Accessibility links

logo-print
მსოფლიოს მასშტაბით 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. მიგრანტების ფულადი გზავნილები ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6 პროცენტს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ათი პროცენტი ფულადი გზავნილების მიმღებია, ფინანსური ინსტიტუტების წმინდა შემოსავლის 20 პროცენტი ფულადი გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის. 2013 წლის განმავლობაში გზავნილების მოცულობამ 1 მილიარდ 477 მილიონი შეადგინა, რაც 9 პროცენტით მეტია 2012 წლის მონაცემზე.

საქართველოდან სამუშაოდ წასული ადამიანების წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. 2013 წლის მდგომარეობით, ფულადი გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს შეადგენს და ერთ-ნახევარჯერ მეტია იმავე წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელზე. ამასთანავე, ფულადი გზავნილები, საზღვარგარეთიდან შემოსული სხვა წყაროებისგან განსხვავებით, სტაბილურობით ხასიათდება. უფრო მეტიც, კრიზისულ პერიოდში იმატებს კიდეც. მიგრანტთა ფულადი გზავნილები უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროცაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევიძინოთ საიმპორტო საქონელი ან გადავიხადოთ საგარეო ვალები.

ამასთან, მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების გეოგრაფიაც. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90 პროცენტზე მეტი სულ 12 ქვეყანაზე მოდის. ესენია: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, გერმანია.

როგორც აღვნიშნეთ, რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მიგრანტთა დანიშნულების ნომერი პირველი პუნქტია და, საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობით, მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა. ამასთან, მსოფლიო ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველ მიგრანტთა მასშტაბურ რაოდენობას - მილიონ ადამიანზე მეტს - ასახელებს. შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები შემოდის. 2013 წელს საქართველოში თანხა ჩაირიცხა 196 ქვეყნიდან, 2010 წელს კი - 172-იდან. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით გადმორიცხვათა ყველაზე დიდი ნაწილი (60 პროცენტამდე) დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, ევროპაზე კი - დაახლოებით, 28 პროცენტი. ქვეყნების მიხედვით თანმიმდევრობა ასეთია: რუსეთი, საბერძნეთი და იტალია. ამ მოწინავე სამეულიდან ორი ქვეყანა ევროკავშირის წევრია.

შესაბამისად, ფულადი გზავნილების თემისადმი საზოგადოებას და სახელმწიფოს უფრო სერიოზული მიდგომა მართებს. ძალზე მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ზეგავლენისა და მნიშვნელობის გააზრება და გზავნილების მართვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირების გზების ძიება; მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების სწორად მართვა, რათა ისინი პოტენციური ზრდის შესაძლებლობად იქცეს.
XS
SM
MD
LG