Accessibility links

logo-print

რუსი დიპლომატი: "გაზის რევერსი სიმბოლური გადაწყვეტილებაა"


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვი აცხადებს, რომ ევროპიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის რევერსული მიწოდება „სიმბოლური გადაწყვეტილებაა“. „გაზის რევერსი ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა და არა ფაქტობრივი. ეს არ მისცემს უკრაინას საშუალებას უარი თქვას რუსეთის გაზზე. ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს“, - განუცხადებია ბრიუსელში ჟურნალისტებისთვის ვლადიმირ ჩიჟოვს. ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს. რუსი დიპლომატის ინფორმაციით, რევერსული ბუნებრივი აირი უკრაინას არ მიეწოდება მაგისტრალური გაზსადენით, რომლითაც რუსეთის გაზი ევროპაში მიდის: “ერთი და იგივე მილით გაზის ორი მიმართულებით გადაქაჩვა შეუძლებელია. რომელიმე ძირითად სატრანზიტო მილში მიმართულების შეცვლა აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შემცირებას. ეს შესანიშნავად ესმის სლოვაკეთის მთავრობას და თავიდანვე განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმებების დარღვევის ფასად არ შეუდგება მაგისტრალური მილით გაზის რევერსულ მიწოდებას“. ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინისთვის გაზის რევერსული მიწოდება ადგილობრივი მნიშვნელობის მილსადენებით თუ მოხდება, რაც ბუნებრივ აირზე უკრაინის მოთხოვნილების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს დააკმაყოფილებს. ჩიჟოვი ეჭვქვეშ აყენებს იმასაც, რომ უკრაინისთვის რევერსული გაზის ფასი რუსეთის მიერ შეთავაზებულზე ნაკლები აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG