Accessibility links

logo-print
ერთ-ერთ ძველ სიუჟეტში ჯაზის შემქმნელ ინსტრუმენტებად ბადი ბოლდენის კორნეტი, ჯელი როლ მორტონის პიანინო და ლუი არმსტრონგის თუნუქის საყვირი მოვიხსენიე. დიახ, ეს მუსიკალური საკრავები ჯაზური ოჯახის ბურჯები და მარჩენალნი იყვნენ, რომელთა „ჯაზურკაცური“ სიტყვა კანონი გახლდათ და კარგა ხანს ენის შებრუნებასაც ვერავინ უბედავდა. უხუცესების ბატონობამ გასული საუკუნის შუახანებამდე გასტანა, სანამ სცენაზე ერთგვარი აჯანყება არ მოხდა და თანასწორუფლებიანობა არ დამყარდა. ერთ-ერთი მეამობოხე კი კონტრაბასი გახლდათ, რომელსაც წლების განმავლობაში უხდებოდა უფროსების ჭკუაზე სიარული - ადრე თუ მხოლოდ რიტმული თანხლება ევალებოდა, უკვე სოლირებას მოჰყვა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს ბასური ხაზი კოლექტიური ჟღერადობის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენს. მეტიც, ჯაზში, როკმუსიკასა თუ მათ მონათესავე მიმდინარეობებში, კონტრაბასისტები და ბასგიტარისტები უკვე ძალაუფლებისათვის, პირველობისათვის იბრძვიან. თანამედროვე სცენაზე კი ერთ-ერთი ასეთი ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი შვედი იონას ჰელბორგი ბრძანდება. მისი მუსიკალური მიდრეკილებების მოხელთება მეტად სასიამოვნო და, ამავე დროს, რთული პროცესი გახლავთ, რადგან სტუდიურ თუ საკონცერტო პროექტებში კარდინალურად განსხვავებულ მუსიკალურ ენებზე მეტყველებს - პანკ-როკიდან დაწყებული, ევროპული კლასიკით დამთავრებული: ხან ფრიჯაზულ იმპროვიზაციებს წარმოადგენს, ხან აღმოსავლური მედიტაციების ხასიათზეა, ხანაც უხეში, აგრესიული ხელწერით უმძიმეს რიტმულ-აკუსტიკურ განსაცდელს გიწყობს.

იონას ჰელბორგმა მუსიკალური კარიერა 70-იან წლებში შვედეთში დაიწყო. ახალგაზრდა ვირტუოზის მოსმენა სტოკჰოლმის ღამის კლუბებში იყო შესაძლებელი, სადაც სხვადასხვა როკჯგუფების შემადგენლობაში გამოდიოდა. როკმუსიკის სამყაროდან კი ჯაზურ სცენაზე შემთხვევითობის წყალობით აღმოჩნდა: 1981 წელს, როცა მონტრეს ფესტივალზე წარდგა მსმენელის წინაშე, მისი საშემსრულებლო ოსტატობა ცნობილმა ამერიკელმა საქსოფონისტმა მაიკლ ბრეკერმა შეამჩნია და ბრიტანელ გიტარისტს, ჯონ მაკლაფლინს, ახალგაზრდა კაცის ჯგუფში აყვანა ურჩია. იმხანად ეთნო-ფიუჟენის გურუს საკუთარი ლეგენდარული პროექტის - „მაჰავიშნუს“ - გაცოცხლება ჰქონდა განზრახული. მისი ჩანაფიქრი 70-იანი წლების ნამოქმედარის უფრო ხისტი, უხეში ფორმით წარმოჩენას ითვალისწინებდა, ინდური რიტმიკის ნაცვლად აქცენტირება მოდალურ ჯაზსა და როკმუსიკის ინტონაციებზე უნდა მომხდარიყო. ჰოდა, ურთულეს სტრუქტურებზე აგებული იმპროვიზაციული კომპოზიციების შესასრულებლად იონას ჰელბორგის ენერგიული, რადიკალური და პანკური ხელწერა ზედგამოჭრილი გახლდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ განახლებული „მაჰავიშნუს“ ნოვაციური ბგერა საქსოფონისტმა ბილ ევანსმა, დრამერმა დენი გოთლიბმა და პიანისტმა მიტჩელ ფორმანმაც გაამდიდრეს.

იონას ჰელბორგმა ჯონ მაკლაფლინთან 6 წელი გაატარა. ეს მისი შემოქმედების ყველაზე პროდუქტიული და განვითარებისათვის სასარგებლო პერიოდი გახლდათ, რადგან უფროსი თაობის ისეთი მუსიკოსების გვერდით აგროვებდა გამოცდილებას, როგორებიც იყვნენ ბილი კობემი, ტრილოგ გურტუ, ტონი უილიამსი და სხვები. თუმცა შვედის მუსიკალური აზროვნების ჩამოყალიბებაზე, მის იმპროვიზატორულ გამჭრიახობაზე ყველაზე დიდი გავლენა მაინც მაკლაფლინმა იქონია. გურუს წყალობით, ორიენტალური ვნებებით აღტკინებულმა, მოდალური ჯაზი თუ როკი არაერთხელ გააჯერა ინდური კლასიკური მუსიკის ინტონაციებით.
XS
SM
MD
LG