Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: საბა გვეტაძე

ფრენი და ზუი, ზუი და ფრენი და ქალბატონი გლასი და რავიცი, კიდევ გამოჩნდება, ალბათ, ვინმე.

მოკლედ, მე დავაკვირდი ამ დღეებს და ძალიან მაგარია ბევრი თავისუფალი დრო რომ გაქვს, პრინციპში, დიდად დაკავებული არც არასდროს ვყოფილვარ მგონი. საქმეც ეგაა, თუ არ მინდა რამის კეთება, არ მინდა და მორჩა რა, ანუ ლექციები, ჭამა, ვარჯიში, პირობითია ყველაფერი და მარტო იმიტო კი არ უნდა აკეთო რო აუცილებელია ან რამე ეგეთი, თუ არ გსიამოვნებს, მგონი სულაც არ უნდა აკეთო. ყველაფერზე ეგრე ფიქრიც შეიძლება არ შეიძლება მაგრამ, ყველაფერი ხო არაა ჭამა, ძილი, ლექციები და ვარჯიში? მეც მაგას ვამბობ, ზოგჯერ აღმოაჩენ რომ გაცილებით საინტერესო რაღაცები არსებობს, აი მაგალითად, მაგარი ფილმი, მაგარი წიგნი, მაგარი ყავა, მაგარი ვინმე, გაგართობს და თავს რო არ მოგაბეზრებს.

დღეები გადიან ასე: თავისებურად. და არ ვაპირებ დეტალურად ავხსნა როგორ თავისებურად. არაა საინტერესო. ანუ არის საინტერესო, მაგრამ ჯერ ცოტა ხანი ჩემთვის ვინახავ მარტო.

ხრატუნა მიწის თხილი გიჭამია? ანუ იცი რას ვამბობ, მიწის თხილი კი გიჭამია ალბათ, ალერგია თუ არ გაქვს, მაგრამ აი ხრატუნა გიჭამია? მოკლედ, აღმოვაჩინე მიწის თხილი! ეგეთი რაღაცები ხშირად მემართება ხოლმე, რაღაც მგონია რომ არ მიყვარს და მერე აღმოვაჩენ რო მაგრად მიყვარს! (იმედია ლეღვი გამონაკლისი იქნება, მაგას ვერასდროს შევიყვარებ. აი, ხმამაღლა ვფიცავ არასდროს შევიყვარო ლეღვი! არაფერიც არ დაუშავებია, არ მომწონს რა.)

დილაობით გავდივარ ხოლმე ამ მინუსებში გადასული ქალაქის ქუჩაში. ჩემთან ახლოსაა უნივერსიტეტი. მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ. დიდად ბიბლიოთეკა არ მომწონს, ყველა ყველას ათვალიერებს. სავარჯიშო დარბაზშიც ეგრეა, 1-2-ჯერ აიწევიან, გაიჭიმებიან, მკერდს გამოაგდებენ და თვითკმაყოფილი სახით ათვალიერებენ დანარჩენებს. ხოდა სამაგიეროდ არსებობს ერთი პატარა საცალფეხო ბილიკი. ჯერ სახელი არ დამირქმევია. რამეს მოვუფიქრებ მერე. ხოდა ეს ბილიკი გადის ბაღებს შორის. ნინის ვეუბნები, ნაღდი სოფელია-მეთქი. ნინიც მეთანხმება, სოფელიაო. კალათი გვაკლია, თორემ ისე ზუსტად ჰანსელი და გრეტელივით მივდივართ ხოლმე სუპერმარკეტისკენ. ხოდა სწორედ მანდ აღმოვაჩინე მიწის თხილი. ხო, ვიცი რო ბევრი არ შეიძლება, ბევრს ვერც შეჭამ. მთავარი მანდ ისაა, როგორ შეჭამ და რასთან ერთად. უკანა გზაზე ვხსნი პარკს, ვიღებ ერთ თხილს და თითებს ვუჭერ. თხილის ქერქი იბზარება, ტკაცუნებს და მტვრის ფრქვევით სკდება. მერე ვიღებ თხილს, ჯერ ერთს, მერე - მეორეს. ვაცლი თხელ კანს და ვაკნაწუნებ.

აკნაწუნე რამდენიც გინდა, სანამ წყალი არ მოგწყურდება, ან არ მოგბეზრდება.

