Accessibility links

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერს ხელს


საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს 27 ივნისს მოაწერს - განაცხადა თბილისში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან, ჰერმან ვან რუმპესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მინდა თბილად მიგიღოთ ბრიუსელში, ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად“ - ასე მიმართა ჰერმან ვან რუმპემ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერება ხელი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ მოაწერს ხელს საქართველოს მხრიდან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველო და არა პერსონალურად ის. დღესვე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობა აწარმოებდა, ის არის პასუხისმგებელი შეთანხმების შესრულებაზეც და შესაბამისად, დოკუმენტს ხელს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს.
XS
SM
MD
LG