Accessibility links

logo-print
4 მაისი, კვირა
ლევანი დილიდან ლექციებს კითხულობს, ნიკას სამეცადინო აქვს, შუადღისას კი დედაჩემთან მივდივართ. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს სამუშაო დღეებში სულ დაკავებული ვარ და თავისთავად დამკვიდრდა კვირას დედასთან სტუმრობის ტრადიცია. ნიკასაც ძალიან უყვარს ბებოსთან ვიზიტი, სადაც, როგორც წესი, ცხელ-ცხელი ხაჭაპური ხვდება, ხოლო კითხვაზე – „ბებო, რას მომცემ?“ – ყოველთვის იღებს შოკოლადს.

კვირა დღეს დედაჩემთან მისი მეგობრებიც იკრიბებიან. განხილვის ძირითადი თემა ჯანმრთელობის პრობლემები და მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებია.

სახლში მთელი კვირის მარაგი მოვზიდეთ და ჩიზკეიკი გამოვაცხვე. სავარჯიშო ველოსიპედით სამ კილომეტრს გავდივარ და თავს ვირწმუნებ, რომ ყოველდღე ვარჯიშისთვის 20 წუთის გამოყოფა შესაძლებელია.

ნიკა იძინებს. მე და ლევანი ფილმების საყურებლად ვსხდებით. ერთად ფილმების ყურება ჩვენი ოჯახური რიტუალია.

5 მაისი, ორშაბათი
ორშაბათი ტრადიციულად იწყება: დილას ადრე ადგომით, ფაცი-ფუცით და ნიკას სკოლაში დატოვებით. წინა კვირას სტრასბურგში ვიყავი, ამიტომ „სტაფ მიტინგს“ ვატარებ, თანამშრომლებს ვიზიტის შედეგებს ვაცნობ. წინ დატვირთული კვირა გველის, ვათანხმებთ საორგანიზაციო-შინაარსობრივ დეტალებს. თანამშრომლების შეხვედრას პირველად ესწრება საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალი მენეჯერი.

ფრანგ და იტალიელ კოლეგებს რამდენიმე საკითხზე კონსულტაცია ვთხოვეთ, მათთან გასაგზავნ წერილებს ვამზადებთ. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შემოსული წერილის და ფინანსური საკითხების გავლას ვასწრებ. სამი შეხვედრა მაქვს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ვხვდები ტრენინგების საკითხზე.

სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მოგვმართავს მონაცემთა დაცვაზე ტრენინგების ჩატარების თხოვნით. საბაზისო ტრენინგები რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის უკვე ჩავატარეთ, ახლა შეგვიძლია თემატურ და პრაქტიკულ ტრენინგებზე გადავიდეთ.

დღეს ჩემი მეგობრის შვილის დაბადების დღეა. ნიკასთან ერთად ვარ დაპატიჟებული. სამსახურში გვიანობამდე ვერ დავრჩები, 8 საათზე ბავშვთა ცენტრში უნდა ვიყოთ. ნიკა კარგად გაერთო, მეც გავიხარე მეგობრების ნახვით. რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მეგობრებს მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე, კონფერენციებსა და დაბადების დღეებზე შევხვდებოდი, ალბათ არ დავუჯერებდი. ცხოვრების დაჩქარებული რიტმის ეს უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის იქცა პრობლემად.
სახლში გვიან ვბრუნდებით, მაგრამ ნიკას საშინაო დავალებების მომზადებაში ვეხმარები, მშობლის მოვალეობა უპირველეს ყოვლისა!

კვირის ბოლოს პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გვეწვევა. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მათ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ჩამოვწერე განსახილველი საკითხები. პოლონეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო 17 წლის წინ შეიქმნა და ოფისში 123 თანამშრომელი მუშაობს. როცა სხვა ქვეყნების წარმატებულ მაგალითებს ვეცნობი, მოტივაცია, ენერგია და შემართება მემატება.

თანამდებობრივი ამბიციები არასდროს მქონია. ბევრი ვიფიქრე, უნდა ამეღო თუ არა თავზე ინსპექტორობის (დღემდე სრულად ვერ შევეგუე ამ დასახელებას) პასუხისმგებლობა. პირველი ინსპექტორობა თან ადვილია და თან ძალიან რთული. ადვილია იმიტომ, რომ ძველის გადაკეთებას ხშირად ნულიდან დაწყება სჯობს. რთული კი იმიტომაა, რომ სამი წელი გაქვს მდგრადი, ჯანსაღი და ეფექტიანი სისტემის შესაქმნელად, ისეთი უწყების შესაქმნელად, რომლის გადაკეთება ან თავიდან აშენებაც არ გახდება საჭირო.

6 მაისი, სამშაბათი
სამსახურში დილა ტორტით იწყება. ამის მიზეზი მხოლოდ გიორგობის დღესასწაული არ არის. გვანცამ პირველი სამუშაო კვირის აღსანიშნავად სიურპრიზი გაგვიკეთა. პატარა, მაგრამ ძალიან შეკრული კოლექტივია, ყველა ინტერესით და დაუზარებლად ეკიდება საქმეს, რაც ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, გვანცაც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი გუნდის წარმატებაში. თანამშრომლებთან მუშაობის დროს ხშირად მახსენდება ბისმარკის ცნობილი გამონათქვამი: კარგ ჩინოვნიკებს თავისუფლად შეუძლიათ ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუ თავად ჩინოვნიკი არ ვარგა, მას საუკეთესო კანონებიც კი ვერ უშველის.

რაც უნდა კარგად დაგეგმო დღე, მოულოდნელობებისთვის მაინც მუდამ მზად უნდა იყო, განსაკუთრებით საქართველოში. მართლაც საინტერესო და დინამიკურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

11 საათზე „რუსთავი 2“-ის საგანგებო განცხადება ვრცელდება მათ ოფისში გადაღებული კადრების შესახებ. ეს განცხადება დღის მთავარ თემად იქცა. ჟურნალისტები და ოპერატორები კომენტარებისთვის მოდიან, მეც განვმარტავ: ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას. საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, შეისწავლონ საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ რეაგირება. დღის მეორე ნახევარში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

დღეს მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსის ვაკანსიაზე გასაუბრებაა დანიშნული. მონაცემთა უსაფრთხოების კარგი სპეციალისტი ჰაერივით გვჭირდება. ყველა კანდიდატთან დეტალურად განვიხილავთ მათ გამოცდილებასა და ხედვებს. რთულია კარგ კანდიდატებს შორის საუკეთესოს შერჩევა, მაგრამ მხოლოდ ერთი ვაკანსია გვაქვს და კომისიაც ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას. აპარატის ყველა თანამშრომელი კონკურსის წესით მივიღეთ და თან მოწვეული კომისიის წევრების მონაწილეობით. შედეგები მარწმუნებს, რომ კონკურსი კადრების შერჩევის მართლაც საუკეთესო საშუალებაა.

საღამოს უნდა დავსწრებოდი საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით მაღალი რანგის სტუმრების საპატივცემულოდ გამართულ „სუხიშვილების“ კონცერტს. დრო სწრაფად გადის, ჯერ კიდევ რამდენიმე მოქალაქის განცხადება მაქვს განსახილველი, ამიტომ კონცერტზე წასვლას ვერ ვახერხებ. ოფისში ვრჩები, მოადგილესთან და იურისტებთან ერთად განვიხილავთ განცხადებებზე რეაგირების გზებსა და საშუალებებს.

ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა მოქალაქეთა მომართვიანობამ. ასე თუ გაგრძელდა, მალე ადამიანური რესურსი არ გვეყოფა. მაქსიმალურად ვცდილობთ, სწრაფად განვიხილოთ ყველა საქმე და გამოსავალი ვიპოვოთ. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პრობლემა ჩვენს კომპეტენციას სცდება და საქმეში სხვა უწყებების ჩართვა გვიწევს. ჩვენი არსებობის არსი ადამიანის პირადი ცხოვრებისა და მონაცემების დაცვაა, ხოლო საქმიანობის ყველაზე ობიექტური მსაჯული ის არის, ვინც დახმარებისთვის მოგვმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის განმცხადებლების კმაყოფილება და შეფასებაა.

მოქალაქეთათვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მონაცემების უკანონო გასაჯაროებაა, ხოლო ყველაზე რთულია ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის წაშლა - სადღაც მაინც ტოვებს კვალს. ინფორმირებულობა და გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღებაა საჭირო ზიანის თავიდან ასაცილებლად. გული მწყდება, რომ ორი წლის წინ, სამოქალაქო განათლების სკოლის სახელმძღვანელოების წერისას, ამ საკითხებზე ასე აქტიურად არ ვმუშაობდი. წიგნს რომ გადავამუშავებ, პირადი ინფორმაციის დაცვა ცალკე თემად მინდა გამოვყო.

7 მაისი, ოთხშაბათი
დილას რადიო თავისუფლებაში მივდივარ, გადაცემის თემა კვლავ ფარული მიყურადებაა. ჩაწერის შემდეგ ქალბატონი მარინა დღიურს მახსენებს. მინდა ვუთხრა, რომ დღიურების წერა ბავშვობაშიც არ მიტაცებდა, რომ ძალიან მძიმე კვირა მაქვს, რომ უინტერესო იქნება, მაგრამ რადიო თავისუფლების ეს რუბრიკა განსაკუთრებით მომწონს; უარს ვერ ვიტყვი და პირობას ვდებ, რომ შაბათს დღიური იქნება.

ოფისში ვბრუნდები, ყველა საქმეშია ჩართული. საღამოს კანცელარიაში შეხვედრა დაინიშნა, კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნები უნდა განვიხილოთ. ამ ცვლილებებს წინ დიდი სამუშაო უძღოდა, სპეციალური ჯგუფი შევქმენით პარლამენტის წევრების, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. სხვა ქვეყნების კანონები გავაანალიზეთ, ევროდირექტივასა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ყველა ასპექტი განვიხილეთ. ჩემი და ჩემი თანამშრომლების რამდენიმე იდეა საბოლოო რედაქციაში ვერ აისახა, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.

ბევრი ტექნიკური ხარვეზი გასწორდება, კერძო სექტორის მიმართ კანონი უფრო ადრე შევა ძალაში, ფართოვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და იზღუდება მათი დამუშავების შესაძლებლობა, იხვეწება ვიდეოთვალთვალის, გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემების მარეგულირებელი ნორმები, იზრდება ინსპექტორის საპარლამენტო ანგარიშვალდებულება. კანონის მიღების შემდეგ შეგვეძლება რეაგირება მოქალაქეებისთვის ასე მტკივნეულ სარეკლამო შეტყობინებების თემაზეც.

შეხვედრიდან გავრბივარ პოლონეთის საელჩოს ორგანიზებულ მიღებაზე. უამრავ ნაცნობს ვხვდები. ზოგი გაკვირვებული მეკითხება, საკრებულოში კენჭს რომ იყრის თამარ ქალდანი, შენ ხომ არა ხარო? მეცინება და ვპასუხობ, ორი მარინა ფერაძე თუ შეიძლება ერთ სოფელში ცხოვრობდეს, ორი თამარ ქალდანიც ხომ შეიძლება ამ ქალაქში იყოს-მეთქი. ვუხსნი, რომ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობს ჩემი სეხნია და მოგვარე, რომელსაც არც კი ვიცნობ.

დატვირთული დღე დასრულდა, სახლში ვბრუნდები, ნიკას კლასი მუზეუმში იყო და ძილის წინ შთაბეჭდილებებს მიზიარებს.

მე და ლევანი ინტერესით ვუყურებთ „ერთი-ერთში“-ს. ქართულ ტელესივრცეში არსებულ გასართობ გადაცემებს შორის, ეს შოუ ყველაზე მეტად მოგვწონს.

8 მაისი, ხუთშაბათი
დღეს ამ კვირაში ყველაზე დატვირთული დღე მაქვს. დილას ოფისში ვმასპინძლობთ პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის თანამშრომელს. ძალიან კეთილგანწყობილები არიან ჩვენი სტუმრები. პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას გვიზიარებენ, საჩუქრები და საინტერესო მასალები ჩამოგვიტანეს. ყველაზე შთამბეჭდვი ჩემთვის ერთი სქელტანიანი წიგნია, რომელიც პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს 15-წლიან ისტორიას ასახავს. კოლეგა მამშვიდებს და მეუბნება, რომ ცხრა თვის არსებობის პირობაზე ბევრი რამ გაგვიკეთებია, რომ პრობლემების ნაწილი, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მათთვის დღესაც აქტუალურია. პრაქტიკულ რჩევებს ვიღებთ და განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის გზებს. ვთხოვ, რომ პოლიციის სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ზედამხედველობის გამოცდილებაც გაგვიზიარონ.

სტუმრები ჩემს თანამშრომლებთან ერთად ლანჩზე გავუშვი, რამდენიმე სატელეფონო კონსულტაცია გავეცი. ჩვენი მძღოლი მაჩქარებს, ქალაქში ყველგან საცობებია და არ დაგაგვიანდესო. კანონპროექტი მთავრობის დღის წესრიგში პირველ საკითხადაა შეტანილი, მომხსენებელი შალვა თადუმაძეა. პროექტის წარდგენის შემდეგ რამდენიმე კითხვას ვუპასუხეთ. განხილვამ ძალიან კარგად ჩაიარა.

ცხოვრებაში პირველად დავესწარი მთავრობის სხდომას, ისიც მხოლოდ 20 წუთით. სტუმრებს უნდა მივაკითხო და პარლამენტში წავიყვანო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელ სიტყვას ვერ მივუსწარით, მაგრამ პოლონელი კოლეგა დავით უსუფაშვილს წარვუდგინე. დარბაზი სავსეა ნაცნობი სახეებით.

გადატვირთული დღის მიუხედავად, ჩემს პედაგოგიურ მოვალეობას პირნათლად ვასრულებ და 7 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მივდივარ. დღეს პრეზენტაციების დღეა. სტუდენტებმა კარგად და შემოქმედებითად გაართვეს თავი დავალებას. რამდენიმე რჩევას ვაძლევ და შეფასებებს ვწერ. მიხარია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ახალი სასწავლო კურსის შექმნაში ვახერხებ ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას და სტუდენტებთან ურთიერთობაში მეც ბევრ რამეს ვსწავლობ.

სანამ ლექციაზე ვიყავი, ჩემმა თანამშრომლებმა სტუმრები ძველ თბილისში გაასეირნეს. პირველად არიან საქართველოში და ვახშამზე შთაბეჭდილებას გვიზიარებენ, თან საინტერესო საკითხების განხილვასაც ვაგრძელებთ.

9 მაისი, პარასკევი
დღეს, ოფიციალურად, დასვენების დღეა, მაგრამ ვერ დავისვენებ. ნიკას აინტერესებს, დღეს სახლში ვიქნები თუ არა. რაც კვირის განმავლობაში შეხვედრების გამო ვერ მოვასწარი, მირჩევნია დღეს ავანაზღაურო და შაბათ-კვირას დავისვენო. ნიკას ვპირდები, რომ შაბათს კინოში წავიყვან. მთელი დღე მშვიდად და ინტენსიურად ვმუშაობ. მიყვარს ასეთი დღეები.

სტუმრები ამაღამ მიფრინავენ თბილისიდან.

10 მაისი, შაბათი
დღეს შაბათია. დატვირთული კვირის შემდეგ ოჯახური გარემო იდეალური განტვირთვაა. ხანდახან საქმეზე მაინც ვფიქრობ, კონსულტაციებზეც მირეკავენ, მაგრამ ამაში უჩვეულო და დამღლელი არაფერია.

4 საათზე რადიოში უნდა ვიყო დღიურის ჩასაწერად. არ ვიცი, რა გამომივიდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თანხმობის გარეშე სხვისი პერსონალური მონაცემები არ გამივრცელებია J, ხოლო ჩემი პირადი ჩანაწერები საკუთარი ნებით გავასაჯაროვე ლმობიერი მკითხველისთვის.
XS
SM
MD
LG