Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი და პოლონეთის პრემიერი სკეპტიკურად ეკიდებიან პუტინის განცხადებებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ალიანსს არ აღურიცხავს უკრაინის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებდა. „ჩვენ ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ მათ თავიანთი სამხედროები უკან გაყავთო“, განაცხადა რასმუსენმა ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რასმუსენი თვალს ხუჭავს ჯარების გაყვანაზე. ამის პასუხად რასმუსენმა თქვა, რომ მხედველობას არ უჩივის. დონალდ ტუსკმა კი დასძინა, პრეზიდენტ პუტინის განცხადებას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთო. პუტინმა 7 მაისს თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსეთის 40,000 სამხედროდან ნაწილი თავიანთ ბაზებს დაუბრუნდა. თეთრმა სახლმა და ნატომ კი ამის შემდეგ განაცხადეს, რომ ჯარების გაყვანა არ შეუმჩნევიათ.
XS
SM
MD
LG