Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ ტორონტოს მერის ადგილსამყოფელის დადგენას


ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტები უშედეგოდ ეძებენ ტორონტოს მერ რობ ფორდს, რომელმაც გასულ კვირაში განაცხადა, რომ ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობას აპირებდა. ფორდმა ტორონტო რამდენიმე დღის წინ დატოვა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გასულ კვირაში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ჩანდა როგორ მოიხმარდა ტორონტოს მერი რობ ფორდი კოკაინის ერთ-ერთ ნაირსახეობას. თითქმის ერთი წლის წინ მსგავსი შინაარსის კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. ფორდმა მაშინ აღიარა, რომ ნარკოტიკი მოიხმარა „ალკოჰოლური თრობის“ მდგომარეობაში. ტორონტოს მერის რობ ფორდის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აშშ-ში გაემგზავრა ნარკო-სარეაბილიტაციო კლინიკაში სამკურნალოდ. ჩიკაგოში კანადის გენერალურმა კონსულმა განაცხადა, რომ ფორდი მართლაც ჩავიდა იქ ტორონტოდან, თუმცა, უარი თქვა აშშ-ში შესასვლელი ანკეტის შევსებაზე, რომ მისთვის - როგორც ნარკომანისთვის უარი არ ეთქვათ აშშ-ში შესვლაზე. ტორონტოს მერის ძმამ, რომელიც მისი ადვოკატიც არის, განაცხადა, რომ რობ ფორდი სარეაბილიტაციო კლინიკაში იმყოფება, რომლის ადგილმდებარეობას არ ახმაურებენ, რადგან ეს „პირადი ინფორმაციაა“. გასულ წელს ტორონტოს ქალაქის საბჭომ ფორდს უფლებამოსილებათა უმრავლესობა მოუხსნა და ახლა ქალაქს ვიცე-მერი ნორმ კელი მართავს. რობ ფორდი კვლავაც აპირებს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი მერის პოსტზე.
XS
SM
MD
LG