Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ნომერს კარგავს?


2012 წლის 8 სექტემბერი

2012 წლის 8 სექტემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ოპოზიციური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. საქმე ის არის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საარჩევნო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დარეგისტრირებულიყო მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში რიგითი ნომრით „ხუთი“, რომლითაც პარტია მონაწილეობას იღებდა 2003 წლის შემდეგ გამართულ ყველა არჩევნებში. რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და რა ნომრით მიიღებს მონაწილეობას 15 ივნისის არჩევნებში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია?

5 მაისით დათარიღებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის საფუძველზეც ცესკოს ხელმძღვანელი თამარ ჟვანია ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობას აცნობებს:

„საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკოს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც, საარჩევნო გრაფიკის მიხედვით, 16 მაისია“.
ყველას ესმის, რომ ნომრის წართმევა არის მორიგი მცდელობა ხელი შეეშალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. 12 წელი ეს ნომერი ასოცირდებოდა ჩვენს პარტიასთან...

სწორედ ამ წერილის საფუძველზე მიიჩნიეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ეჭვის ქვეშ დადგა საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ რიგით ნომრად „ხუთიანის“ მინიჭების საკითხი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა:

„ყველას ესმის, რომ ნომრის წართმევა არის მორიგი მცდელობა ხელი შეეშალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. 12 წელი ეს ნომერი ასოცირდებოდა ჩვენს პარტიასთან, რომელსაც მოახლოებული არჩევნებისათვის უკვე გაწეული აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები, დაბეჭდილია სარეკლამო მასალა, ბილბორდები. ჩვენ მოგვიწევს ყველაფრის შეცვლა და გადახედვა, ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემის შექმნის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“.

ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ცესკოს წარმომადგენელმა კახა ნარეკლიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი ღია რჩება:
სასამართლომ ცესკოს მიცა შანსი მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაავშირებით. სასამართლო თვლის, რომ ამაზე ცესკომ ცალკე უნდა იმსჯელოს როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, და ჩვენც დაველოდებით მის გადაწყვეტილებას...

„სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც კანონშესაბამისია, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. სასამართლომ განმარტა, რომ საკითხი საარჩევნო სუბიექტების რიგითობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყვიტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, და ეს არ არის ცესკოს თავმჯდომარის გადასაწყვეტი“.

საარჩევნო ბლოკში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებულია შოთა მალაშხიას „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა თქმით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ანალოგიურ ვითარებაში, სამ პოლიტიკურ გაერთიანებას მიენიჭა მათგან მოთხოვნილი ნომერი. ამ სამიდან ერთ-ერთი იყო „ალიანსი საქართველოსთვის“, სადაც შედიოდნენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

„სასამართლომ ცესკოს მიცა შანსი მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაავშირებით. სასამართლო თვლის, რომ ამაზე ცესკომ ცალკე უნდა იმსჯელოს როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, და ჩვენც დაველოდებით მის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, ყოველივე ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისათვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისათვის, იმიტომ რომ კანონით განსაზღვრული ვადა 16 მაისს იწურება და ამ დრომდე, შესაძლოა, ცესკომ გადაწყვეტილება არ მიიღოს და ეს მაშინ, როცა საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული“.

ანუ, სასამარლოს გადაწყვეტილებისა და მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ 16 მაისამდე არ ეცოდინება, თუ რა ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს 8 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. რაც შეეხება არჩევნებში ბლოკით მონაწილეობის მიზეზს, ამასთან დაკავშირებით ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ბლოკის წარმომადგენლები საარჩევნო უბანსა და კომისიაში სხვანაირად ფინანსდებიან, ვიდრე პარტიის წარმომადგენლები. არის სხვა უპირატესობებიც, რაც ყველასთვის ცხადსა ხდის, რომ ბლოკით არჩევნებში მონაწილეობა უფრო მომგებიანია, განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელსაც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში შემომწირველი არ ჰყოლია. თუ ვინმე შემომწირველი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებში, დღემდე სასამართლოში დადიან და დღემდე ურთიერთობას არკვევენ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ კანონის ფარგლებში მაქსიმალურად მეტად მოვახერხოთ ჩვენი პარტიისათვის ყველანაირი საშუალების გამოყენება როგორც ამ, ასევე მომავალი არჩვენებისთვის“.
XS
SM
MD
LG