მიწის თხილით ძალიან კარგი ხრაშუნების გაკეთება იცი? ძალიან მაგარია. მოკლედ, თუ არ იცი ისწავლე. მიდიხარ და ყიდულობ მიწის თხილს, ფქვილს, ცოტა შაქარს, რამე ჩირს, მე ქლიავის ჩირი მაგრად მიყვარს და ეგ იყიდე, ყველას სჯობს. მერე ცოტაც კარაქი და მარგარინი არა, კარაქი სჯობს. 1 კვერცხი. გამოივლი უკანა გზაზე ისევ იმავე ბილიკს, მოხვალ სახლში და ვინაიდან ჯამი არ გაქვს, ისევ ქვაბში გიწევს ხრაშუნების გაკეთება.

აი მთელი ხელოვნება ხრაშუნებისა: შენც რამე ხრაშუნა განწყობაზე უნდა იყო, ანუ ბოროტად თუ გრძნობ თავს იმ დღეს, ხრაშუნები არ გამოგივა რაც არ უნდა ეცადო. ვის არ მოსვლია, არაუშავს. (და საერთოდაც, ბოროტად თუ გრძნობ თავს, შეგიძლია შოკოლადი შეჭამო, აკეთილშობილებს.) აი ცოტა ონავრობის ხასიათი არ აწყენდა + რამე არაადეკვატური მელოდია იღრუტუნე ცხვირში, რამე "my favorite things" ან მსგავსი, მაინცდამაინც "ჩემო ციცინათელა" არ გინდა, ეგ ბისკვიტებზე უფრო მიდისო.

ყრი ფქვილს (რამდენიც გინდა), თხილს (რაც შეიძლება ბევრი), ჩირებს (რაც გადაურჩება ჩემს მზაკვარ თვალსა და ყოვლისმსახვრალ ხელს), კარაქს (ძალიან ბევრიც არ გინდა, თორემ დადნება შენი ხრაშუნები და მერე უნდა ფხიკო და ფხიკო), ერთ ცალ კვერცხს ზრდილობიანად გაუტეხე თავი და ეგრევე დურთე ფქვილში. მე გამაფხვიერებელი და ეგეთი სოდა-ძმრის კომბინაციები არ მომწონს, ასე მგონია ხრაშუნის ფუნქციას აქვეითებს. რამე გამომრჩა? აა, ხო, შაქარი. ეგ, რამდენიც გინდა იმდენი უქენი, ბევრი არ მოგივიდეს ოღონდ, რომ არ დაიწვას ან მიწის თხილის და ჩირის გემო და-შაქარ-ჩრდილოს.

მერე მოზელ ცომს. ძალიანაც არ გადაყვე, ხრაშუნები სპონტანური რამეა და ბევრი ლოლიავი არ უნდა, მერე ჭამისას გემოს კარგავს. ხოდა გააბრტყელე, გასაბრტყელებელი ყველაზე მეტად გამოგადგება, თუ გინდა ბოთლი ან რამე ეგეთიც იხმარე, თმის ჯაგრისით კარგი არ გამოდის, დამიჯერე, დავაპირე ერთხელ.

გამოჭერი ფორმებად. მე სოკოს და მთვარის ფორმა მაგრად მიყვარს. თუ ფორმები არ გაქვს ჩათვალე რომ წვალების ნახევარი წყალში ჩაგეყარა. კლასიკური მრგვალი ფორმები კარგია, მაგისთვის ჭიქაც გამოგადგება. ხო და კიდევ, რაც უფრო თხლად გააბრტყელებ, მით უფრო ხრაშუნა იქნება და თუ ვერ ითმენ, მალეც გამოცხვება.

ხოდა ასე, შეაღუმელთბუნებ ხრაშუნებს, ხელებს დაიბან, თეფშს და "ჟარონჩიკას" ("ჟარონა" ანა კარენინასავით ჟღერს) გაამზადებ და მერე შეგიძლია ფბ-ზე შეძვრე და დაპოსტო რამე ამდაგვარი: "აეეეეე, ჩემი პირველი კუკიიიიზ! ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოცხადდეს კამპუსში, კორპ 1, 1ლი სართ. ბინა 3, სამზარეულო!" ან შეგიძლია კარებებზე მიუბრახუნო მეზობლებს, გააჩნია აჟიტირებულობის ხარისხს : )))

მოკლედ, აი თქვენ ხრაშუნები. ხოდა, მთავარია ის ფიქრები რაც თავში გიტრიალებს ამ ყველაფრის კეთებისას. ნერვიული ხრაშუნები, მაგარი უგემურია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG