Accessibility links

logo-print

ობამას ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე


ობამას ადმინისტრაცია მუშაობს ახალ სანქციებზე, რომელთა სამიზნე, შესაძლოა, გახდეს რუსეთის ეკონომიკის ცალკეული დარგი, თუკი მკვეთრად გაიზრდება რუსეთის აგრესიული მოქმედება უკრაინის მიმართ. ამის შესახებ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა. აგრესიის მკვეთრად ზრდად სახელმწიფო დეპარტამენტი ჩათვლიდა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობებს, ან კიდევ ერთი სეპარატისტული რეფერენდუმის აღიარებას. 20-ზე მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და ენერგოკომპანიების დაუყოვნებლივ დასჯას, თუმცა, დემოკრატები თვლიან, რომ ასეთი ძლიერი ზომების მიღება ნაადრევია. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სენატორების ნაწილმა ღიად დააყენა ეჭვქვეშ სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დღემდე დაწესებულმა სანქციებმა ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. სხდომის ზოგიერთი მონაწილე მოითხოვდა უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას. აშშ უკრაინას 18 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს. ის არ მოიცავს იარაღის მიწოდებას.
XS
SM
MD
LG