Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დედაქალაქმა ფერები შეჭამა”


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

ადგა თბილისი და ქალაქში არსებული ყველა ფერადი ფერი შეჭამა. ქალაქში მოიღრუბლა და ჩამობნელდა. ყველაფერი გაშავდა და ყველაფერი ატირდა. ადგა თბილისი და ნინჩოს ვერსაჩეს წითელი ჩანთის ფერი შეჭამა. ახლა ნინჩოს ვერსაჩეს შავი ჩანთა, შავი ტყავის ელასტიკები,შავი პიჯაკი აცვია და შავი სათვალე უკეთია. ადგა თბილისი და სანდრიკას ლურჯი X6-ის ფერი შეჭამა. ახლა სანდრიკა შავ X6-ში ზის, შავი „რეიბანები“ უკეთია, შავი ჯინსი და ტყავის პიჯაკი აცვია და შავ „კენტს“ ეწევა როცა საჭესთანაა. ადგა თბილისი და ქეთას, მაკუნას, თამთას, ლიკუნას ფერადად აზროვნების უნარი შეუჭამა და ახლა ისინი საეჭვოდ შავ-ბნელად აზროვნებენ. ვერ ეგუებიან ფერად-კანიანებს, ფერად-ორიენტაციებს, ფერად-რასებს, ფერად-თმის ფერს, ფერად-ტანსაცმელს, ფერად-მანქანებს, ფერად-შენობებს. ვეღარავინ ვერ ეგუება ფერებს თბილისში.
აქ ლურჯი მხოლოდ ცა დარჩა.
ყვითელი-მხოლოდ სამარშუტო ტაქსები, ავტობუსები და მაკდონალდსის მოციმციმე ნიშნები.
მწვანე-მხოლოდ იოლის სუპერმარკეტის ვაშლები და გაზაფხულზე აყვავებული ხეები.
წითელი-მხოლოდ ბანკი რესპუბლიკას და ავერსის აფთიაქის ლოგოები და სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები.
ძეგლები შავ-თეთრია. შენობები მუქი ნაცრისფერი. უკვე ღამ-ღამობით აციმციმებული მაღაზიების ვიტრინების სიფერადეც კი გვაღიზიანებს. შევდივართ ბატაში, ვისინჯავთ ფეხსაცმელს და „უკაცრავად, ერთი ზომით დიდი მოდელი გაქვთ? შავი ფერის“... თეთრ სამოსს ცხოვრებაში ერთხელ ვიცვამთ, საკუთარ ქორწილში, თორემ აბა, სხვის ქორწილში თეთრის ჩაცმა სირცხვილი და თავის მოჭრაა. აფთიაქში რამეს ვყიდულობთ და „თუ შეიძლება შავ ცელოფანში ჩამიწყვეთ, რა“...ავტობუსის კონტროლიორები რომ არიან, იმათაც კი გაიხადეს ყვითელი სამოსი და უფრო შაბ-ბნელი, მუქი მწვანე ანაფორებით შეიმოსნენ. ახლა ხალხი მათ უწინდელივით ადვილად ვეღარ ამჩნევს გაჩერებებზე მოდარაჯეებს და ისინიც შედარებით მარტივად იჭერენ დასაჯარიმებელ მსხვერპლს. სამაგიეროდ, ბიუჯეტში შეგვაქვს მეტი ფული. ფერების დამსახურებაა.
აიფონებიც შავი გვაქვს. ლეპტოპებიც და ლეპტოპის ჩანთებიც. თეთრი და ფერადი ყველაფერი მალე ისვრება. ჩვენ ზარმაცები ვართ. არც მოფრთხილება ვიცით არაფრის და მერე გასუფთავებაც მაგრად გვეზარება. ქუჩებში სანაგვე ურნები ხომ მაინცაა მწვანე ფერის, ყველგან შევამჩნევთ, მაგრამ ჩვენ, იმ ჩვენს სნიკერსის შავ ქაღალდს მაინც ნაცრისფერ ქუჩებში ვყრით. დიეტაც შავი გვაქვს. შავი პური, მაგარი შავი უშაქრო ყავა, შავი მწარე შოკოლადი...შავად ვჭამთ, შავად გვაცვია, შავად ვცხოვრობთ და შავად ვაზროვნებთ. როცა ქუჩაში მწვანედშეღებილთმიან გოგოს ვხედავთ ამრეზით ვუყურებთ, ის ფერადია, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი ქერა თავებისთვის და ტვინებისთვის. ან თვალშისაცემი მანძილის დაშორებით ვუქცევთ გვერდს და ისე ჩავუვლით, როგორც მარგინალს, ან არადა მივდივართ და „აუ, მომაკიდებინე ხელი რააა. ნამდვილია? ბუნებრივად შავი თმა გაქვს ხო?“ ...
სამაგიეროდ, ტენდენცია ამოყირავდა. გლოვის ფერი შეიცვალა. ყველაფერს გავაკეთებთ და მაინც დავუდგამთ ჩვენს მიცვალებულს ისეთ მემორიალს, სულ არნახულად ჭრელი ფერებით რომ იყოს დახატული და ამოქანდაკებული. იუმორის და სიცილის ფერიც შეიცვალა. შავად გვეცინება და შავად ვხუმრობთ. უკვე ყველაფერზე ღადაობა მოსულა და ჩვენც ყველაფერზე ვიცინით. შავ ლექსებს ვწერთ, შავ მოთხრობებს, შავ პოსტებს, მერე ჩვენს შავ ფეისბუქზე ვაზიარებთ, რომელშიც შავი ლეპტოპიდან ვართ შესულები და პროფილის შავი ფოტო გვიყენია. მეგობრების სიაც სულ ჩვენსავით შავი ადამიანებით გვყავს სავსე.
თბილისმა-მე არაფერი შემიჭამიაო. დრომ მოიტანა და თქვენ თვითონ ჭამთ ფერებსაც და ფორმებსაცო. მალე ერთმანეთის ჭამასაც დაიწყებთ, თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG