Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა რუსეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა დმიტრი როგოზინის განცხადების გამო


რუმინეთმა რუსეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი როგოზინის განცხადების გამო, რომელიც მან დნესტრისპირეთში კერძო ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მას შემდეგ, რაც რუმინეთმა მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავებს რუმინეთის საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა, როგოზინმა ტვიტერში დაწერა, რომ ის რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენით, ტუ-160-ით დაბრუნებას აპირებს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ბომბდამშენის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე გაფრთხილება „ძალზე სახიფათო მუქარაა“ ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში. 9 მაისს დნესტრისპირეთში ვიზიტის შემდეგ როგოზინმა განაცხადა, რომ ტირასპოლიდან მოსკოვში ჩაიტანა მოლდავეთის დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეთა ხელმოწერების ძირითადი ნაწილი. მისი სიტყვებით, დნესტრისპირელები რუსეთთან შეერთებას ითხოვენ. შაბათს, როცა როგოზინი ხელმოწერების მოსკოვში წაღებას ცდილობდა, მოლდავეთის სპეცსამსახურებმა ისინი ამოიღეს მისი ბარგის შემოწმებისას. მაგრამ რუსეთის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს დნესტრისპირელთა ხელმოწერების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო.
XS
SM
MD
LG