Accessibility links

logo-print

ინტელექტუალური და პიროვნული სიმწიფის როლი რელიგიური ადამიანის ცხოვრებაში (ნაწილი 1)


ავტორი: გუგა გრიგოლია

ვინაიდან მოცემული საკითხი შინაარსობრივად საკმაოდ მდიდარი და შეიძლება ამოუწურავია, ჯერჯერობით მხოლოდ არასრულად შევეხებით, ადამიანის აზროვნების მხოლოდ რამდენიმე ასპექტს, ძირითადად - ანალიტიკურს და რელიგიურს. და ხაზს გავუსვამთ, იმას თუ რა პრობლემებამდე მივყავართ ადამიანში ანალიზის პიროვნული სიმწიფის და ინდივიდუალურობის დეფიციტს.

იდენტობის როლი და მისი ბუნება
თავდაპირველად გავარკვიოთ სიტყვა იდენტობის განსაზღვრება, ეს არის პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა, ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია.
"ვინ ვარ?" "რა მინდა?" "როგორია ჩემი პიროვნული მახასიათებლები?" "სადაა ჩემი ადგილი?" ესაა ძირითადი კითხვები რომლებიც იდენტობას უკავშირდება.
იდენტობის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან, სრულიად გაუცნობიერებლად იწყება და სრულიად გაუცნობიერებლად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ ასაკში (პირობითად გარდატეხის პერიოდში), როდესაც ადამიანის ცნობიერება პროგრესს განიცდის, მას უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, თავად გამოძერწოს საკუთარი პიროვნული შტრიხები, ხასიათის თვისებები, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური როლი, გაარკვიოს საკუთარი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები და პოზიცია. მას სურვილი უჩნდება თავადაც იპოვნოს საკუთარი ადგილი და როლი გარესამყაროში, შექმნას საკუთარი, ცხოვრება, საკუთარი "მე" და მასთან მოახდინოს გაიგივება, ესაა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, პიროვნების ჩამოყალიბების, რთულ და მუდმივ გზაზე.
იდენტობის ჩამოყალიბება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნებისმიერ შემთვევაში ხორციელდება. თუკი დავუსვამთ შეკითხვას ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევით გამვლელს, ჭკვიანს თუ უჭკუოს, ღარიბს თუ მდიდარს, ისინი სხაპასხუპით გაგცემენ პასუხს იმაზე თუ რასთან და ვისთან აიგივებს საკუთარ თავს, რას წარმოადგენენ, რა უნდათ და რა ადგილი უკავიათ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რომ მათ შეიძლება აქამდე არც კი ჰქონოდათ ამ საკითხზე ნაფიქრი.
ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა ამაზე პიროვნება თავად იმუშავებს თუ არა, იდენტობა - ანუ გაიგივება გარდაუვალი პროცესია და ის დაუკითხავად მაინც ხორციელდება, იმისადა მიუხედავად ჩვენ ამ პროცესზე თავად, ცნობიერად ვიმუშავებთ თუ არა... ასეთია მისი ბუნება.
დღის წესრიგში დგება საკითხი, რა არის საჭირო და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ თავად აღმოვაჩინოთ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები, თავად ვიპოვნოთ საკუთარი როლი და თავად შევძლოთ ამ როლის დამსახურება.
ამისათვის საჭიროა რამდენიმე ძირითადი თვისება, ყურადღება, სურვილი, ნებისყოფა, აზროვნების ავტონომიურობა, მისი ძლიერება და შემოქმედებითობა.
საკუთარ თავზე კონტროლის აღება, მანამ უნდა მოასწროს ცნობიერებამ, სანამ ამას არაცნობიერი გააკეთებს.

