხანია“, - განაცხადა გვარამიამ. მისივე თქმით, ტელეკომპანიამ თავად სცადა სათვალთვალო ტექნიკის აღმოჩენა, თუმცა მხოლოდ ჭერში არსებულ სპეციფიკურ ნახვრეტებს მიაგნეს. ინფორმატორზე დაყრდნობით ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ ასამდე ფაილი არხის თანამშრომელთა პირადი და საქმიანი საუბრების და შეხვედრების ამსახველი ჩანაწერებით. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყდეს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი. „მომავალში ნებისმიერი სახისა და შინაარსის უკანონოდ მოპოვებული აუდიო, თუ ვიდეომასალის ნებისმიერი გზით გავრცელებასა და საინფორმაციო სივრცეში განთავსებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
XS
SM
MD
LG