Accessibility links

logo-print

შეტაკებები უკრაინაში - გამარჯვების დღის ფონზე


მარიუპოლი

მარიუპოლი

მაშინ, როცა უკრაინაში, რუსეთსა და ზოგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, შეტაკებების შესახებ ცნობები გავრცელდა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 9 მაისს იერიში მიიტანეს პოლიციის განყოფილებაზე იქიდან რუსეთის მომხრე სეპარატისტების გასაძევებლად.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე „ტერორისტი“ დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში უშიშროების ძალებსა და რუსეთის მომხრე მეამბოხეებს შორის შეტაკებისას. ბრძოლა დაიწყო, როცა უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ მარიუპოლის პოლიციის შენობაში იქიდან სეპარატისტების გასაძევებლად. შეტაკებისას შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მარიუპოლი მნიშვნელოვანი სამრეწველო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრია აღმოსავლეთ უკრაინაში. სეპარატისტებმა აპრილის შუა რიცხვებში აიღეს ნახევარმილიონიანი ქალაქის მთავარი შენობები, რომელთა გასაკონტროლებლად ახლაც გრძელდება დაპირისპირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ხან სეპარატისტები, ხან უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.
ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, დიალოგი და მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა მოვა, როცა ტერორისტები არ მიიღებენ მხარდაჭერას რუსეთისაგან, რომელიც 69 წლის წინ მხარში გვედგა. ახლა კი ჩვენს გვერდით დგანან გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები...

ბრძოლების ფონზე, უკრაინაში მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღნიშნეს გამარჯვების დღე.

„69 წლის წინ ჩვენ რუსეთის მხარდამხარ ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ და გავიმარჯვეთ. მაგრამ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ და ისტორია მეორდება - ოღონდ განსხვავებულად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მხარდაჭერა ტერორისტებისა, რომლებიც უკრაინაში ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს და რომელთა წინააღმდეგაც ანტიტერორისტული ოპერაცია დავიწყეთ“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არსენი იაცენიუკმა 9 მაისს კიევის ერთ-ერთ ტაძართან ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, დიალოგი და მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა მოვა, როცა ტერორისტები არ მიიღებენ მხარდაჭერას რუსეთისაგან, რომელიც 69 წლის წინ მხარში გვედგა. ახლა კი ჩვენს გვერდით დგანან გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები“, - ამბობს არსენი იაცენიუკი, რომლის ქვეყანაშიც წელს უარი თქვეს მასშტაბურ ოფიციალურ ღონისძიებებზე იმის შიშით, რომ დიდ თავყრილობებზე შეიძლება საქმე დაპირისპირებამდე მისულიყო რუსეთის მომხრე აქტივისტებსა და უკრაინის მთავრობის მომხრეებს შორის.

თუმცა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავად მრავალი არაოფიციალური შეკრება გაიმართა უკრაინის ქალაქებში, მათ შორის, დონეცკში. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, უკრაინის ეროვნული ჰიმნის ფონზე, ყვავილებით შეამკეს გამარჯვების მემორიალი. განსხვავებული განწყობა გამოხატეს ლუგანსკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ: იქ ომის ვეტერანები თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დროშის გარშემო შეიკრიბნენ.

ყირიმს კი თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო უწყებამ უკვე დაგმო ეს ვიზიტი, როგორც „უკრაინის სუვერენობის ხელყოფა და კრიზისის განზრახ ესკალაცია“.
XS
SM
MD
LG