Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, 13 მაისს ერთი დღით ეწვია თბილისს. განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირსა და ნატოსთან, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო ყურადღება ეთმობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმში.

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც საგამოფენო ცენტრი ”ექსპო-ჯორჯია” მასპინძლობდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, დღის მეორე ნახევარში შეუერთდა. იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა, ფრანსუა ოლანდი მიიჩნევს ნდობის გამოხატულებად საქართველოს განვითარებისადმი და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, როდესაც ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტი, ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, ხოლო ფრანგი ბიზნესმენები უფრო ეფექტიანად დაიმკვიდრებენ ადგილს ქართულ ბაზარზე.
ევროპას უნდა ჰქონდეს 10-წლიანი, 20-წლიანი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ეს საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ საუკეთესო ფასებით და დავიცვათ გარემო...

ფრანსუა ოლანდი თვლის, რომ საქართველომ, ბოლო ორი წელიწადია, ახალი აღმასვლა დაიწყო და რომ ქვეყანას აქვს ხიბლი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მხრივ სახელდება, მაგალითად: სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო საკანონმდებლო და ფისკალური მიმართულებებით; ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მთავრობის ნება განაგრძოს რეფორმების განხორციელება. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ჭრილში განიხილავს და წლებზე გათვლილი გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

”ევროპას უნდა ჰქონდეს 10-წლიანი, 20-წლიანი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ეს საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ საუკეთესო ფასებით და დავიცვათ გარემო. ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს საკუთარი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საქართველოსთან ერთად”.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და მისი შემადგენელი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის -ამოქმედების შედეგად, ინვესტიციების მოზიდვის უფრო ფართო შესაძლებლობებს ხედავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. როგორც მან აღნიშნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო უკვე მზად არის ამისათვის:

”ინვესტორებსა და ბიზნესს სთავაზობს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს, მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ და კონკურენტულად განფასებულ სამუშაო ძალას”.
ეს არის, რასაკვირველია, საფრანგეთის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის, ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ...

დაისვა შეკითხვა - რამდენ ხანში მოახერხებს საქართველო დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები, რაც გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორებისა და ექსპერტების დახმარებით ეს პროცესი ”მოკლე დროში” განხორციელდება. თუმცა ”სიხისტეს არ უნდა ჰქონდეს ადგილი” და გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივ მწარმოებელთა ინტერესები.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობამდე საფრანგეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს პირისპირაც შეხვდნენ და მთავრობის გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთადაც. ფრანსუა ოლანდმა არაერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ პარიზი დიდად აფასებს საქართველოს თანხმობას საფრანგეთის მხარდამხარ ჩაებას სამშვიდობო ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამ საკითხს ფრანსუა ოლანდმა ხაზი გაუსვა საღამოსაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს. მან თქვა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის იმედი, თუმცა რაც შეეხება მხარდაჭერას ნატოს შემოდგომის უელსის სამიტზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა შენიშნა, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ”აბსტრაქტული პროცედურა”, რათა არ გართულდეს სიტუაცია და რომ აუცილებელია სიბრძნე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, ”საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში. საგარეო უწყება მიესალმება ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერას და საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს დიდ პატივად აღიქვამს“:

”ეს არის, რასაკვირველია, საფრანგეთის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის, ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს”.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით კი, საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა, მნიშვნელოვან მხარდაჭერასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოს კეთილმოსურნეების, ასევე არაკეთიულმოსურნეებისთვისაც.
XS
SM
MD
LG