Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრობლემები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში, უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობა, პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ამ დრომდე ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში უშედეგოდ ელოდებიან 5 დღის წინ დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას. ვასილ კილაძე და რომან ლომიძე ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ბოლო დროს საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 20-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, ჯემალ ლომიძე, აცხადებს, რომ ცხინვალიდან მათთან კავშირზე არავინ გადის და ოჯახში არ იციან, დაკავებული რა მდგომარეობაში იმყოფება.

ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. სოფელს არა აქვს გაზი, ამიტომ ოკუპირებული ტეერიტორიების სიახლოვეს ტყეში გასვლა ადგილობრივებს შეშის დასამზადებლად უწევთ ხოლმე, სეზონზე კი ჯონჯოლის შეგროვება და რეალიზაცია წაღვლელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო ხდება, თუმცა ეს საქმე საკმაოდ რისკიანია. წაღვლის მცხოვრები კობა კილაძე აცხადებს, რომ სოფელს მეტი ყურადღება და უსაფრთხოება სჭირდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში სარწყავი წყლის, გაზიფიცირებისა და მოუწესრიგებელი გზების პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობა მიგრაციის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ზარდიანთკარში ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაბრუნდა. მანამდე ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობდნენ, რადგან სოფელი ოკუპირებული იყო. სოფელში დაბრუნებულ ზარდიანთკარელებს სახლები დაზიანებული და გაძარცული დახვდათ.

სოფელ ნიქოზში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ნაკეთებს ვერ ამუშავებენ. ნიქოზელები ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთხოვენ და დაკარგული ნაკვეთების სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლები სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა მოიარა და ქართულ სოფლებში მცხოვრებლებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რასაც ხელისუფლება საერთაშორისო დონორების დახმარებით ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აკეთებს. ზაქარეიშვილის თქმით, პირველი რიგის ამოცანა კონფლიქტის ზონის სოფლების გაზიფიცირება და სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების გადაჭრაა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ, ამ სოფლების მცხოვრებლები კი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG