Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს სურს, იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტიური კონტრიბუტორი


მაია ფანჯიკიძემ ულიამ ჰეიგს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა არაუგვიანეს ივნისისა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ ასევე დაადასტურა მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამშვიდობო ოპერაციებში. „ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს სურს იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ აქტიური კონტრიბუტორიც“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე შეფასებით, საქართველომ აჩვენა პროგრესი, რომელიც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება და შესაბამისად ქვეყანას მოელის, რომ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება ნატოს უელსის სამიტზე. „ალიანსმა ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და ვფიქრობთ, დადგა დრო გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი შეფასებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას, რადგან ის ნატოს მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა და სწორედ ეს სამიტი იქნება შესაფერისი მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის.
XS
SM
MD
LG