Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გეგმავს აშშ-ის მონაწილეობით პროექტების შეწყვეტას


სააგენტო „ინტერფაქსს“რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განუცხადა, რომ ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინის 13 მაისის ყველა განცხადება აშშ-ის მონაწილეობით პროექტების შეჩერებაზე შეთანხმებულია მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან. 13 მაისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე როგოზინმა აღნიშნა, რომ 1 ივნისიდან რუსეთი აპირებს შეაჩეროს ამერიკული GPS სადგურების მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე. ვიცე-პრემიერმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთს განზრახული აქვს აკრძალოს აშშ-ისთვის სარაკეტო ძრავების მიწოდება. ასეთ ძრავებს აშშ ამერიკული სამხედრო თანამგზავრების გასაშვებად იყენებს. დმიტრი როგოზინის განცხადებით, მოსკოვი აღარ აპირებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენებას 2020 წლის შემდეგ. ვიცე-პრემიერის თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულში მოსკოვი წარმოადგენს დეტალურ გეგმას 2020 წლის შემდეგ კოსმოსური პროექტებისთვის განკუთვნილი რესურსების გადამისამართების შესახებ. 13 მაისს როგოზინმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს მაღალი ტექნოლოგიების პროექტების გაგრძელება „არასანდო პარტნიორთან“, რომელიც „ყველაფრის პოლიტიზაციას ახდენს“. რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსეთის სეგმენტს „შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა“, ამერიკული კი ვერ იმუშავებს რუსეთის სეგმენტის გარეშე. აშშ-ის მიერ კოსმოსური ხომალდის პროგრამის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის „სოიუზი“ არის ერთადერთი საშუალება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად და მათ უკან დასაბრუნებლად. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) აცხადებს, რომ კოსმოსის სფეროში თანამშრომლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე რუსეთს არაფერი შეუტყობინებია.
XS
SM
MD
LG