Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის


საქართველო კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ განათლება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკისა და თუნდაც სოციალური განვითარებისთვის. „NDI - საქართველოს“ მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ნომერ პირველ პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. გამოკითხვის პირველ ათეულში განათლებაში არსებული პრობლემები ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ადამიანის უფლებებს უსწრებს.

განათლების როლზე საქართველოს, როგორც ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის შეფასებაში ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI). ეს ინდექსი ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ბიზნესკლიმატის შექმნასა და მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2012-2013 წლების კვლევა მოიცავს 144 ქვეყანას. ამ ინდექსის თანახმად, საქართველო, განათლებისადმი ძირითადი მოთხოვნებით, მე-13 ადგილზეა, თუმცა ინოვაციისა და განვითარების ფაქტორით - 120-ე ადგილზე. ამასთან, ეს მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, 2012-2013 წლებში გაუარესებულია რამდენიმე ერთეულით.

ეს გაუარესება ნათელყოფს, რომ ქვეყანა ვერ ეწევა მსოფლიოს განვითარებას და, შესაბამისად, მცირდება მისი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით.

თუ ცალკეული მიმართულებების მიხედვით გადავხედავთ, სიტუაცია ასეთია:
ჯანდაცვისა და დაწყებითი განათლების კომპონენტში საქართველოს საკმაოდ მაღალი ქულა აქვს პირველადი განათლების კუთხით (მე-7 ადგილი რეიტინგში), თუმცა, დაწყებითი განათლების ხარისხით, ქვეყანა 91-ე ადგილზეა 144 ქვეყნიდან (3.4 ქულა), რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი განათლება კი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ძალიან დაბალხარისხიანია. უმაღლესი განათლებისა და ტრენინგის მიმართულებით კი საქართველოს კონკურენტუნარიანობა ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაშია - მე-8 შემადგენელ კომპონენტში.

ცხადია, თუ უკუგების თვალსაზრისით მივუდგებით, განათლებაზე პრიორიტეტის გაკეთებას ქვეყნისთვის გაცილებით დიდი უკუგება შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვას (მიუხედავად ბენეფიციარების ეკონომიკური საჭიროებისა) ან სუბსიდირების საკმაოდ გავრცელებულ პროგრამებს ქვეყანაში. თუმცა იმის გამო, რომ ეს ხარჯი ეფექტს საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ იძლევა, მთავრობები ხშირად არჩევანს უფრო პოპულისტური მოკლევადიანი ეფექტის მქონე და მალე ხელშესახებ პრიორიტეტებზე აკეთებენ.

თუ რამდენად გააზრებულია განათლების მნიშვნელობა ქვეყანაში, წარმოდგენას ამაზე საბიუჯეტო ხარჯებიც იძლევა. დღეს განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში 3,2 პროცენტია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად განვითარებული ქვეყნები მშპ-ს მინიმუმ 4 პროცენტს ხარჯავენ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სტატისტიკის თანახმად, განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასები, ყველა სხვა სფეროს საშუალო ხელფასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია (უკანასკნელი მონაცემებით, თვეში, საშუალოდ, 428 ლარი), რაც უდავოდ აისახება განათლების ხარისხზე.
XS
SM
MD
LG