Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ახარებს მოსკოვს ევროპარლამენტის არჩევნები


რამდენიმე დღეში მთელ ევროკავშირში გაიმართება არჩევნები, რომელთა შედეგიც, სავარაუდოდ, სასიხარულო იქნება შორეული მოსკოვისათვის. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაზრდილია მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებისადმი და, შესაბამისად, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატების კარგი შანსი აქვთ. იქ კი შეეძლებათ დაადასტურონ მოსკოვის მიმართ სიმპათია, რომელსაც არც ახლა მალავენ. ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი დაინტერესდა კრემლის კურსისადმი დამოკიდებულებაში ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების უცნაური ერთსულოვნებით.

მიმდინარე თვეში ევროპარლამენტის არჩევნები, სავარაუდოდ, საგრძნობლად გაზრდის ამ ორგანოში რადიკალური პარტიების წარმომადგენლების რიცხვს. ევროკავშირში, რომელიც 28 ქვეყანას აერთიანებს, 22- 25 მაისს ჩატარდება არჩევნები საერთო პარლამენტის 751 წევრის ვინაობის გამოსავლენად.

საზოგადოებრივი აზრის არაერთი წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩევლები ნაკლები მხარდაჭერით „დასჯიან“ წამყვან პარტიებს - ბრუსელის ელიტაზე, ასე ვთქვათ, შურს იძიებენ ბოლო წლების „მომჭირნეობის პოლიტიკისა“ თუ იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემებისათვის. ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგებით, რადიკალურმა პარტიებმა (მათ შორის, როგორც ულტრამემმარჯვენეებმა, ისე ულტრამემარცხენეებმა), შესაძლოა, გააორმაგონ ევროპარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა, წინა, 2009 წლის, არჩევნებთან შედარებით...

ეს მშვენიერი სიახლე იქნება მოსკოვისათვის.

რუსეთის ტრადიციულად მხარდამჭერი ულტრამემარცხენეები, სავარაუდოდ, დამატებით 16 მანდატს მიიღებენ და 35 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი. გაცილებით უფრო შთამბეჭდავია ულტრამემარჯვენეების სავარაუდო შედეგი: მათ ევროპარლამენტში 100 მანდატზე მეტის მოპოვების იმედი აქვთ.

მემარჯვენე რადიკალურ პარტიებს შორის რუსეთისადმი მხარდაჭერა, მართალია, ერთნაირად ძლიერი არ არის, მაგრამ ულტრამემარჯვენეებს პუტინში, ჩვეულებრივ, მოსწონთ უარყოფითი დამოკიდებულება ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიმართ. ზოგი ულტრამემარჯვენე კი აღტაცებაში მოჰყავს რუსეთში ჰომოსექსუალებისა და იმიგრანტების შევიწროებას, ისევე როგორც სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას ეკონომიკაში.
„ვფიქრობ, ორივე მხარე იხეირებს. რუსეთის ხეირი შეიძლება იყოს ის, რომ ევროპაში მზარდი რადიკალური ბლოკი მტკიცედ პრორუსული იქნება და ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბრებს რუსეთის ინტერესებზე...
პიტერ კრეკო

არ ჩანს მტკიცებულებები, რომ კრემლი ფულს უხდის უცხოელ მემარჯვენე რადიკალებს, მაგრამ ცხადია, რომ ცდილობს მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებას. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარი ლე პენი წელს ორჯერ ეწვია რუსეთს და აღტაცებულმა ილაპარაკა ქვეყანასა და მის პოლიტიკურ კურსზე. ავსტრიელმა და უნგრელმა რადიკალებმა - „თავისუფლების პარტიამ“ და „იობიკმა“ - მეთვალყურეები გაგზავნეს ყირიმში მარტში გამართულ რეფერენდუმზე, რომელიც უკრაინის ამ რეგიონის რუსეთთან მიერთებას ეხებოდა და ხოტბა შეასხეს კენჭისყრას, მაშინ როცა ევროკავშირმა რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა.

ბუდაპეშტში დაფუძნებული „პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუტის“ მკვლევარი, პიტერ კრეკო, კარგა ხანია, აკვირდება კრემლთან ევროპელი ულტრამემარჯვენეების ურთიერთობას და ამბობს: „ვფიქრობ, ორივე მხარე იხეირებს. რუსეთის ხეირი შეიძლება იყოს ის, რომ ევროპაში მზარდი რადიკალური ბლოკი მტკიცედ პრორუსული იქნება და ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბრებს რუსეთის ინტერესებზე. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტიებს, მათთვის ხეირი შეიძლება იყოს ძლიერი მოკავშირის, ძლიერი მეგობრის ყოლა. მაშინ როცა ამ პარტიებიდან ზოგი ჯერ კიდევ საკმაოდ მარგინალიზებულია საკუთარ ქვეყანაში, ვფიქრობ, მათ ძალიან უხარიათ, რომ ჰყავთ ასეთი ძლიერი მეგობარი, რაც გააძნელებს მათ გვერდით გაწევას ეროვნულ და, მეტიც, ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე“.

ზოგადად, ექსპერტების შეფასებით, რადიკალური პოლიტიკური ძალები ევროპარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობის სავარაუდო გაზრდის შემდეგაც ვერ შეძლებენ გავლენა მოახდინონ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. წამყვანი ზომიერი პარტიები, რომლებიც რაოდენობრივად მაინც დიდ უპირატესობას შეინარჩუნებენ, უარს იტყვიან რადიკალებთან თანამშრომლობაზე, რადიკალებს არ ერგებათ გავლენიანი პოსტები ევროპარლამენტში.

მაგრამ, თუ ულტრამემარჯვენე პარტიები შეძლებენ ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას, მათ წელიწადში მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება ერგებათ, ისევე როგორც ულტრამემარცხენეებს - ფული, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრში კრემლის ინტერესების წარმოსაჩენად.
XS
SM
MD
LG