Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკეთესია 100 წელი მოლაპარაკება, ვიდრე 1 წელი ომი“


დამოუკიდებლობის აღიარება, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება - ამ მოთხოვნებს აფხაზი და ოსი სამოქალაქო აქტივისტები ქართველი კოლეგების წინაშე აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები არ ყოფილა. ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი კოლეგებს ურჩევდნენ, რომ წარსულით და მუდმივად ომის მოგონებებით ცხოვრება სიკეთეს არ მოიტანს და უმჯობესია მომავალ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივას მეტი დრო დაუთმონ. აქვს თუ არა საერთოდ სამოქალაქო დიალოგის გაგრძელებას აზრი? ეს კითხვაც დაისვა ერევანში გამართულ სამოქალაქო მოსმენაზე, რომელსაც სოხუმელი, ცხინვალელი და თბილისელი ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამოქალაქო საზოგადოების როლი და გავლენა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ - ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. სოხუმში გამომავალ გაზეთ „ნუჟნაიას“ ჟურნალისტი კადირ არღუნი, ირინა იანოვსკაია, ხელმძღვანელი ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“, და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი მსმენელთა წინაშე წარდგნენ მოხსენებებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ.

მომხსენებლების თქმით, ცხინვალსა და სოხუმში, მცირე დაფინანსების პირობებში, არასამთავრობო სექტორი სათანადოდ ვერ ვითარდება, რაც ადგილებზე ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის განვითარების თვალსაზრისით, კრიტიკულ სურათს ქმნის. ირინა იანოვსკაიას აზრით, ორივე მხარის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შესაძლოა ჰუმანიტარული პროექტების მომზადებისას შეხების წერტილები იპოვონ. სამივე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს არ არის იმდენად ძლიერი, რომ გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მხარეებს შორის კამათიც გაიმართა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფორმატის ფარგლებში შეხების წერტილების მოძებნა მაინც შესაძლებელია.
დიალოგს ყოველთვის ვემხრობი იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ჩვენს საზოგადოებებს შორის დარჩენილი ერთადერთი კავშირია. ცალსახაა, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოება თავისი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ უნდა მუშაობდეს. აფხაზეთშიც ამას ვცდილობთ...
როინ აგრბა

ალან ჯუსოევი, ლიდერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა „შენი არჩევანი-ოსეთი“, მიიჩნევს, რომ ნდობის აღსადგენად საკმარისი დრო არ არის გასული, საზოგადოება კი აზრს სწრაფად ვერ იცვლის. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში ისევ ფიქრობენ, რომ პრობლემების გადაჭრა ძალისმიერი მეთოდებით მოხდება. მისი აზრით, დიდი ხანია მსგავსი შეხვედრები იმართება, მაგრამ ხელშესახები შედეგი ჯერ არ დამდგარა. „ყველა ასეთ პროგრამაში ვმონაწილეობდი. იმის თქმა, რომ მსგავსი შეხვედრები საერთოდ უსარგებლოა, არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ საინტერესო ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა და ძველ მეგობრებსაც ხვდები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სასარგებლო იყო, აქ ვერ მოვისმინე პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ - რა არის მიზანი? მეუბნებიან, რომ უნდა ვიმეგობროთ. მეგობრობის წიანაღმდეგი არ ვარ, მაგრამ როგორი უნდა იყოს მეგობრობის სამართლებრივი ფორმა? თუ საუბარია ერთი ადამიანის მეორესთან მეგობრობაზე, ამას ხელს არავინ უშლის. რაც შეეხება ერთი საზოგადოების მეორესთან მეგობრობას, ომიდან ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. საზოგადოება ასე სწრაფად ვერ იცვლება. შესაძლოა, სწორი იყო აქ გამოთქმული აზრი, რომ იქნებ 10 წელი მაინც ვიცხოვროთ ერთმანეთის გარეშე და რაღაცის გადაფასება შევძლოთ. იქნებ საკუთარ თავშივე უნდა გავერკვეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალან ჯუსოევმა.

უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი სოხუმელი ჟურნალისტი როინ აგრბა. მისი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობას ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია მედიის, კულტურის, ჯანდაცვის, სამეცნიერო სფეროების განვითარების მიმართულებით. აგრბა აღნიშნავს, რომ დღეს აფხაზურ ენას მძიმე დრო უდგას, ერთ დროს კი თბილისში აფაზური ენის ძლიერი ცენტრი არსებობდა შესაბამისი პროფილის მეცნიერებით. როინ აგრბას აზრით, განათლების სისტემა, რომელმაც საქართველოში ძირეული ცვლილებები განიცადა, შესაძლოა სოხუმისთვის მაგალითად გამოდგეს. გარდა ამისა, საარქივო მასალების აღდგენის თვალსაზრისითაც შესაძლებელია თანამშრომლობა შედგეს. „დიალოგს ყოველთვის ვემხრობი იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ჩვენს საზოგადოებებს შორის დარჩენილი ერთადერთი კავშირია. ცალსახაა, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოება თავისი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ უნდა მუშაობდეს. აფხაზეთშიც ამას ვცდილობთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დონორების სიმცირის და სხვა მიზეზების გამო, ჩვენთან არცთუ ხელსაყრელი პირობებია, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება მაინც კარგად ვითარდება. ორი საზოგადოების ერთმანეთისგან იზოლირება კონტრპროდუქტიული იქნება. მართალია, შეზღუდულად, მაგრამ მაინც არსებობს დიალოგი ჟურნალისტებს შორის. თანამშრომლობა შესაძლებელია ჰუმანიტარულ სფეროშიც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას როინ აგრბამ.

ერევანში გამართული სამოქალაქო მოსმენა COBERM-ის პროგრამით ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
მოლაპარაკებების ალტერნატივა მხოლოდ ომია. უკეთესია 100 წელი მოლაპარაკებები, ვიდრე 1 წელი ომი...
თემურ ცხურბათი

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მხარეთა წარმომადგენლები ასეთი შეხვედრების დროს ერთმანეთის პოზიციას უკეთესად იგებენ, ინფორმაციას პირველწყაროდან იღებენ და დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ირინა იანოვსკაია, ხელმძღვანელი ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ფორმატის მონაწილეებმა კი შემდეგ შეხვედრებზე უნდა განსაზღვრონ კონკრეტული მიზნები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი ზურაბ დვალი მიიჩნევს, რომ ოსური და აფხაზური საზოგადოება 2008 წლის ომის შემდეგ შეცვლილია. თითქოს მათ საქართველოში მიმდინარე პროცესები ისე აღარ აღელვებთ, მაგრამ ჰუმანიტარული და ადამიანური ურთიერთობები აუცილებლად უნდა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუცხოების პროცესი გაგრძელდება.

ქართველების, ოსებისა და აფხაზების შეხვედრამ და მათ შორის გამართულმა დიალოგმა უფრო მეტად მოსკოვში ააღელვა ზოგიერთი ექსპერტი. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელმა იანა ამელინამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ამ შეხვედრას მარაზმი უწოდა, ოსი და აფხაზი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ კი სალანძღავი სიტყვებიც არ დაიშურა. მისი აზრით, აფხაზები და ოსები მტრულად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენლებს არ უნდა ხვდებოდნენ. ამელინას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ შეხვედრის მონაწილეებმა მას მიანიშნეს, რომ აფხაზური და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების კურატორად ის არავის დაუნიშნავს, ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათიმ კი ასეთი კომენტარი დაწერა: „მოლაპარაკებების ალტერნატივა მხოლოდ ომია. უკეთესია 100 წელი მოლაპარაკებები, ვიდრე 1 წელი ომი“.
XS
SM
MD
LG