Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების შესახებ


საარჩევნო ბლოკმა „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ გორში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და პირველი საგანგებო ბრიფინგი რეგიონის რწმუნებულის გადადგომის მოთხოვნით გამართა. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი იოსებ ბორცვაძე შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. ბორცვაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გუბერნატორი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, მან სამხარეო ადმინისტრაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადააქცია და წინასაარჩევნო კამპანიაშია აქტიურად არის ჩაბმული. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ გუბერნატორის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

იოსებ ბორცვაძე დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებისკენაც მოუწოდებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ეს ინიციატივა კანდიდატების საარჩევნო შტაბებს უკვე აცნობა. მისი აზრით, თუ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მოხერხდება ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ეს სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხებას უფრო გაამარტივებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატები საარჩევნო ხმებს ერთმანეთს წაართმევენ და კოალიციის კანდიდატებს ამით უპირატესობას მისცემენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 58 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული. ქალაქში 16 საინიციატივო ჯგუფი 5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა. კონკურენცია მაღალია, თუმცა საეჭვოა, რომ კანდიდატებმა მოლაპარაკება შეძლონ, რადგან ბორცვაძის ინიციატივას კანდიდატები უარყოფითად გამოეხმაურნენ. ჭალა-სადგური-წყაროსუბნის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ ედიშერაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ კონსულტაციების გამართვა მათთვის წამგებიანი იქნება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატების შანსები იზრდება და პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე შეთანხმებაზე წასვლა მათ მხოლოდ ზიანს მოუტანს.

წმინდაწყლის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ დამოუკიდებელ კანდიდატ შალვა ტლაშაძეს კი სასურველად მიაჩნია პოლიტიკური პარტიების კანდიდატებმა დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაიწყონ კონსულტაციები და არჩევნებამდე სწორედ დამოუკიდებლების სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურები.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერები აცხადებენ, რომ კონსულტაციებისთვის კარს ღიას სტოვებენ და ანალოგიური შეთავაზებით მერობის ოპოზიციურ კანდიდატებსაც მიმართავენ, რადგან, მათი აზრით, მაღალი კონკურენციის პირობებში, ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატები საარჩევნო ხმებს ერთმანეთს გაუყოფენ, რაც მმართველი კოალიციის გამარჯვებას გაამარტივებს. „ერთიანობის დარბაზის“ მერობის კანდიდატი თამაზ მაყაშვილი ფიქრობს, რომ ეს შეთავაზება არასაპარლამენტო ოპოზოციასთან გაერთიანებას ნიშნავს, რაც მისთვის მიუღებელია.

ამჟამად გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიების გადამოწმება მიმდინარეობს. რაც შეეხება მერობისა და გემგებლობის კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიები მათ წარდგენას არ ჩქარობენ. პირველი განაცხადი საოლქო კომისიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, კახაბერ ერგემლიძემ, შეიტანა. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ გორს მერობის 7 კანდიდატი ეყოლება. 16 მაისამდე საოლქო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაციის ყველა პროცედურა უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ კი აქტიური წინასაარჩევნო ფაზა დაიწყება.
XS
SM
MD
LG