Accessibility links

logo-print

უკრაინის ხელისუფლება კვლავაც მზად არის მშვიდობიანი დიალოგისთვის


დაპირისპირების შეჩერებისა და ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის ხელისუფლება კვლავაც მზად არის აწარმოოს მშვიდობიანი დიალოგი ქვეყნის აღმოსავლეთში, - განუცხადებია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილეს - ვიქტორია სიუმარს ტელეარხ „უკრაინისთვის“. ინფორმაციას სააგენტო "უნიანი" ავრცელებს. „ყველა დაიღალა ომისგან: ძალოვნებიცა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამიტომ, სადაც დიალოგი შესაძლებელია, უკრაინის ხელისუფლება მზად არის ამისთვის“, - აცხადებს სიუმარი. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის სიტყვებით, დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს პრემიერ-მინისტრისა და მთელი მთავრობის ვიზიტი ხარკოვში, ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის ადგილის მახლობლად. ვიქტორია სიუმარმა აგრეთვე განაცხადა, რომ, სადაც ადამიანები მხოლოდ იარაღის ენაზე სალაპარაკოდ არიან მზად, ხელისუფლებას არჩევანი აღარ აქვს: „ეს აგრესორები საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვცადეთ მათთან მოლაპარაკებების გამართვა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ლუგანსკში ერთი კვირა დაჰყო მუდმივ მოლაპარაკებებში ტერორისტებთან, რომლებსაც უკრაინის უშიშროების სამსახურის სამმართველოს შენობა ჰქონდათ დაკავებული. თუმცა, მიმდინარეობს მუდმივი კოორდინაცია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ტერორისტების უკან დგას მესამე მოთამაშე. სწორედ მან რუსეთის პრეზიდენტის პირით განაცხადა, რომ საჭიროა დონბასში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის გადატანა“.
XS
SM
MD
LG