აბსტრაქტული აზროვნების მნიშვნელობა ადამიანის აზროვნებაში
განასხვავებენ შემეცნების გრძნობად-ემპირიულ და თეორიულ-აბსტრაქტულ საფეხურებს. გრძნობად ემპირიული შემეცნების ფორმებია: შეგრძნება, აღქმა, (დაკვირვება, ცდა, ექსპერიმენტი) და წარმოდგენა. ხოლო თეორიულ აბსტრაქტული შემეცნების საფეხურებია: ცნება, მსჯელობა და დასკვნა.
აზროვნების განვითარების უმაღლესი ეტაპი აბსტრაქტული აზროვნებაა, ის ასევე შემოქმედებითობის ყველაზე მაღალი გამოხატულებაა და მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს სადაც ორიენტაციას ადამიანი განყენებული ცნებების მეშვეობით ახდენს.
მონაცემების მოგროვება, მათი ანალიზი, ჰიპოთეზების ძალიან ფრთხილად და ძალიან ხანგრძლივად გამოძერწვა და სრულყოფილად ჩამოსხმა და შემდეგ ამ ჰიპოთეზების დადასტურების ან უარყოფის გზების ძიება, ჯანსაღი სკეპტიციზმი და კრიტიკული აზროვნების უნარი, ყველაზე მთავარი და აუცილებელი საშუალებებია, რომელთა გარეშეც დასკვნის მიღება შეუძლებელია და მათი გამოყენება რელიგიური მრწამსისა, სიმაღლის თუ წონის მიუხედავად ყველა ადამიანისთვის თანაბრად აუცილებელია, სხვაგვარად საზოგადოება იღებს ირაციონალ სეკულარებს და ფანატიკოს მორწმუნეებს, რაც არცთუ ისე სახარბიელო კონტიგენტია, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომუკურ თუ სხვა ნებისმიერ ჭრილში.


ლოგიკური ანომალიები და მათი განკერძოებული შემთხვევები
მორწმუნე ადამიანების უდიდესი უმრავლესობის პრობლემა ის კი არაა, რომ სწამთ, არამედ ის რომ რწმენის ობიექტის გაანალიზების უნარი არ გააჩნიათ და აზროვნების უუნარობის გამო, ავტომატურად ისწრაფვიან დოგმატური აზოვნებისაკენ, ფუნდამენტალიზმისკენ და ბოლოს უკვე ფანატიზმისკენ, რაც სავსებით ბუნებრივია, - არსებობს ადამიანის 2 კატეგორია, პირველი რომელსაც ლოგიკური ანალიზის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, რომ მაგალითად ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად საჭიროა შუქნიშანი და მეორე ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად ავტორიტეტი, წმინდა წიგნი და გამოცხადება სჭირდება სადაც თუნდაც არგუმენტაციის გარეშე ეწერება, რომ შუქნიშანი სასარგებლოა. (მოცემულ მომენტში არ ვეხებით ზოგადად, გამოცხადების საჭიროება არსაჭიროების მნიშვნელობას, არამედ მხოლოდ ადამიანის აზროვნების უნარს და მეთოდს).
იმისდა გამო, რომ არალოგიკური, ირაციონალიზმით გაჟღენთილი, ემოციური აზროვნების კლასიკური მაგალითები, საკმაოდ ხშირია, მორწმუნე ადამიანების უდიდესი ნაწილის ყოველდღიურობაში, შევეცდებით მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მკაფიო შემთხვევები განვიხილოთ.
როდესაც ადამიანს შეხება ირაციონალ ადამიანთან აქვს, საჭიროა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ მისი დაბალი ინტელექტი თუ მცდარობა, არანაირ კავშირში არაა იმ პოზიციასთან, ფილოსოფიასთან თუ რელიგიასთან, რომლის წარმომადგენლადაც თავს ის თავად ასაღებს. ასეთი ადამიანების უდიდეს უმრავლესობას მართლაც გულწრფელად სწამს იმისა, რომ ისინი არიან წარმომადგენლები გარკვეული მიმდინარეობისა, (ავიღოთ მაგალითად ქრისტიანობა). ასეთი ადამიანები თავგამოდებით დაიწყებენ საკუთარი სარწმუნოების დაცვას, მიუხედავად იმისა რომ სრული ინტელექტუალური ბანკნოტები არიან არათუ ქრისტიანულ, არამედ ელემენტარულ ლოგიკურ საკითხებში. ისინი მზად იქნებიან სრული გულწრფელობით თუნდაც სიცოცხლე გაწირონ იმის დასამტკიცებლად რომ ქრისტიანები არიან, როდესაც ხშირად ქრისტეზე ელემენტარული ცნობა და წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ.
რა იწვევს მსგავს ანომალიებს? რა არის იმის მიზეზი, რომ ერთი შეხედვით მოაზროვნე ადამიანებიც კი, რომელთან შეიძლება პირადი ცხოვრებაც იდეალურად აქვთ მოწყობილი, ბიზნესშიც საკმაოდ ძლიერები არიან და საკუთარ პროფესიაშიც ბადალი არ ჰყავთ, მაშინვე გონებაშეზღუდული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, როგოც კი საქმე რწმენის საკითხებს ეხება? მიზეზი მარტივია, ვიწრო თვალსაწიერი, ეგზისტენციალური სიცარიელე და ფილოსოფიური წყურვილის არქონა. განვიხილოთ რამდენიმე ლოგიკურად გაუმართავი მაგალითი, რომელიც ლიტერატურული შელამაზებისდა მიუხედავად, რეალურ ისტორიებს ეფუძნება -
1) "- მოგესალმებით ბატონო X, თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, თქვენ გასულ წელს ნობელის პრემია აიღეთ პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში, ჩვენ ვიცით თქვენი უდიდესი ნიჭი და დამსახურება ამ სფეროში, მაგრამ იქნებ გაგვაცნოთ თქვენი შეხედულებები ფილოსოფიურ საკითხებზე, როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე?
- იცით ჩემი აზრით სავსებით დასაშვებია ის ვერსია, რომელიც ამასწინათ ჩემმა მეცნიერმა მეზობელმა მითხრა, რომ შესაძლოა გარკვეული დროის წინ დედამიწას უცხოპლანტელები ესტუმრნენ და სწორედ მათ მიერ შემთხვევით დატოვებულმა ექსკრემენტებმა ბიძგი მისცა ევოლუციურ ჯაჭვს, რომელმაც ადამიანი წარმოშვა რაც სავსებით დასაშვებია რადგან თუკი უცხოპლანეტელები არსებობენ, მაშინ სავსებით რეალურია რომ მათ ექსკრემენტებში არსებულმა მიკრობებმა მილიონობით წლის განმავლობაში უფრო რთული ორგანიზმები წარმოქმნან".
2) "- თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო პირი ხართ, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია ქრისტეს გზაზე, იქნებ გვითხრათ თქვენი შეხედულება იმის თაობაზე თუ რატომაა ბიბლია სანდო?
- მინდა აღვნიშნო რომ როგორც სულიწმინდის მიერ ჩასახვის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებით, ისევე ვერ ჩავწვდებით იმას, არსებობს თუ არა ღმერთი და ვერ იმ საკითხს ბიბლია არის თუ არა სწორი. ჩვენ რწმენით ვიღებთ სულიწმინდით ჩასახვას და ასევე რწმენით უნდა მივიღოთ ეს საკითხებიც, მითუმეტეს რომ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ქრისტიანული წარსული აქვს და მსგავსი ეჭვებისა თუ კითხვების ქონა, პირველ რიგში ჩვენი წინაპრების ღალატია"
3) "- რატომ თვლით რომ თქვენი სარწმუნოება სწორია?
- იმიტომ რომ მე ეს მოძღვრება შვებას მგვრის და საოცრად მამშვიდებს, მას შემდეგ რაც ლოცვა გავაძლიერე, კაზინოში სიარულს მოვუკელი და ეს მართლაც უდიდესი ნიშანია ზეციდან"
მსგავსი ალოგიკური მაგალითების მოყვანა უსასრულობამდე შეიძლება, თუმცა კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ის, რომ მოცემული მაგალითები ზოგადად ღმერთის არსებობა არარსებობას ან რომელიმე სარწმუნოების სისწორე-სიმცდარეს არ ეხება, საკითხს მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ ჭრილში განიხილავს და არ გულისხმობს იმას, რომ ზემოთაღნიშნულ შეკითხვებზე ლოგიკურად გამართული პასუხები არ არსებობს, ჩვენ მოცემულ მომენტში საერთოდ გვერდს ვუვლით ამ საკითხზე საუბარს.
მოცემული მაგალითების შედეგად შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა, თუკი შეიძლება ინტელექტუალი, ავტორიტეტული ადამიანიც კი საკმაოდ ჩამოუყალიბებელი და პიროვნულად განუვითარებელი იყოს, მაშინ ადვილად წარმოსადგენია რამდენად უარეს სიტუაციაშია რიგითი ადამიანი, რომელიც არც ცოდნით გამოირჩევა და არც აზროვნების უნარით, დასკვნა მართლაც პესიმისტურია და არანაირ იმედს არ იძლევა.

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG