Accessibility links

logo-print

აშშ-მა სანქციები დაუწესა სირიელ მაღალჩინოსნებსა და რუსეთის ბანკს


8 მაისს აშშ-მა სანქციები დაუწესა სირიის ხელისუფლების 6 წარმომადგენელს, აგრეთვე - რუსეთის ბანკ „ტემპბანკს“, რომელსაც ბრალად ედება დამასკისთვის დიდი ოდენობით ნაღდი ფულის მიწოდება და სხვა სახის ფინანსური მომსახურებების გაწევა. სანქციები დაწესდა ბაშარ ასადის მთავრობისთვის ოპოზიციასთან ომში დახმარების გაწევის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის „ტემპბანკი“, გარდა იმისა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდა სირიის ცენტრალურ ბანკთან, ეხმარებოდა სირიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სიტროლს“, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის შავ სიაში იყო შეტანილი. აშშ-ის ხელისუფლება მიუთითებს კონკრეტულ ფაქტზეც, როცა „ტემპბანკის“ დავალებით მილიონობით დოლარი ნაღდი ფულის სახით მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში გადაეცა სირიის სახლმწიფო ბანკის კურიერებს. აშშ-ის ახალი სანქციების სამიზნეა აგრეთვე „ტემპბანკის“ მმართველი მიხაილ გაგლოევი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, პირადად ჩადიოდა სირიის დედაქალაქში მთავრობასთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად. სანქციებში მოჰყვა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თანაშემწე, ბრიგადის გენერალი ბასამ ალ-ჰასანი, რომელიც იარაღის წარმოებაზეა პასუხისმგებელი. სანქცირებული პირებისა და კომპანიების ამერიკული აქტივები დაიბლოკა. აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალათ მათთან საქმიანი ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG