Accessibility links

უკრაინაში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აპირებენ რეფერენდუმების ჩატარებას


უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ თვითგამორკვევის რეფერენდუმებს დაგეგმილ დღეს, 11 მაისს ჩაატარებენ - მიუხედავად რეფერენდუმების გადადებისკენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწოდებისა. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საკოორდინაციო კომიტეტმა შეხვედრა გამართა სეპარატისტების მიერ დაკავებულ სამთავრობო შენობაში, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უკრაინისგან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი 11 მაისს ჩატარდება. ეს განცხადება სეპარატისტების თვითდეკლარირებულმა ლიდერმა, დენის პუშილინმა გააკეთა და დასძინა: „ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს. მისი წინადადება მასმედიით შევიტყეთ. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ის იგივე გზით გაიგებს“.
ლუგანსკის სეპარატისტების თვითდეკლარირებულმა ლიდერმა, ალექსეი ჩმულენკომ, სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ „თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭომ გადაწყვიტა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 11 მაისს ჩაატაროს“. პუტინმა 7 მაისს, მოსკოვში თქვა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტებმა უნდა გადადონ ამგვარი რეფერენდუმების ჩატარება. პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი აანალიზებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების გადაწყვეტილებებს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმები „არც 11 მაისს და არც მომდევნო რომელიმე დღეს არ უნდა გაიმართოს“. კოსიანჩიჩმა დასძინა, რომ რეფერენდუმებს არ ექნება დემოკრატიული ლეგიტიმურობა და ისინი უკრაინაში კრიზისის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG