Accessibility links

ჰეიგი: რუსეთი უკრაინაში არჩევნების ჩაშლას ცდილობს


უკრაინის უშიშროების ძალების მარიუპოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ

უკრაინის უშიშროების ძალების მარიუპოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ

უკრაინის მედიის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების ძალებმა ოთხშაბათს დონეცკის რაიონის ქალაქ მარიუპოლის მუნიციპალიტეტის შენობა დაიკავეს რუსეთის მხარდამჭერ შენაერთებთან მწვავე შეტაკებების შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

უკრაინის ტელეკომპანია TV5-ის თანახმად, ეროვნულმა გვარდიამ დაიკავა შენობა და აიძულა მეამბოხეები, გამოსულიყვნენ ქუჩაში, სადაც მათ გადაკეტეს მთავარი სატრანსპორტო არტერია. 7 მაისს დილას ტრანსპორტის მიმოსვლა კვლავ განახლდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იმოწმებს მარიუპოლში პრორუსულ წყაროებს, რომლებიც ადასტურებენ მუნიციპალიტეტის შენობის დაკავებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ.

სეპარატისტებმა ინტერფაქსს ასევე განუცხადეს, რომ უკრაინის ძალებმა დააპატიმრეს 11 ადამიანი, რომლებიც დონეცკის რეგიონში 10 მაისს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად კამპანიას მართავდნენ.

დაგეგმილი რეფერენდუმი მკაცრად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ: „ჩვენ ასევე ძალზე გვაშფოთებს რუსეთის მომხრე სეპარატისთა მცდელობები დონეცკსა და ლუგანსკში, დაუფარავად რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობის თაობაზე თითიდან გამოწოვილი და ყალბი რეფერენდუმის მოწყობა 11 მაისს. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ უკანონო მცდელობას, რომელიც უკრაინის კიდევ უფრო გაყოფას ისახავს მიზნად“.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ყველა უკრაინელს უნდა შეეძლოს საკუთარი ქვეყნის მომავალი მმართველობის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება 25 მაისისთვის დანიშნულ არჩევნებში.

6 მაისს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ იგივე განაცხადა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კეთრინ ეშტონმა: „უკრაინის ხალხის გადასაწყვეტია, რა არის უკრაინა და რა უნდა იყოს ის. და ისინი ფრთხილად აწონ-დაწონიან, სად არის მათი ადგილი მსოფლიოში“.

უკრაინაში ორი დღით ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი, მისი თქმით, „დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის. ჰეიგის სიტყვებით, რუსეთს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკრაინის შესახებ ხელმოწერილი ჟენევის შეთანხმების განსახორციელებლად: „ეჭვი არ არის, რომ რუსეთის მთავრობა ორგანიზებას უკეთებს კონფლიქტებს და პროვოკაციებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ამის უშუალო მიზანი არჩევნების ჩაშლაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ალბათ ცდილობენ, ქვეყანაში შეჭრის საბაბიც მოძებნონ“, თქვა ჰეიგმა.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში დაიკავეს სამთავრობო შენობები.

აშშ-მა და ევროპამ რუსეთს დაუწესეს სანქციები, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი წრის წინააღმდეგაა მიმართული. სანქციები გამიზნულია ასევე რუსეთის მომხრე იმ პირებისთვის, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასთან.

ამასობაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტულ ძალებს მოუწოდა, გადადონ თვითგამორკვევის შესახებ 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი.
XS
SM
MD
LG