Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი დემოკრატიულ მსოფლიოს: არ დაივიწყოთ საქართველო


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც საქართველოს დაცვა კვლავ რუსეთის აგრესიისა და გავლენის ზონაში მოქცევისგან - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 6 მაისის გამოსვლისა პარიზში, დიპლომატიის საერთაშორისო აკადემიაში (Académie Diplomatique Internationale). დავით უსუფაშვილის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ უნდა იქონიოს რუსეთის პოზიციამ. რა შანსი აქვს ამ ეტაპზე საქართველოს და რა როლის შესრულება შეუძლია ამ პროცესში საფრანგეთს?

ჩვენ მეტად ოპტიმისტები ვართ ამ მეტად პესიმისტურ ეპოქაში - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა დავით უსუფაშვილმა, რომლის ოპტიმიზმიც ამ შემთხვევაში დიდი ქვეყნების მიერ საქართველოს არდავიწყების იმედს უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო არ დაივიწყებს საქართველოს, როგორც ეს 1921 წელს მოხდა. ამ კონტექსტში ისმის ერთგვარი უკმაყოფილებაც იმის თაობაზე, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ ძლიერ მოადუნა ყურადღება საქართველოს ოკუპაციის მისამართით და 6 თვის წინ თითქმის დაივიწყა, რომ რუსეთი სრულიად უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებას.
ნატოში ინტეგრაცია უკრაინის მიზანი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთი მაინც შევიდა, რათა შეეჩერებინა თუნდაც უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან...
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ბევრ რამეს თავისი ნამდვილი სახელი დაერქვა და ყველამ დაინახა, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების კვლავ დამორჩილებას ცდილობს და რომ ეს მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო არ ხდება:

„ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ნატოს წევრი, რადგანაც ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ინსტრუმენტია ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის, რათა ის არ გახდეს ნაწილი იმპერიისა ან საბაჟო კავშირისა, ანდა რაღაც მსგავსისა, რაც არ უნდა იყოს მისი სახელი ... ამ სირთულეების გამოვლინებაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - ქვეყანაში, რომელმაც განაცხადა, რომ ის საერთოდ არ აპირებდა ნატოში გაწევრიანებას და რომ ეს არ იყო მისი მიზანი. ამასთან, რუსეთისთვის დაუშვებელი აღმოჩნდა უკრაინის თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ, „მართალია, ნატოში ინტეგრაცია უკრაინის მიზანი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთი მაინც შევიდა, რათა შეეჩერებინა თუნდაც უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან”.

ევროკავშირთან დამოკიდებულებაში საქართველოს პრობლემა არა აქვს და, როგორც ცნობილია, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სწორედ უკრაინაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, დაჩქარებული ტემპით - უკვე ივნისში მოეწერება ხელი. რაც შეეხება ნატოს და ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების შანსს შემოდგომის უელსის სამიტზე, ამ საკითხთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
საფრანგეთი, ალბათ, მიჰყვება იმ საერთო ხაზს, რასაც სხვა დიდი ევროპული ქვეყნები აირჩევენ (საქართველოსთვის) MAP-თან დაკავშირებით...
მამუკა კუდავა

იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, გერმანიასთან ერთად, საფრანგეთიც გახლდათ, პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარიზის კეთილგანწყობის მოპოვებას და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტსაც სწორედ ამ მიმართულებით შეტანილ წვლილად აღიქვამს. ამავე ჭრილში განიხილება საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, საქართველოში მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი. თუმცა, როგორც საზოგადოება ”ივერიის” დამფუძნებელმა, ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში, მამუკა კუდავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საფრანგეთის სიტყვის ძალა ნატოს შიგნით ახლა გაცილებით სუსტია, ვიდრე ეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს, იყო:

”სარკოზის ენერგიულობა და ჩართულობა მეტი იყო, მისი წონაც. საგარეო აქტივობა დიდწილად დამოკიდებულია მყარ პოზიციებზე ქვეყნის შიგნით - ოლანდის პოპულარობა კი საფრანგეთში 20 პროცენტიც არ არის. მას აკრიტიკებენ ბევრი თვისების გამო - მაგალითად, მერყეობს გადაწყვეტილებების მიღების დროს და არამკაფიო პოზიციები აქვს. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი, ალბათ, მიჰყვება იმ საერთო ხაზს, რასაც სხვა დიდი ევროპული ქვეყნები აირჩევენ (საქართველოსთვის) MAP-თან დაკავშირებით”.

მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს - ამ საკითხთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს უსაფრთხოების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებზე ფიქრს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. ამ კონტექსტში ის ჩვენთან საუბრისას იხსენებს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ 30 აპრილს ვაშინგტონში გახმაურებულ ინიციატივას, რომ ნატომ საქართველოში ”თავდაცვითი საშუალებების” განთავსებაზე უნდა იფიქროს და რომ ეს ადეკვატური მესიჯი იქნება რუსებისთვისაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ თუკი არა მთელი ალიანსი, შესაძლოა, საქართველომ ცალკეული ქვეყნები დაიყოლიოს:
თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე
”როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ალიანსში შეიძლება იმავე ირაკლი ალასანიას წინადადებას მოჰყვეს სხვადასხვაგვარი შეფასებები და სწორედ აზრთა სხვადასხვაობის გამო ალიანსს გაუჭირდეს ამ გადაწყვეტილების მიღება, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უფრო ადვილი გასავითარებელი გახდეს ორმხრივ ფორმატში რომელიმე სახელმწიფოსთან. ამიტომაც ვამბობ, რომ ნატოსგან შეიძლება ვერ მივიღოთ პირდაპირი გარანტიები, მაგრამ მივიღოთ ირიბი გარანტიები. საკმარისია, რომ ალიანსის თუნდაც ერთ სახელმწიფოსთან გავაძლიეროთ სამხედრო თანამშრომლობა, რომ მეტი სივრცე იქმნება ამ მიმართულებით”.

პოტენციურ მოკავშირედ ამ ჭრილში თენგიზ ფხალაძე ხედავს ნატოს ნებისმიერ ქვეყანას - მაგალითად, საფრანგეთს. მით უმეტეს, რომ საქართველომ უყოყმანო თანხმობა განაცხადა საფრანგეთთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ჩართვაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG