Accessibility links

logo-print
წელს, პირველად, გორელები საკუთარი ქალაქის მერს აირჩევენ. ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ყოველდღიურად იზრდება და ამას კანდიდატების სიმრავლეც განაპირობებს. 15 ივნისს გორელებს სამი ბიულეტენი დაურიგდებათ. ერთში ხმას მერობის კანდიდატს მისცემენ, მეორეში დააფიქსირებენ საკუთარ ნებას პოლიტიკური პარტიების სიების მიმართ და ასევე აირჩევენ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გორი 5 მაჟორიტარულ ოლქად არის გაყოფილი. პარტიული კანდიდატების გარდა, ამ უბნებში საინიციატივო ჯგუფებმაც დააყენეს კანდიდატები. ამჟამად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, მერობის სამი კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია, კიდევ 5 კანდიდატი საბუთებს 16 მაისამდე წარადგენს.

„ერთიანობის დარბაზის“ მერობის კანდიდატი თამაზ მაყაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სიურპრიზები გამორიცხული არ არის, რადგან, მისი აზრით, ამომრჩეველი არჩევანს პოლიტიკური სიმპათიის გამო არ აკეთებს და მეტ ყურადღებას პიროვნების თვისებებს და შესაძლებლობებს აქცევს.

სხვა თითმმართველობის ექსპერტებთან ერთად, თვითმმართველობის რეფორმის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე. მიღწეული შედეგით იგი უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ რეფორმა მხოლოდ ახლა იწყება.

გორის მომავალი საკრებულო 15-კაციანი იქნება. 5 წევრი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, 10 კი პროპორციული სიებიდან მოხვდება საკრებულოში. თვითმმართველობის რეფორმის პროცესში უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე იყო პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე - მისი აზრით, ამ არჩევნებით ქვეყნის სრული დეცენტრალიზაცია შეუძლებელია. ტლაშაძის თქმით, სიანიციატივო ჯგუფების აქტივობა თვალშისაცემია, რაც არჩევნების მიმართ ინტერესს უფრო ზრდის.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს გორში ამომრჩეველთა მხოლოდ 42 პროცენტი წავიდა ხმის მისაცემად. ანალიტიკოსების აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ მერობის და გამგებლობის კანდიდატებს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ იმისათვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში იზეიმონ. პოლიტოლოგების აზრით, როცა ქალაქის მასშტაბით მერობის 8 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია, ერთ მათგანს პირველივე ტურში ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG