Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი, რომელსაც მე აღარ ვიცნობ


ავტორი: თამარ ბურჭულაძე

ჩემი ცხოვრების მანძილზე სამყაროს თბილისად და დანარჩენ მსოფლიოდ ვყოფდი და ბრმად მწამდა, რომ არ არსებობს ქალაქი უფრო ლამაზი, უფრო გემრიელი და უფრო დახვეწილი, ვიდრე ის და სულ მიკვირდა და ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც იმ ხალხზე, რომლებსაც თვალი მუდამ აქედან გაქცევაზე ეჭირა, არა როგორც ტურისტს, არამედ სამუდამო გაქცევაზე და გადასახლებაზე. ღრმად მწამდა იმის, რომ თბილისი მსოფლიო დედაქალაქია, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე ნიუ იორკიც ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ თბილისი ძალიან შორსაა იმისგან, რომ მეგაპოლისი ვუწოდოთ და თავისი მასშტაბების გამო, ვერც ვერასოდეს გახდება მეგაპოლისი, მაგრამ მე ეს სულაც არ მადარდებდა არც მაშინ და არც ახლა, როცა თბილისი ჩემთვის აბსოლიტურად სხვა გახდა.
მახსოვს, ამერიკაში სწავლის პერიოდში თბილისი აუტანელი ნოსტალგია მქონდა . ყოველ დილას თბილისის სუნს ვგრძნობდი, ყოველ ღამე თბილისის ქუჩებში დავსეირნობდი და გამოღვიძება სულაც არ მსურდა. მახსოვს ის გრძნობა, რამხელა უპირატესობას ვგრძნობდი ჩემი იქაური კლასელების მიმართ, რადგან მე თბილისელი ვარ და ისინი კი ამერიკის “რომელიღაც” ქალაქის მაცხოვრებლები, ქალაქის, რომელსაც არც ამხელა ისტორია აქვს, რომელშიც არც გმირთა მოედანია და შეიძლება არც გმირები ჰყავს აღზრდილი.
რატომღაც მჯეროდა, რომ თბილისელობა რაღაც სტატუსი იყო, რომელიც იმის უფლებას გაძლევს, თავაწეულმა იარო და მსოფლიო შენი გეგონოს. ჰო, რაღაც აღმატებულ შეგრძნებას იწვევდა ჩემში.
მოკლედ, არ ვიცი, რამდენად გადმოგეცით, ის რასაც ვგრძნობდი და რისიც მჯეროდა ამდენი წლის მანძილზე და რისიც მინდა დღესაც მჯეროდეს, მაგრამ უკვე გავიზარდე და თბილისიც საოცრად შეიცვალა.
მე 80-იანების ადამიანი ვარ და ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, რომ თბილისი აყვავებული და სუფთა მახსოვს, ვერ ვიტყვი რომ საბურთალოზე მგლები ყმუოდნენ და რუსთაველზე სეირნობა ერთი დიდი სიამოვნება იყო. მე მიყვარდა თბილისი ისეთი როგორიც იყო, მიუხედავად გადათხრილი გზებისა და ერთმანეთზე მიყოლებული გაურკვეველი ჯიხურებით დახუნძლული. მე მიყვარდა ეზოში შემოსული მენაყინე და არ მიყვარდა ნაყინი, მიყვარდა მზესუმზირის გამყიდველები, მე მიყვარდა “ფრანციაში”გამომცხვარი ნამცხვარი “ენა”, მიყვარდა 1000 წვრილმანის მაღაზიები და ბევრი სხვა რამ, რაც იყო თბილისი, საქართველოს დედაქალაქი.
მერე უფრო მომეწონა განათებული და გზა დაგებული თბილისი და მერე და მერე გახსნილი ღია რესტორნები და ახალი ქვაფენილები. პლეხანოვიც გარემონტებული უფრო მომეწონა ვიდრე როდესმე ის მომწონებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქუჩა უკვე სხვა გახდა, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ლამაზი. გამიხარდა, როდესაც სასტუმრო ივერიას ლურჯი ცელოფნები ჩამოხსნეს და მჯეროდა, რომ ქალაქი, რომელიც ასე მიყვარს, უფრო და უფრო დაემსგავსებოდა იმას, რაც სხვა ქვეყნებში აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში.
ვხედავდი, ჩემ თვალწინ როგორ შენდებოდა ახალი სახლები, რომლებიც რაღაც იმედის ნაპერწკალს აჩენდა ჩემში, რომ თბილისი იქნებოდა ისეთი, როგორც პარიზი, მაგრამ თბილისი არათუ პარიზი, არამედ იმ ბნელ ქალაქსაც აღარ გავს, რომელიც ავად სახსენებელ 90-ებში იყო.
ხანდახან თავი უკანასკნელი ფეხით მოსიარულე მგონია, რადგან აღარ არსებობს ამ ქალაქში ტროტუარი, სადაც თავისუფლად გავლას შეძლებ და სადაც მანქანები არ ჰყავთ გაჩერებული. თანაც შენს გზაზე მიმავალს მანქანის მძღოლი ისე გისიგნალებს, გზა თუ არ დაუთმე აუცილებლად გადაგივლის და შენც გიწევს დაემორჩილო ამ ახალ წესებს. დღემდე ვერ ვხვდები რას ერჩოდნენ ქუჩის მოვაჭრეებს, როდესაც აყარეს, ეტყობა სხვანაირად “პარკინგის” პრობლემას ვერ ä”აგვარებდნენ”. დღეს კი ერთმანეთშია არეული ქუჩის ვაჭრობა, “პარკინგი” და ფეხით მოსიარულეთათვის გზა.
აღარაფერს ვამბობ იმ სახლებზე , ფიქრის გორაზე თუ სანაპიროზე რომ წამოჭიმეს და თბილისს მთელი თავისი ხიბლი და სიმსიბუქე წაართვეს ამით. მესმის, კარგია განვითარება, ისიც მესმის , რომ ქალაქი დროთა განმავლობაში იზრდება და შესაბამისად საცხოვრებელი სახლებიც მეტი გვჭირდება, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა “ჩადგა” 30 სართულიანი შენობა აწ უკვე ყოფილი “ფსიქიატრიულის” ეზოში, სადაც უნდა გაჩეხო ულამაზესი ნაძვები, რომლებიც სხვათა შორის გადაშენების პირასაა მისული. რატომ არაა შესაძლებელი, როგორც სხვა, თუნდაც პოსტსაბჭოურ ქვეყნებშია, შეუნარჩუნო ქალაქს ის სახე, რაც ადრე ჰქონდა და რაც ჩვენც და სხვასაც ასე მოგვწონდა?
ძალიან მიკვირს, ერი, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს, რატომ არ იღებს ხმას იმაზე, რაც დღეს აქ ხდება? რატომ არავის უჩნდება სურვილი გამოთქვას უკმაყოფილება, რომ სილამაზეს გვართმევენ. რატომ გონიათ, რომ სილამაზისკენ სწრაფვა მეათე ხარისხოვანია და რატომაა სულერთი რა გარემოში გაიღვიძებ ხვალ?
დღეს მე ვხედავ, რომ თბილისი სხვაა, სულ სხვა და უცხო და ალბათ მოვა დრო, რომ ის ისეთივე უცხო იქნება , როგორც შორეული მადაგასკარი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG