Accessibility links

logo-print
2014 წლის აპრილში, 2013 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტად 7.6 პროცენტით ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა. განსაკუთრებული ზრდა (50 პროცენტზე მეტი) დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ფასები გაიზარდა რძის პროდუქტებზეც, თუმცა შემცირდა ზეთსა და ცხიმზე.

ინფლაცია არის იმ საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასის დონის ზრდა, რომელიც იწარმოება და იყიდება ქვეყანაში. ინფლაციის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს: მოთხოვნის ზრდა, მიწოდების შემცირება, ინფლაციური მოლოდინები. საზოგადოებაში ინფლაცია, თავისი უარყოფითი შედეგებისა და სოციალური მნიშვნელობის გამო, უარყოფითად აღიქმება. ინფლაციის საპირისპიროა დეფლაცია, ფასების შემცირება, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა საქართველოში - 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2013 წლის ჩათვლით. 2013 წლის ბოლოს, ნოემბერსა და დეკემბერში, ინფლაცია უკვე დადებითი ნიშნით დაფიქსირდა. ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელი 0,6%, ხოლო დეკემბერში 2,4% დაფიქსირდა.

გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, დეფლაცია კარგია, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მეტი პროდუქციის შესყიდვის უნარი აქვთ. თუმცა, რეალურად, მაღალი ინფლაციაც და გრძელვადიანი დეფლაციაც საზიანოა ეკონომიკისთვის. ფასების სტაბილურობა აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

ფასების სტაბილურობის გარანტი ქვეყანაში ეროვნული ბანკია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის საშუალებით ცდილობს ფასების ზრდის დინამიკის შემცირებას იმ დონემდე, რომელიც არ მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მოქმედებს ინფლაციის ე.წ. თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. 2014 წლისთვის ინფლაციის დონე 6 პროცენტზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, 2015 წლისთვის კი - 5 პროცენტს.

რამდენად რეალურია ეს პროგნოზი?

2013 წლის შემოდგომიდან შეინიშნებოდა ეკონომიკის გააქტიურება და, შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია. ზრდის ტენდენცია გრძელდება 2014 წლის პირველ კვარტალშიც. საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, 2014 წლის პირველ კვარტალში ინფლაციის ზრდა მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული. ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო საკრედიტო აქტივობის გააქტიურებამ 2013 წლის ბოლოდან. ეს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ განაპირობა. წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემზე 3 პროცენტით მეტია. ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას ფულადი გზავნილების ნაკადების ზრდაც განაპირობებს, გზავნილების ნაკადების მოცულობა 2013 წელს თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა და ეს ტენდენცია 2014 წელსაც გრძელდება.

ეროვნულ ბანკში ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოებას 2014 წლის ბოლოსთვის პროგნოზირებენ. შესაბამისად, მიღებულია შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG